„ბრალდებები თითიდანაა გამოწოვილი“ — ვიტალი მუტკო დოპინგ–სინჯების შესახებ

გამოწერა

რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს იმ მოხსენების შესახებ, რომელშიც საუბარია რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების გამოყენებაზე. 

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) კომისიამ 9 ნოემბერს ჟენევაში წარადგინა ანგარიში, რომელშიც საუბარია რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების არასწორ გამოყენებაზე. სააგენტომ რუსეთის მთელი რიგი ორგანიზაციები და ფუნქციონერები, მათ შორის, მინისტრი მუტკო, დოპინგ–შემთხვევების მასიურად დაფარვაში დაადანაშაულა და შესაბამისად, მსუბუქი ათლეტიკის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციას (IAAF) რეკომენდაცია მისცა, შეაჩეროს სრულიად რუსეთის მსუბუქი ათლეტიკის ფედერაციის მოღვაწეობა, ხოლო რუსი სპორტსმენები ჩამოაშოროს ყველა იმ შეჯიბრებს, რომლებიც ასოციაციის ეგიდით ტარდება — რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადის ჩათვლით.  

„ეს ბრალდებები, რაღა თქმა უნდა, თითიდან გამოწოვილია, ვინაიდან დღეს რუსეთის ანტიდოპინგური სამსახურები დამოუკიდებლები არიან. ისინი ვერტიკალურად ექვემდებარებიან WADA–ს და ეს ყველაფერი აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებია, სახელმწიფო მხოლოდ აფინანსებს ამ სამუშაოს“, — განაცხადა რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ. 

დოპინგის პრობლემა არ გადაიჭრება რუსეთის იზოლაციით ან ამა თუ იმ სპორტის სახეობის დისკვალიფიკაციით. მისი გადაჭრა მხოლოდ ერთობლივად შეიძლება, — აღნიშნა მან. 

WADA–ს დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელი რიჩარდ ფაუნდი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში ანგარიშის გამოქვეყნება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დირექტორთა საბჭომ უნდა მოასწროს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.  

„ჩვენი რეკომენდაცია 2016 წელთან დაკავშირებით ასეთია: რუსეთის ფედერაცია უნდა იყოს დისკვალიფიცირებული“, — განაცხადა ჩინოვნიკმა. 

IAAF–ის ხელმძღვანელმა სებასტიან ქოუმ განმარტა, რომ რუსეთის მსუბუქი ათლეტიკის ფედერაციამ კვირის ბოლომდე უნდა უპასუხოს WADA–ს ბრალდებებს.  IAAF–ი კვირის ბოლომდე ვარაუდობს შესაძლო სანქციების გამოცხადებას. ამასთან ქოუმ აღნიშნა, რომ რუსეთის ნებაყოფლობითი უარი IAAF–ის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობაზე „გონივრული ნაბიჯი“ იქნებოდა.

გასული წლის დეკემბერში გერმანულმა ტელეარხმა ARD–მა ეთერში გაუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ავტორი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის სისტემატიურად გამოყენებაზე საუბრობდა. ფილმში ნაჩვენებია მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც 800 მეტრზე რბენაში ოლიმპიური ჩემპიონი მარინა სავინოვა ყვება, როგორ იღებდა დოპინგს. არის სხვა ეპიზოდიც, სადაც მწვრთნელი ვლადიმირ კაზარინი სხვა სპორტსმენს აძლევს აკრძალულ პრეპარატს. ფილმში მოყვანილია მტკიცებულებები, თუ როგორრ გადაუხადა დოპინგის გამოყენებაში მხილებულმა საერთაშორისო მარათონების მრავალჯერ გამარჯვებულმა ლილია შობუხოვამ რუსეთის მსუბუქი ათლეტიკის ფედერაციის ხელმძღვანელობას 450 ათასი ევრო, რათა იგი 2012 წლის ლონდონის ოლიმპადაზე დაეშვათ. 


ყველა ახალი ამბავი
0