ბეჭედი „ შავ ყუთში“: ხელის თხოვნა გადაცემა „რა? სად? როდის?“ პირდაპირ ეთერში

© facebook.com/gametv.geბეჭედი „ შავ ყუთში“: ხელის თხოვნა გადაცემა „რა? სად? როდის?“ პირდაპირ ეთერში
ბეჭედი „ შავ ყუთში“: ხელის თხოვნა გადაცემა „რა? სად? როდის?“ პირდაპირ ეთერში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული „რა? სად? როდის?“ მონაწილის მიერ პირდაპირ ეთერში ხელის თხოვნის ამსახველმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო და უამრავი აღფრთოვანებული კომენტარი დაიმსახურა, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე სხვა გასართობ ინტერნეტპორტალებზე.

გასულ უქმეებზე გადაცემა „რა? სად? როდის?“ შემოდგომის სეზონის ბოლო თამაშის ამაღელვებელ და მოულოდნელ დასასრულს მოაზროვნეები და ტელემაყურებლები ერთად ადევნებდნენ თვალყურს. ტელეარხ „რუსთავი 2–ის“ პოპულარული გადაცემის პირდაპირ ეთერში გუნდის ახალგაზრდა კაპიტანმა სანდრო ლორთქიფანიძემ ხელი სთხოვა შეყვარებულს. 

საყვარელი გოგონასათვის, ანი მარდალეიშვილისათვის, რომელიც ასევე გუნდის წევრია, ახალგაზრდა მამაკაცმა სასაცილო სცენარი მოიგონა. ხოლო იმისათვის, რომ ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებრივი გამოსულიყო, სანდრო ლორთქიფანიძემ კლუბის პრეზიდენტისა და გადაცემის წამყვანის, გიორგი მოსიძისგან დახმარება ითხოვა. 

თამაშის დასასრულს მოსიძემ, როგორც ეს მომავალ საქმროს ჰქონდა ჩაფიქრებული, ლორთქიფანიძე ახლგაზრდა თაობის გუნდების კაპიტნებს შორის საუკეთესოდ დაასახელა და მას საკაპიტნო რაუნდის თამაში შესთავაზა. წამყვანს სანდროსთვის უნდა დაესვა კითხვა, რომელზე სწორ პასუხზეც უნდა ყოფილიყო დამოკიდებული მომავალი წლის იანვრის დრაფტში ლორთქიფანიძის მონაწილეობა კაპიტნის რანგში. 

ამ თამაშში ლორთქიფანიძისთვის ამგვარი წინადადების შეთავაზება მოულოდნელი იყო, მაგრამ წამყვანმა დაამშვიდა კაპიტანი და უთხრა, რომ რაუნდის ჩატარებაში მას გუნდიც დაეხმარებოდა. და სანდროც, რაღა თქმა უნდა, დათანხმდა. 

სათამაშო მაგიდას გუნდის სხვა წევრებთან — ნინო გოგინაშვილთან, გიორგი იაშვილთან, ნინო ფერაძესა და მარი კორინთელთან ერთად მომავალი პატარძალი ანი მარდალეიშვილიც უჯდა,  რომელსაც ეჭვი არაფერზე აუღია. 

ამის შემდეგ დარბაზში შავი ყუთი შეიტანეს და კითხვაც დაისვა:

„ის, რაც დევს შავ ყუთში, პირველად 1300 წელს გამოიყენა ესპანელმა ექიმმა და ალქიმიკოსმა არლონდ ვილანოველმა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მონოპოლიას მის წარმოებაზე ჰოლანდიელები ფლობდნენ, ამიტომ ამის სახელწოდება ჰოლანდიური ენიდან მოდის. 1640 წლიდან მას ძირითადად მცენარე ჰელიოტროპისგან ამზადებდნენ. რა დევს შავ ყუთში?“, — იკითხა გიორგი მოსიძემ და მოაზროვნეებს მოფიქრების დრო მისცა. 

მსჯელობის შედეგად გუნდი მივიდა დასკვნამდე, რომ შავ ყუთში ლაკმუსის ქაღალდი იდო. მაგრამ კაპიტან ლორთქიფანიძის სცენარში ყველაფერი ასე მარტივად როდი იყო. მოგვიანებით „Sputnik-ის“ კორესპონდენტს თავად გიორგი მოსიძემ გაუხსნა „კარტები“. 

„ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ვიცოდით: მე, სანდრომ, მთავარმა რედაქტორმა და, რაღა თქმა უნდა, იმ ადამიანმა, ვისაც შავი ყუთი გამოაქვს. მოთამაშეები საქმის კურსში არ იყვნენ, ისინი აბსოლუტურად პატიოსნად თამაშობდნენ და ლაკმუსის ქაღალდიც პატიოსნად გამოიცნეს. მაგრამ ხომ გესმით, რომ შეკითხვა იმდენად დამაბნეველი უნდა ყოფილიყო, რომ კარგ, პერსპექტიულ კაპიტანს ყველა შოკში უნდა ჩაეყარა იმით, რომ სწორი პასუხი ბოლოს რაღაც სხვა პასუხით შეეცვალა“, — თქვა მოსიძემ. 

ასეც მოხდა. მოსაფიქრებელი ვადის გასვლის შემდეგ ლორთქიფანიძემ პასუხის უფლება ანის გადასცა, რომელმაც გაახმოვანა კიდეც ლაკმუსის ქაღალდის შესახებ პასუხი. მაგრამ სანდრო ლორთქიფანიძემ ბოლო მომენტში, რომელიც ვითომ ძალიან ნერვიულობდა ნამდვილად სწორ პასუხსა და სამომავლოდ კაპიტნობაზეც, წამყვანს პასუხის შეცვლის უფლება გამოსთხოვა. და განმეორებით დასმულ შეკითხვაზე „რა დევს შავ ყუთში?“ მან უპასუხა, რომ „შესაძლოა იქ ბეჭედი დევს“. 

მოაზროვნეები შოკში ჩაცვივდნენ. ირგვლივ წამოძახილები, შეკითხვები გაისმა: „რა ბეჭედი?“ „სანდრო, ეს შენი ტესტი, შენი ლაკმუსის ქაღალდი იყო!“. 

ამასობაში კი გადაცემის წამყვანმა, როგორც შეთქმულებს შეეფერებათ, ახალგაზრდა კაპიტანს შავი ყუთის საკუთარი ხელით გახსნა და იქ არსებული ნივთის გამოყენება შესთავაზა. და რაოდენ დიდი იყო დამსწრეთა გაოცება, როცა შავ ყუთში ნამდვილად ბეჭედი აღმოჩნდა! თანაც არა უბრალო ბეჭედი, არამედ ულამაზესი. 

ამის შემდეგ სანდრო ლორთქიფანიძემ ორივე მუხლი მოიყარა ანი მარდალეიშვილის წინაშე და ხელის სთხოვა. გოგონამ თავიდან რამდენჯერმა ჩამალა შოკირებული სახე ხელებში, მერე კი თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. და ახალგაზრდა კაპიტანიც ეამბორა  საპატარძლოს. 

როგორც გაირკვა, ანი და სანდრო, ეგრეთ წოდებული, შიდასაკლუბო წყვილი იყო. ახალგაზრდებმა ერთმანეთი გადაცემაში გაიცნეს და უკვე ორი წელია უყვართ და ხვდებიან ერთმანეთს. 

ქართული „რა? სად? როდის?“ მონაწილის მიერ პირდაპირ ეთერში ხელის თხოვნის ამსახველმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო და უამრავი აღფრთოვანებული კომენტარი დაიმსახურა, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე სხვა გასართობ ინტერნეტპორტალებზე. ამგვარ აჟიოტაჟს თავად მოვლენის ინიციატორიც კი არ ელოდა. 

„როცა ეს ჩავიფიქრე, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი იყო ორიგინალური ფორმა მომეძებნა და ანი გამებედნიერებინა. თუმცა ისიც მესმოდა, რომ ტელევიზიაში ხელის თხოვნას რეზონანსი მოჰყვებოდა. მაგრამ გულწრფელად გითხრათ, ასეთ აჟიოტაჟს ნამდვილად არ ველოდი“, — დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე სანდრო ლორთქიფანიძემ. 

ყველა ახალი ამბავი
0