თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველო ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის ტექნიკურად მზადაა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ორშაბათს, 9 ნოემბერს.
„ტექნიკურად, IT კუთხით, საქართველო ამისთვის მზად არის, თუმცა, აუცილებელია სხვა ნაბიჯების გადადგმაც, რათა ერთ დღეს ყოველივე ეს რეალობად იქცეს. მხედველობაში მაქვს საკანონმდებლო ცვლილებები, პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული ბარათების პოპულარიზაცია საშუალო ასაკის მოსახლეობაში, ინტერნეტწვდომის უზრუნველყოფა ყველა სოფელში და ა შ.“, — განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
წულუკიანის განცხადებით, ელექტრონული ხმის მიცემა, პირველ რიგში, შესაძლებელს და ხელმისაწვდომს გახდის საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას.
საიდენტიფიკაციო ანუ ID-ბარათი (Identity Document) — პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის აღება ელექტრონულად, იგი აგრეთვე სამსახურებრივი მოწმობის, საშვისა და პლასტიკური ბარათის ფუნქციას ასრულებს.