,,О-Й, О-Й... О-Й... О-Й, О-Й.“, ანუ მოსკოვს ცრემლების მაინც სჯერა

© მანანა ტურიაშვილისცენა სპექტაკლიდან - „რუსული ბლიუზი წარმოადგენს. სოკოზე წასვლა“
სცენა სპექტაკლიდან - „რუსული ბლიუზი წარმოადგენს. სოკოზე წასვლა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა

  მანანა ტურიაშვილი                 

 12-13 ნოემბერს, გრიბოედოვის თეატრში მოსკოვის დასი მაყურებელს დიმიტრი კრიმოვის სპექტაკლს  „რუსული ბლიუზი. სოკოზე წასვლა“  უჩვენებს. 2014 წელს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე მოსკოვის „დრამატული ხელოვნების სკოლამ“ წარმოადგინა სპექტაკლი „О-Й. გვიანი სიყვარული“. სანამ გავიგებთ რუსული ბლუზის ისტორიას, მანამ გადავხედოთ იმავე დასის შარშანდელ სპექტაკლს, რომელსაც ქართველი მაყურებლი აღტაცებით შეხვდა.

 როცა დრამატურგმა, ალექსანდრე ოსტროვსკიმ პიესა „გვიანი სიყვარული“ დაწერა, რუსეთში 1873 წელი იდგა. დიდი იმპერიის პროგრესული ძალები მხატვრულ ნაწარმოებებში ასახავდნენ იმ სულიერ დასაყრდენს, რომელიც გვიჩვენებდა რუსი ხალხის მომავალს, რაც ერის ღირსებასა და პატიოსნებაზე დაფუძნებული მწერალს მომავლის იმედს უსახავდა. რა იცოდა ალექსანდრე ოსტროვსკიმ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოს დედაქალაქში, მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, მოსკოველი რეჟისორი დიმიტრი კრიმოვი აჩვენებდა სპექტაკლს, რომლის სათაურშიც „ო-ი.“-ს დაურთავდა, ანუ დრამატურგის გვარს (Остро́вский),,გამოშიგნავდა“ და მხოლოდ პირველ ასოს „О“-ს და ბოლო ასოს- „Й“-ს დატოვებდა და პიესას თავდაყირა დააყენებდა, თან ისე, რომ არც ერთ მთავარ მოვლენასა თუ ეპიზოდს არ შეელეოდა და ყველა პერსონაჟის მოტივაციებს, სვლებს, ურთიერთობებს ტრაგიკული კომედიის ჟანრში გადაწყვეტდა. 

 ეს პიესა დრამატული თეატრის მსახიობებმა კლოუნების სახით წარმოგვიდგინეს. ოღონდ, ეს განსაკუთრებული კლოუნები იყვნენ, რუსული „მოხეტიალე დასის“ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიღბებით, რომელთა შავ-თეთრი გამის ტანსაცმლით შემოსილი მახინჯი სხეულები ერთ დიდებულ საღამოზე წასული უტრირებულ ადამიანებად გესახებოდათ. ამავე დროს რუსეთის თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტის მე-4-ე კურსელების სხეულები დეკორაციის თეთრ ფონზე, შავ-თეთრი გრაფიკული ესკიზის სიუჟეტს ქმნიდა. კრიმოვის წარმოდგენის პერსონაჟები ნოტებსაც მიაგავდნენ, სადაც მსახიობების მიერ შექმნილი „დო“, „რე“, „სოლ“ თუ „ფა“ გამუდმებით ცდილობდნენ მელოდიის აწყობას, მაგრამ სცენაზე შავი გველებივით მოსრიალე პროჟექტორის სადენები ვერ სწორდებოდნენ, რათა მათზე შემოსკუპებულ სანოტო ნიშნებს სიმღერა აეწყო. 

 სპექტაკლი სიცილ-ხორხოცში — იუმორით, ირონიით, თვითირონიითა და სარკაზმის ჭრილში დანახული რუსი ხალხის ცხოვრების პროცესის ჩვენებით მიმდინარეობდა. ამ დროს ნოტები ანუ მსახიობები ფინალური მელოდიის ასაწყობად ემზადებოდნენ: თხზავდნენ მათ უჩვეულო ტემპო-რიტმით, თითქოს ერთი სული ჰქონდათ, რომ ეპიზოდიდან-ეპიზოდზე გადასულიყვნენ, რათა საინტერესოდ აგებული ჯაჭვის რგოლი არ გაეწყვიტათ და ყველაზე მნიშვნელოვანი — ბოლო სცენა გაეთამაშებინათ.  იდეალური და იდეალისტი გმირების: ადვოკატ მარგარიტოვისა და მისი ქალიშვილის მეტყველება ბუნდოვანი, შებურული აზროვნებით გამოიხატებოდა, ოღონდ ეს ბუნდოვანება იმგვარი სამეტყველო ტექნიკით იყო დამუშავებული, რომ სიუჟეტის განვითარებისთვის აუცილებელი, მთავარი ფრაზები მაინც გესმოდათ. ცალკბილა  მამას თამაშობდა თხელი და ტანდაბალი მსახიობი ქალი — ალინა ხოჯევანოვა, მის ქალიშვილს, ლიუდმილას — მარია სმოლნიკოვა, რომელიც კრიმოვის სპექტაკლში სიმაღლით მამას დაემსგავსა, მაგრამ მისი ე. წ. „რუსული ნაწნავი“, პაწაწინა ტანთან შედარებით იმდენად გრძელი იყო, რომ ამგვარი პროპორციების დარღევა ამ გმირს უკვე კომედიურ ელფერს სძენდა. უსქელესი წარბებითა და სათვალეებით დამშვენებული, გვიანი სიყვარულით შეპყრობილი ლიუდმილა მზად იყო თავგანწირულ სიყვარულზე ეჩიფჩიფა ნასწავლი ფრაზებითა და იმ პათოსით, როგორითაც მისი მამა ახდენდა იდეალების დეკლამირებას ძველი მაგნიტოფონის კასეტაზე ჩაწერილი ხმით. ამგვარი დეკლამირება 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის ზოგიერთი პოლიტბიუროს წევრების მიერ წაკითხულ ტექსტებს მიაგავდა. ადვოკატი მარგარიტოვი და ლიუდმილა, კრიმოვის სპექტაკლში ფიზიკურად დაპატარავდნენ, უტრირებული გახდნენ და მათ გაუგებარ მეტყველებაში ასახულმა აზრმა სცენაზე ირონიის ქარიშხალი დაატრიალა.

  თითო-ოროლა გროშის შოვნაზე გადაგებული დიასახლისი შაბლოვა (ევგენი სტარცევი) დაკუნთული მამაკაცური სხეულით ხან მძიმე წონის მოკრივეს მოგაგონებდათ და ხან სიმძიმეების აწევის მსოფლიო ჩემპიონს, რომელმაც თითქოს ეს-ესაა 500 კილო აწია და ამიტომაც თავის ტექსტს 500 მეგაჰერცის ბგერის განშლადობით გაჰკიოდა. შაბლოვას როლის შემსრულებელს, ახალგაზრდა მამაკაცს, სხეულის გასადიდებლად არც უზომოდ დიდი მკერდის ფორმები დაუშურებია და არც განზე გასული გავის ნაწილების გადიდება, რომელიც ორ უზარმაზარ, სქელ ბარძაყს ტიტანური შრომის შედეგად ეჭირა. ეს მჭექარე, ორი მოსწრებული შვილის დედა, რომელიც კარტზე მკითხაობით ერთობოდა და ფულსაც აკეთებდა, სპექტაკლის მიმდინარეობისას  უზომოდ მაღალ აქსელერატ, დორბლიან შვილთან (ანდრეი მიხალევი) შეპაექრებისას ყირაზეც გადადიოდა და ბიჭის ბაღლინჯოსავით გაჭყლეტა მოქნილი პლასტიკითა და ზამბარისებრი დრეკადობით შეეძლო. ამ კლოუნადური ხერხების გამოყენებისას, რომელიც მაყურებლის სიცილ-ხარხარში მიმდინარეობდა, კარგად გრძნობდით ძალმომრე დედისა და ფარხმალ-დაყრილი შვილის ურთიერთობის ფსიქოლოგიას.

 მეორე ქალ-ვამპირს, — ვარვარას ასევე მამაკაცი მსახიობი, კონსტანტინე მუხანოვი თამაშობდა. ის ე. წ. არისტოკრატია, ოღონდ რუსეთის თუ ნებისმიერი ქვეყნის მიყრუებული რაიონიდან, რომელიც თავის სილამაზეს მამაკაცთა მოსახიბლავად  იყენებს და კარგადაც ყიდის. ამ თავყრილობებისათვის მას დიდძალი ფული სჭირდება და ვალის დაბრუნება სწორედ ამიტომ არ სურს.

 სიყვარულითა და ბედკრული კარიერის ფიასკოთი გათანგული ნიკოლაი,- ალექსანდრე კუზნეცოვი, აზარტულ თამაშებსა და ლოთობაში ეძებს თავდავიწყებას. პიესის მიხედვით ლუდმილას სიყვარული ნიკოლაის გადაარჩენს: ვექსილის მოპარვაზე ხელს ააღებინებს და პატიოსან გზაზე დააყენებს, მაგრამ რეჟისორ კრიმოვისთვის უცხოა ეს „ტკბილი“, სენტიმენტალური სცენები, რადგან მისი დახვეწილი გემოვნება ამგვარ იდილიურ რეალობას დღევანდელ რუსეთში ვერ ხედავს და ფულზე დახარბებული, ვარვარასა და უფულოდ დარჩენილი, მოტყუებული, სასოწარკვეთილი ნიკოლაის ურთიერთობის მთავარ სცენაში, სადაც თითოეული თავისი არჩეული ცხოვრების გადასარჩენად იბრძვის, უკვე  აღარ ხუმრობს. ამდენი სიცილ-ხორხოცის შემდეგ მათი ჩხუბისას ჯერ გგონია, რომ ეს კლოუნადა გრძელდება, მაგრამ მერე, უმალ ხვდები, როგორ გადაიზრდება ეს ნამდვილ ორთაბრძოლაში, რომელიც ქორეოგრაფიულ დუეტსაც ჰგავს. ამ დუეტის მოძრაობებს (ქორეოგრაფი ანატოლი ვოინოვი) ორი გამხეცებული, გაშმაგებული ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მექანიზმი მართავს, რომელიც თავისი შინაგანი რიტმით, ნელ-ნელა, ზევით-ზევით იწევს.

 თავიდან ჯერ გეცინებათ: ნიკოლაი ნაბახუსევია  ღამენათევი და თვალებჩაწითლებული, რომელსაც თანამეინახეების ან მევალეების მიერ მიყენებული ძველი ჭრილობები სახეზე წითლად უელავდა. ამ ქორეოგრაფიულ მონახაზში, კომედიიდან ტრაგიკულამდე ერთი ნაბიჯია და როცა ვარვარა თავზე ნათურას დაიტეხს, მისგან ცივ იარაღს შექმნის და ბოლოს ნიკოლაის ფეხსაცმელით კბილებს ჩაულეწავს და ყოფილი თაყვანისმცემლის სახე ნატურალისტური კოშმარით ჩნდება. გაცხოველებული ქალისა და მამაკაცის უცნაურ, პათოლგიურ ურთიერთობას მერე ხვდებით. ნიკოლაის ნაცემი სახის მშვენებას, სატრფოს მიერ ჩალეწილი კბილებიც დაემატა და დახეთქილი ღრძილებიდან გადმოსული სისხლიანი ლორწოს დანახვაზე ხვდებით, რომ რეჟისორი და მსახიობები აღარ ხუმრობენ.  ამ სცენაში მაქსიმ გორკის „ფსკერის“ ატმოსფეროსავით გაიჟღერებს ნატურალისტური სისასტიკე, რაც მაყურებელის სულში ძრწოლას აღძრავს, მაგრამ რეჟისორის უხილავი ხელი მათ მაინც იუმორით დირიჟორობს და ეს ბაბუაწვერასავით მსუბუქი, მახინჯი დუეტი სხვა გმირთა მსგავსად ესთეტიკური მშვენიერების ხილვის განცდით გავსებთ.

 თეთრ სცენაზე ორი სადა სკამი ეშაფოტივით დგას.მარჯანიშვილის თეატრის ჭერზე უამრავი პროჟექტორი მიჯრით არის ჩამწკრივებული. ისედაც თეთრი, ქათქათა სცენა, კედლები, თოვლზე აკიაფებული ზამთრის მზესავით ელვარებს და ჩვენი გონების გასასხივოსნებლად ემზადება. პირსისხლიანი, ნაცემი სასიძო ნიკოლაი და კაბისკალთააწეულ საპატარძლოს თეთრი, ჩაჩაჩული, გრძელი, მოსაწყენი საცვლები ავბედითი ცოლ-ქმრული ურთიერთობების პერსპექტივას გვისახავს ჩვენც და სასიძოსაც, რომელსაც ცემის მიუხედავად მამრის „თვალი“ მაინც აქვს შერჩენილი. ალბათ და სწორედ ამიტომ იგი საქორწინო რიტუალიდან გარბის. ოსტროვსკის პიესის გმირი, XXI საუკუნეში უფრო დიდ და საშიშ მომავალს დაინახავს ამ შეუღლებით, მას აღარც ვალების გადახდა უნდა და არც ნორმალური, წესიერი ცხოვრება, მაგრამ ამ მახინჯ ხალხში, სადაც სრული ქაოსია, ყოფილი ლოთი, მფლანგველი და ოჯახის წურბელაც აქ ცხოვრებაზე უარს ამბობს და გაქცევა უნდა, მაგრამ ფსევდოჰუმანიზმში გამოწრთობილ აზროვნებას ასე ადვილად ვერ უსხლტება ხელიდან. ის უკან მოჰყავთ და მას პატარძლის გვერდით სკამზე დგამენ. თითქოს ამ დროს აქ ირონიაც წყდება და იუმორიც, სცენურ სივრცეს სარკაზმიც ტოვებს. მიატოვა სცენური სივრცე. სპექტაკლში შიშველი, ტრაგიკული, ტკივილიანი და თითქოს ზეციური პოლიფონიური ჰანგი გაისმის, რომელსაც მსახიობები ასრულებენ და გგონია, რომ ეს ვედრებაა იმ ჯვრისწერის რიტუალზე, რომელსაც კრიმოვის აზრით თუ ჩვენი აზრით დასრულება არ უწერია, რადგან ადამიანური ღირებეულებებით განძარცვულ თეთრ, უდაბურ სივრცეში რუსეთის ტრამალის მცხოვრებთ მხოლოდ ტკივილი ათბობს. ეს კივილი იგრძნო ნიკოლაიმ —ის მამაკაცია ცალსახად და არა მამაკაცი, რომელიც ქალად ასაღებს თავს, —ის რუსეთის მომავალია. იგი კბილებჩატეხილი, სისხლიანი ტუჩებით იღიმის და ბოლოსდაბოლოს, გაისვრის იმ  რევოლვერს, რომელსაც შავი დღისთვის ინახავდა და რომელსაც ოსტროვსკის პიესაში მწერალმა გასროლა არ დაუწესა. ვინაიდან იქ სადღაც, მიყრუებულ რუსულ რაიონში, 1873 წელს პატიოსნებამ და ღირსებამ გაიმარჯვა.

 კრიმოვის აზრით, დღევანდელი რუსეთის ყოფაში ფასეულობების დაკარგვა შეინიშნება. ეს დაინახა არყით გაჟღენთილმა ნიკოლაიმ და გულთან მიტანილი იარაღის მკერდთან მიჭერით თეთრი პერანგი სისხლის ლაქით გადღაბნა. ეს არ იყო მსახიობის „უბრალოდ“ სიკვდილი სცენაზე, რომელიც შუქის ჩაქრობის შემდეგ მზადაა, უცბად წამოდგეს და კულისებში განავარდებულმა ახლობლების შექება მიიღოს. 

 ეს იყო თეთრ, ცივ კედლებში გასროლილი რევოლვერის მჭახე ხმა, სადაც ტყვიის სასტიკ მოძრაობას მხარს უბავდა მარტოდ და ეულად დარჩენილი დედა-რუსეთი, რომლის ერთ-ერთი იმედი, დიმიტრი კრიმოვისა და მისი დასის თამამი, კრიტიკული, მხიარული და ტრაგიკული სპექტაკლის ჩვენება იყო. აქ ყოველ წამს, ოღონდ სხვადასხვანაირად შეგეძლოთ წამოგეძახათ: О-Й, О-Й… О-Й… О-Й, О-Й…  სპექტაკლის შემდეგ ვფიქრობდი: მოსკოვს ცრემლების მაინც სჯერა… 


ყველა ახალი ამბავი
0