თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 4,3 კმ-იანი მონაკვეთის (კმ.224-კმ.228) რეაბილიტაცია დასრულდა, იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. რეაბილიტირებული მონაკვეთი სოფ. ნახშირღელესთან იწყება და ქ. ქუთაისის შესასვლელთან მთავრდება.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთი მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა და მისი რეაბილიტაცია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, ზოგადად, გზის მომხმარებლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობამდე, ეს მონაკვეთი ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის ნაწილი იყო, სადაც საერთაშორისო მიმოსვლა (გარდა სატრანზიტო მიმოსვლისა) ამჟამადაც ხორციელდება. ამასთანავე, გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს: ჭოგნარსა და კვახჭირს ქალაქ ქუთაისთან აკავშირებს.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდა: გზის სავალი ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგების; ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ტროტუარების, საგზაო ნიშნებისა და მიმმართველი ბოძკინტების მოწყობის; გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და ქ. ქუთაისის შესასვლელში მდებარე ხიდზე სავალი ნაწილის განახლების სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 მილიონ 143 ათას 900 ლარი შეადგინა.