თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „ისლამური სახელმწიფოს“ მითოლოგიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ეს რეალური საფრთხეა, რომელსაც მსოფლიო მანამდე არ შეჯახებია, — იუწყება "სპუტნიკ უზბეკეთი".
ზახაროვამ ევროპული და აზიური მედიის მერვე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ საფრთხის ხარისხით აბსოლუტურად განსხვავებული გაერთიანებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და მთელ მსოფლიოს ემუქრება.
„თუ „ისლამურ სახელმწიფოს“ სხვა, მანამდე ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაციებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ეს ხარისხობრივად აბსოლუტურად განსხვავებული საფრთხეა. მათ არანაირი მუხრუჭი არ აქვთ, ისინი არ აღიარებენ ცივილურ სამყაროში საყოველთაოდ მიღებულ არც ერთ იდეოლოგიას. ისინი იბრძვიან ხალიფატის შექმნისთვის. ამასთან, ეს რაღაც ველური ტომები კი არ არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ დედამიწაზე, არამედ ეს რეალური ძალებია, რომელთაც თანამედროვე იარაღი აქვთ, ხოლო მათი გავლენა მსოფლიოზე სწრაფად იზრდება“, — აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, მსოფლიო თანამეგობრობის ერთ–ერთი პრობლემა ის გახლავთ, რომ არც რეგიონის ქვეყნებსა და არც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებულ კოალიციაში შემავალ სახელმწიფოებს მკვეთრად არ აქვთ გამიჯნული, ვინ შერაცხონ ტერორისტად და ვინ — არა.