მედია არა – იხვის ტოლმა!

© photo: Sputnik / Фотохост-агентство / გადასვლა მედიაბანკშიმედია
მედია - Sputnik საქართველო
გამოწერა

  მერაბ ხაჩიძე

  აბა, მედია რა მედიაა, სკანდალისთვის თუ არ უკაწკაწებს კბილები. პროდუსერებისა და გადაცემის წამყვანებისაგან „საშოვარზე“ გამოშვებული ჟურნალისტები დარბიან აღმა–დაღმა, ბრიფინგიდან — ბრიფინგზე, სამინისტროდან – პარლამენტში, იჩხრიკებიან სოციალურ ქსელსა და სააგენტოების ინფორმაციებში,  ეძებენ, ეძებენ, ეძებენ, მაგრამ რაც არ არის, როგორ გინდა იპოვო?! 

  ვხუმრობ, რასაკვირველია. ნამდვილი სკანდალი რა არის, ის არ იციან და არც არავის აუხსნია მათთვის, თორემ სასკანდალოს და სავიშვიშოს ჩვენში რა გამოლევს.  …მაგრამ „შინ“ ხელცარიელი ხომ არ მიხვალ, რაღაც ხომ უნდა მიიტანო?!.  ჰოდა, ასეთი უვიცობისა და „ხელდამშვენებულობის“ ბრალია, უამრავი სისულელე „აღმოჩენად“ და „ექსკლუზივად“ რომ საღდება ხოლმე… 

 თუ ფეხბურთის ფედერაციის, ანდა საგარეჯოში შუალედური არჩევნებისას, რომელიმე კალაძე და ხიდაშელი როგორც პირდაღებულ ლოქოს ისე, თავისით არ ჩაუვარდა ხახაში, სხვაგვარად ჩვენს ჟურნალისტებში სკანდალის შეგრძნების რეფლექსი არ მუშაობს. ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმი იმდენად ჩასცდა ნულოვან ნიშნულს, რომ სკანდალს ვინ ჩივის,  განგაშის ზარმაც, შეიძლება, ვეღარ გვიშველოს. ქვეყნის იუსტიციის საბჭომ ანგარიშის ჩასაბარებლად თავისთან დაიბარა,,რუსთავი —2“–ისა და ქიბარ ხალვაშის სადაო საქმის განმხილველი მოსამართლე – თამაზ ურთმელიძე. სკანდალზე თუ მიდგა საქმე, უკეთეს საკბილოს ჟურნალისტი ვერ ინატრებდა. საქართველოს ისტორიაში პირველად – მოსამართლემ ასეთ მიპატიჟებაზე  უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე იუსტიციის საბჭოსთვის ანგარიშის ჩაბარება, ქართული სასამართლოს პრესტიჟს შელახავდა.

 ეს ინფორმაცია უწყინარი „ჟურნალია“ იმ „კინოსთან“ შედარებით, მერე რომ გაჟღერდა. აღმოჩნდა, რომ არა თუ საბჭოს მოსამართლე წევრები, თვით იუსტიციის საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძეც კი ამ მიწვევის შესახებ საქმის კურსში არ იყო. რა მიზანს ემსახურებოდა იუსტიციის საბჭოს ეს უდაოდ საეჭვო და სადაო აქცია, ეს სხვა საუბრის თემაა. სათქმელი სხვა რამეა. როცა  სრულიად საქართველოს მედია ასეთ მსუყე ლუკმას რიგით ინფორმაციაში გაატარებ, სულ ცოტა – შეკითხვის უფლება მაინც უნდა დაგვიტოვო. მამაცხონებულებო, თქვენში მართლა ასე ბნელა?! ანდა უფრო სკანდალურსა და საინტერესოს რას და სად ეძებთ?!  მეორე შეკითხვაც გვაქვს, მაგრამ ტაქტი და ზრდილობა ყველაფრის ხმამაღლა კითხვის უფლებას კრძალავს და გვიზღუდავს.

 რაც წაიკითხეთ, თამაშია იმასთან შედარებით, რასაც ახლა გეტყვით. ამ დღეებში ისედაც აბსურდის თეატრად ქცეული მედია ისე გაერთო გვარამია – ამერიკის ელჩისა და საერთოდ,,,რუსთავი 2“–ის ამოუწურავი თემით, რომ ვგონებ, საერთოდ განზე დარჩა და დაავიწყდა, სად ცხოვრობს.  ხუთიდან ექვსი ნოემბრის ჩათვლით – რატომ, რისთვის და რა საშურ საქმეებზე სალაპარაკოდ ჩამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ამის სრულყოფილი და ანალიტიკური გაშუქების ხარისხი იმის სინდისზეა, ვინც ამით იყო დაკავებული, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. ალიევი შეხვდა უწმინდესსა და უნეტარესს – ილია მეორეს, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ამის შემდეგ ექვს ნოემბერს კიდევ შედგა ერთი, არაოფიციალური შეხვედრა, მაგრამ ამის შესახებ…

 თბილისში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში, მისი და ილჰამ ალიევის ცალკე, მოწმეების გარეშე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია  საქართველოს მოსახლეობამ და ქართველმა ჟურნალისტებმა ერთდროულად გაიგეს – ოღონდ, ამჯერად — აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოებისა და იქაური ტელევიზიების საშუალებით.  

— რას იზამ, ჩვენში იმდენი რამ ხდება სკანდალური და საინტერესო, რომ ზოგჯერ ჟურნალისტს  „რაღაც“ გამოგეპარება კიდეც…. ესეც თქვენი სკანდალი, მაგრამ ამჯერად აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის. ვითომ იმათაც გამოეპარებათ?!

— არა, მაინც უნდა ვთქვა რა!.. — მედია არა – იხვის ტოლმა!…

 

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0