თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში გაემგზავრა, იუწყება სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური სამშაბათს, 10 ნოემბერს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ნიკოლაოს ვუცისთან (Nikos Voutsis).
„შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ, კერძოდ, საუბარი შეეხება საბერძნეთის მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების რატიფიკაციის საკითხს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საბერძნეთში ასევე დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, ბერძენ ბიზნესმენებთან ერთად დავით ბაქრაძე საქართველოს რეფორმებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაციას დაესწრება.
ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში მოაწერეს ხელი ასოცირების შეთანხმებას. ახლა დოკუმენტი ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს მხრიდან რატიფიკაციის პროცესს გადის. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი 18 ივლისს, ევროპარლამენტმა კი 18 დეკემბერს დაამტკიცა.
ამ დროისათვის შეთანხმების რატიფიცირება ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 25-მა მოახდინა, რატიფიცირების შესახებ დოკუმენტს ბელგია, საბერძნეთი და იტალიაც განიხილავს.
!-- —>
!-- —>