საია ადვოკატის ცემის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
საია კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა ან რაიმე ფორმით ხელის შეშლა, მითუმეტეს მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ გამოიძიოს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ სავარაუდოდ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და ყველა შესაბამისი პირი მისცეს პასუხისგებაში

 „საია უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს 8 ნოემბერს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. საია მოუწოდებს პროკურატურას სწრაფად, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს ყველა შესაბამისი პირი“– ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

 გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატი გიორგი მდინარაძე  ვაკე-საბურთალოს პოლიციის V განყოფილების შენობაში არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად იმყოფებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.  სახალხო დამცველის რწმუნებულების ინფორმაციით, გიორგი მდინარაძეს აღნიშნული შემთხვევის შედეგად აღენიშნება არაერთი დაზიანება —  სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის არეში, ნაკაწრები მარცხენა მხარეს, ყბა-სახის არეში, სისხლნაჟღენთი ყელის არეში, მარჯვენა მხარეს.  

 „მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო მოქმედებები დროულად იქნეს ჩატარებული, მათ შორის დაკითხულ იქნეს ყველა პირი, რომელიც შესაძლოა შეესწრო სავარუდოდ მომხდარ ფაქტს. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ  მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ“ –აღნიშნულია განცხადებაში. 

 საია კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა ან რაიმე ფორმით ხელის შეშლა, მით უმეტეს მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება.  იურისტთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპები აღიარებს ადვოკატის უფლებას,  თავისი პროფესიული ფუნქციების შესრულება შეძლოს დაშინების, დაბრკოლების, ხელის შეშლის, არასათანადო ჩარევის გარეშე და სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ ზემოაღნიშნული უფლებების ჯეროვანი დაცვა და ხელშეწყობა. 

 საქართველოს პროკურატურას ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტის ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. 

 „უმოკლეს ვადებში უნდა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოყენებული იქნას ისეთი საპროცესო ღონისძიებები, რომლითაც გამოირიცხება სავარაუდო დამნაშავე პირების მიერ ზეწოლა, იძულება, მტკიცებულებების განადგურება, ან/და დანაშაულის კვლავ ჩადენა, — აღნიშნავს ომბუდსმენი. 

 გამოძიება პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე თბილისის პროკუტარურაში მიმდინარეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0