ნინო ცხოიძე
როდესაც ტოლერანტობაზე ვსაუბრობთ, მაგალითად ხშირად მოგვყავს ხოლმე თბილისის ძველ უბანში, ერთმანეთის გვერდიგვერდ მართლმადიდებლური ეკლესიის, მეჩეთისა და სინაგოგის მშვიდობიანი თანაარსებობის ფაქტი.,,კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა, იქ ილოცეო”- მღერის ქართველი და სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები სწორედ ამ პრინციპის გამო გრძნობენ საქართველოში თავს ყველაზე უსაფრთხოდ და ბედნიერად. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს, არაერთ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, საბედნიეროდ, რელიგიური შუღლის ჩამოგდება ჩვენთან მაინც შეუძლებელი გახდა. რადგან ქართველებისა და ებრაელების 26 საუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც მართლაც უნიკალურია მთელ მსოფლიოში, ყოველგვარ ბინძურ პროვიკაციაზე მაღლა დგას…
ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა,,ებრაულ სახლში“ ცნობილ ქართველ ებრაელ ქალბატონს, ზაირა დავარაშვილს შევხვდი. მრავალფეროვანია,,ებრაული სახლის“ საქმიანობა. აქ ყოველთვიურ ტრადიციულ შეხვედრებზე,,ჩვენ საქართველოს ქალები” 13 ეროვნების ქალი იკრიბება.,,ებრაული სახლი“ უშვებს ჟურნალ-გაზეთებს და სხვადასხვა სახის საინტერესო ღონისძიებებს ატარებს.
საოცარია, რომ ქალბატონი ზაირა 40 წელს გადაცილებული ყოფილა, როცა მშობლიური ენის სწავლა დაუწყია, თუმცა, როგორც თავად მითხრა ღიმილით:,,ჩვენ, ებრაელები ივრითს კი არ ვსწავლობთ, — ვიხსენებთო“. ახლა იგი თავადაც ასწავლის სხვებს იმ ენებს, რომელიც სამშობლოსავით ორია…
ზაირა დავარაშვილი: "სენაკში მწერალ ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამო ჩატარდა, რომელიც მის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. იგი რამდენიმე წლის წინ წავიდა ისრაელში, სადაც ქართულ საელჩოს ჩაუდგა სათავეში. მწერალს ძალიან უყვარდა სენაკი და მეგრულადაც შესანიშნავად საუბრობდა. ყველასათვის საყვარელ ადამიანს მის მშობლიურ ქალაქში უდიდესი პატივი მიაგეს. საღამოზე გამგებელმა გოჩა დგებუაძემ ერთი ასეთი ამბავი გაიხსენა, ერთხელ საკონტროლო წერის დროს დავალებად ჰქონიათ თემა: "საქართველოს ეთნოსები”. ხუთოსანი ყოფილა და მასწავლებელს ამ თემისთვის ოთხიანი დაუწერია და როცა მას მიზეზი უკითხავს, მასწავლებელს ასე აუხსნია: ყველა ეთნოსი ჩამოთვალე: სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები და ა.შ. მაგრამ ებრაელებზე არაფერი გიწერიაო. მასაც გაკვირვებია, ესენი ხომ ჩვენები არიანო?..”
ქალბატონი ზაირა წუხს, რომ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში ჯერაც ბევრი რამაა გამოსაკვლევი, მაგრამ საქართველოში თანდათან სულ უფრო ცოტა ებრაელი რჩება.
ზაირა დავარაშვილი: "ჩვენი თაობაც წავა. მომავალ თაობას კი არც კლასელი ჰყავს ქართველი ებრაელი და არც მეზობელი. ის სითბო და ურთიერთობა თანდათან ქრება. თუმცა იქ წასულები საქართველოს მუდამ სითბოთი იხსენებენ და ცდილობენ, აქ ხშირად ჩამოვიდნენ. ისრაელში ჯერ კიდევ ცოცხლობს ქართული სიტყვა და ცეკვა, არის ქართული ტელევიზია და გაზეთი. ბებიები შვილიშვილებს ქართულად ესაუბრებიან და ოჯახები ენასაც ინარჩუნებენ, მაგრამ ორი-სამი თაობის შემდეგ რა იქნება, ძნელი სათქმელია. ეთნოკონფლიქტების ეპოქაში ჩვენ მზად ვართ, რომ მსოფლიოს საუკუნეების მანძილზე გამოწრთობილი და ნაცადი ამ ორი, სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ერის მეგობრობის მოდელი შევთავაზოთ“ - ამბობს ზაირა დავარაშვილი.
საქართველოში ბევრი ცნობილი ქართველი ებრაელია, სხვადასხვა სფეროში წარმატებით რომ მოღვაწეობს. მათ შორის: დრამატურგი გურამ ბათიაშვილი, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი და სხვები. ისინი თავიანთ ისტორიულ სამშობლოში ალბათ ბევრად უფრო უზრუნველად იცხოვრებდნენ, მაგრამ მათ, ქალბატონი ზაირას მსგავსად, საქართველოში დარჩენა ამჯობინეს.
ზაირა დავარაშვილს და მის მეუღლეს შვილები, შვილიშვილები და დედმამიშვილებიც ისრაელში ჰყავთ და ისინი მათი მონატრებით ცხოვრობენ. ერთხელ მისთვის მეგობარს უკითხავს, შვილებს შეელიე და საქართველოს რით ვერ ელევიო? მისი პასუხი ასეთი იყო:,,მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე, აქ დავოჯახდი და ქალობაშიც აქ შევდგი ფეხი. რომ წარმოვიდგენ, ოდესმე დავტოვებ ამ ქალაქს, მაშინვე ცუდ ხასიათზე ვდგები და ნოსტალგია მიპყრობს. მერე თვითონ ვამხნევებ ჩემს თავს: რა გემართება ზაირა, ჯერ ხომ აქ ხარ-მეთქი?!.. 16 წლის წინ, ჰოლანდიაში ებრაული განათლების წარჩინებულ მუშაკთა კონფერენციაზე ვიყავი მიწვეული. ჩემი სიტყვით გამოსვლის დროს სამხრეთ-აფრიკიდან ჩამოსული ქალბატონი წამოდგა და მთხოვა, რომ რუკაზე მეჩვენებინა, სად იყო ის ქვეყანა, საიდანაც ჩამოვედი და რომელზეც ასე სითბოთი და სიყვარულით ვყვებოდი. ჯემალ აჯიაშვილს აქვს ასეთი სიტყვები:,,ვინ იცის, იქნებ ქართველთა და ებრაელთა სიყვარულსა და თანადგომაშია გაცხადებული ის მისტერია, XXI საუკუნის დაღლილ კაცობრიობას სასიცოცხლო დვრიტად რომ გამოადგება”.
როგორც ქალბატონი ზაირა ამბობს, ენით გამოუთქმელია ის მღელვარება, რაც ქართველმა ებრაელებმა დიდი ხნის შემდეგ,,,თბილისი-თელ-ავივის“ პირველი რეისით საქართველოში ჩამოსვლისას განიცადეს. მათ ხომ თხუთმეტი, ჩვიდმეტი, ოცი წელი ფეხი არ ჰქონდათ დადგმული საყვარელ საქართველოში… `
ზაირა დავარაშვილი: ,,აქ ჩამოსული ქართველები მიწას, სახლის კარებს და ეზოების ჭიშკრებს ჰკოცნიდნენ. მე მაზლის ცოლი მყავს გორიდან. ერთხელ ტელეფონზე დამირეკა და მომიკითხა. ვუთხარი, ხვალ გორში მივდივარ-მეთქი. ტირილი დაიწყო და მთხოვა, თუ ჩემს ქუჩაზე მოხვდები, ჩემი სახლის კედელებს ხელით მოეფერეო… მერე კი თვითონაც ჩამოვიდა. ჩემი მაზლისშვილი ისრაელში დაიბადა და საქართველოში სტუმრობისას დედამისს დაურეკა და ასე უთხრა: ასეთი ლამაზი ქვეყანა როგორ დატოვეთ და აქედან როგორ წახვედითო?! ”. ბევრმა ისრაელში წასვლის შემდეგ კალამიც კი აიღო ხელში და საქართველოსადმი თავისი დამოკიდებულება, სიყვარული თუ ნოსტალგია მწერლობასა და პოეზიაში გამოხატა. ხშირად ხუმრობით ვამბობ, რომ ისინი,,წერასატანილები“ არიან მეთქი. ძალიან მიყვარს ეს სიტყვები, რომელსაც ყველა ქართველი ებრაელი ამბობს:,,თბილისში ვარ — ისრაელის მზეს ვფიცულობ, იქა ვარ და საქართველოს მშვენებას!“.. ჩვენ გვინდა, რომ ეს ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში გადაიზარდოს. სასიხარულოა, რომ ისრაელიდან საქართველოში დელეგაციები საქმიანი ვიზიტებით ჩამოდიან, საქართველოს ხელისუფლებაც ასევე ხშირად სტუმრობს ისრაელს. ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე მეათედ რომ ეწვია საქართველოს, ვკითხე, ეგებ კარგად გამოიძიოთ ქართული ფესვები ხომ არ გაქვთ-მეთქი? მან კი მიპასუხა: ფესვები არა მაქვს, მაგრამ ჩემი ნახევარი გული საქართველოშიაო. იქნებ, ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს, ჩვენი ერები ამის ღირსნი არიან“…