თამაზ ჩიქვანაია.
ჩვიდემტი წლის ჭაბუკი თბილისის „დინამოში“ მოხვდა და ოთარ ქორქიას, ნოდარ ჯორჯიკიას, ლევან ინწკრიველის გვერდით მოუწია თამაში.
ეს 1953 წელს მოხდა, შემდეგ 14 წლის მანძილზე ერთგულად ემსახურა საყვარელ გუნდს, იყო იმ თაობის კაპიტანი, რომელმაც 1962 წელს ჟენევაში, მადრიდის „რეალი“ დაამარცხა და ევროპის ჩემპიონთა თასი თბილისში ჩამოიტანა.
გურამ მინაშვილი, მეგობრობისთვის „კაპუსტა“, დიდი კალათბურთელი და ლიდერის თავისებებით დაჯილდოებული პიროვნება – როგორც მოედანზე ისე მის გარეთ. 90-იან წლებში, მასთან სტუმრად მიმიყვანა პირველმა ქართველმა დიდოსტატმა, მოჭადრაკე ბუხუტი გურგენიძემ. ორი საათი ვისაუბრეთ. ბევრი რამ გაიხსენა. ახლა ორ ამბავს მოგითხრობთ მისი ნაუბრიდან.
– ყველზე მეტად გული მწყდება 1959 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა რომ წაგვართვეს. ჩილეში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, კენჭისყრა რომ შედგა, ჩვენს ქვეჯგუფში მოხვდა ტაივანის ნაკრები, რომელიც ჩინეთის სახელით ასპარეზობდა. მოსკოვიდან მოვიდა დირექტივა: ჩვენს მეგობარ ქვეყანა ჩინეთს ვერ ვაწყენინებთ, ამიტომ ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებთო. როდესაც ეს ორგანიზატორებმა გაიგეს, შეშფოთდნენ და უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს, ხელახალი კენჭისყრით ტაივანი სხვა ქვეჯგუფში გაამწესეს, საიდანაც შემდეგ ეტაპზე მათი გასვლა ნაკლებ სავარაუდო იყო.ქვეჯგუფში ყველა დავამარცხეთ, მათ შორის ბრაზილიაც და ბედის ირონიით, მომდევნო ეტაპის ბოლო შეხვედრა მაინც ტაივანთან მოგვიწია, რომელმაც სასწაული მოახდინა და ნახევარფინალურ ეტაპზე გააღწია. მანამდე, ხელმეორედ ვძლიეთ ბრაზილიელებს და პირველად ისტორიაში დავამარცხეთ ამერიკელები. მოკლედ დადგა ტაივანთან შეხვედრის დრო, ჩვენმა მწვრთნელმა სპანდარიანმა მოსკოვში დარეკა და, რა თქმა უნდა, თამაში აგვიკრძალეს, სპანდარიანი ემუდარა, რომც წავაგოთ მსოფლიოს ჩემპონები ვხდებით, მაგრამ თუ არ ვითამაშებთ მოგვხსნიანო. არაფერმა არ გაჭრა. მეორედ უკვე აღარ გვაპატიეს ჩემპიონატის მომწყობებმა და ოქროს მედლები ჩვენგან ორჯერ დამარცხებულ ბრაზილიელებს ჩამოურიგეს.
ყველაზე მეტად ეამაყებოდა იმავე, 1959 წელს, ხალხთა სპარტაკიადაზე ლიტველთა ძლევა, როცა სამმა ქართველმა ხუთ ლიტველს გამარჯვება არ დაანება. მიუხედავად იმისა, რომ მის კოლექციაში ევროპის ჩემპიონის რამდენიმე მედალი და რომის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის ჯილდოც მოიპოვება, ყველაზე დიდ წარმატებად 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის აღება მიაჩნდა, რადგან ეს, ბატონი გურამის აზრით, იყო წმინდა ქართული ჯილდო, თანამემამულეებთან ერთად მოპოვებული.
1963 წელს,ამერიკული ტურნეს დროს, საბჭოთა ნაკრები ქალაქ დენვერის პროფესიონალთა გუნდს შეხვდა, რომელიც იმხანად ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. ძირითადი დრო 82:82 დასრულდა, დამატებითი ხუთი წუთი კი ამერიკულმა პრესამ გურამ მინაშვილის ბენეფისად მონათლა. სწორედ მისი 9 ქულა აღმოჩნდა გადამწყვეტი იმ გამარჯვებაში. შეხვედრის შემდეგ, ამერიკელებმა გურამ მინაშვილსა და ვიქტორ ზუბკოვს პროფესიონალებში გადასვლა შესთავაზეს, მაგრამ, ცხადია, იმ დროს ეს შეუძლებელი იყო.
სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ დავადგინე, რატომ ეძახდნენ „კაპუსტას“. მოსმენილი ვერსიები საიმედოდ არ მეჩვენა. თავად კი ამ თიკუნთან დაკავშირებით ერთი ისტორია მოყვა. მოგეხსენებათ, ბატონი გურამის მეუღლე, თამარი, კონსტანტინე გამსახურდიას შვილი გახლდათ. დიდ მწერალთან, ვიღაცამ,სასიძო მეტსახელით მოიხსენია და მასაც განაწყენებულს უკითხავს: კაცო, შვილი კომბოსტოს როგორ გავატანოო…
მსოფლიოს უგვირგვინო ჩემპიონი 2015 წლის 1 მარტს, 79 წლისა გარდაიცვალა. მახსოვს, ერთმა ჟურნალისტმა მოსწრებულად აღნიშნა: დღეს ქართული კალათბურთის ინტელექტს ვაცილებთო…