თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა კომპანიამ «ჰენკელი» გარდაბნის მუნიციპალიტეტში წებოვანი სამშენებლო მასალების საწარმოს მშენებლობა დაიწყო, იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
„ძალიან სასიხარულოა რომ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა ჰენკელი, შემოდის საქართველოში და ჩვენს რეგიონში პირველად. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მე მქონდა დავოსში იანვარში და სწორედ ეს შეხვედრა გახდა გადამწყვეტი. მისასალმებელია, რომ გერმანული დისციპლინა და ხარისხი შემოდის საქართველოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ეს იქნება «ჰენკელის» პირველი საწარმო საქართველოში და იგი ფუნქციონირებას დაიწყებს 2016 წლიდან. წარმოებული პროდუქცია წებოვანი სამშენებლო მასალები გაიყიდება როგორც ადგილზე, ასევე მოხდება ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ქიმიურ სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია «ჰენკელი» დაფუძნდა გერმანიაში. მსოფლიო მასშტაბით, «ჰენკელი» ასაქმებს 50 000 ადამიანს და მისმა გაყიდვებმა 2014 წელს 16.4 მილიარდი ევრო შეადგინა. საწარმოში მშენებლობის პროცესში და ამუშავების შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
კომპანია „ჰენკელი“ საქართველოთი პირველად 2013 წელს დაინტერესდა. 2013-14 წლებში სწავლობდა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. მოინახულა როგორც სახელმწიფო ისე კერძო საკუთრებაში მყოფი სხვადასხვა მიწის ნაკვეთები. საწარმოში, რომელშიც 8 მილიონი დოლარი ჩაიდება, 35 ადამიანი დასაქმდება.