მიხეილ თუმანიშვილი სიყვარულის სცენურ-ცხოვრებისეულ არსზე

© http://www.ambebi.geმიხეილ თუმანიშვილი
მიხეილ თუმანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 მანანა ტურიაშვილი

 დღეს, როცა თბილისში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალი „საჩუქარი“ მიმდინარეობს და სადაც თავის ხელოვნებას სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები უჩვენებს, ალბათ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თვით მიხეილ თუმანიშვილის რამდენიმე მცნება, რომელსაც ფესტივალ „საჩუქარზე“ თუ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე წარმოდგენილ ყველა უცხოურ, წარმატებულ სპექტაკლში ვხვდებით.

 ახლა, შევეცდები, სტენოგრაფიული სიზუსტით  წარმოგიდგინოთ ერთი უნიკალური ჩანაწერი პირადი არქივიდან, — ეს გახლავთ მიშა თუმანიშვილის რეპეტიცია, სადაც იგი მსახიობებებს სიყვარულის არსს და სცენაზე მისი გადმოტანის ხელოვნებას უხსნის. 

 იმ დროს მიხეილ თუმანიშვილი შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარზე“ მუშაობდა. ჩვენ მიერ მოყვანილ ეპიზოდში ყალიბდება პიესის მთავარი გმირის — ელენეს პერსონაჟის მცირე ელფერი, რომელიც იმდენად გაფართოვდა და გაიშალა რუსუდან ბოლქვაძის სამსახიობო შესრულებაში, რომ თამამად ვიტყვით, ელენე-დემეტრიოსის დუეტი შეუდარებელი იყო. რეპეტიციის ამ მონაკვეთს კინომსახიობთა თეატრის სხვა მსახიობებიც ესწრებოდნენ, მაგრამ ბატონი მიშა ძირითადად რუსუდან ბოლქვაძესა და გია აბესალაშვილს მიმართავდა.

 სიყვარულის მექანიზმი, სისტემა — რა მოსდის შეყვარებულ ადამიანს, როგორ იქცევა, როგორ იზრდება ეს სიყვარული, როგორ ქრება, როგორი მტკივნეულია ეს, ამ ტკივილის დროს როგორ იქცევა ადამიანი; ნაცნობი, დაშტამპული სასიყვარულო სიტყვების გაცოცხლება პირველადი შეგრძნების იმპულსით, როგორც სცენაზე ნამდვილი გრძნობების დაბადების აუცილებელი პირობა; სცენაზე პარტნიორთა ურთიერთობის აგება, როგორც „არაჩვეულებრივი შეჯახება“; ხელოვნების მექანიზმი-პასუხი რეალობის,,დარტყმაზე“. „მთავარია, როგორ მოქმედებს ის ჩემზე და მე როგორ ვპასუხობ“, ამ კითხვებზე პასუხს მიშა თუმანიშვილი იძლევა.

 მიხეილ თუმანიშვილი:

— იცი, რა, თუ ეს არის ჰიმნი სიყვარულისა, ქება-ქებათა სიყვარულისა, ხომ? ესე იგი, ფაქტიურად შენ უნდა მოყვე, როგორ გესმის სიყვარული — აი, მისი მექანიზმის შესახებ.  მექანიზმი ეს არის სისტემა, არა? აი, რა მოსდის შეყვარებულ ადამიანს, როგორ იქცევა, როგორ იზრდება ეს სიყვარული, როგორ ქრება, როგორი მტკივნეულია ეს, ამ ტკივილის დროს როგორ იქცევა ადამიანი?— აი, ეს არის საინტერესო, თორემ თქვენ ამბობთ სიტყვებს, რომელიც ფაქტიურად შექსპირისა იქნება, იბსენისა, თუ კლდიაშვილისა, სულ ერთია, ამბობთ დაშტამპულ სიტყვებს: „მიყვარხარ!“, „მაგნიტი ხარ!“ „რატომ მიზიდავ!“ „რატომ მაგიჟებ“. ეს არის ბავშვობიდან ნაცნობი, დაშტამპული სიტყვები, ხომ? ჩვენი ამოცანაა, —პირველი შეგრძნების იმპულსი გავაცოცხლოთ. მაგრამ შეიძლება, იქ რამინი იყო, თუ ტრისტანი იყო, თუ რომეო იყო, თუ მე ვიყავი, თუ შენ იყავი… იქნებ, იყო შემთხვევები ცხოვრებაში, როდესაც სწორედ ასე გამოხატავენ ამას… როდესაც, თვითონ სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელი იყო, რომ ვთქვათ, ეყვირა: „მიყვარხარ“, რატომ? სხვანაირად ვერ გააგებინა, ანდა, გააგებინა უკვე, იმას ესმის. მე მგონია, რომ თუ არ ესმის,- იმიტომ, რომ ვერ გრძნობს, რა ზომით მიყვარს. აი, როგორ გამოვხატო? 

— მარჯანიშვილის თეატრში შოთა ქოჩორაძისა და მედეა ჯაფარიძის დიალოგი მახსოვს — „რომეო და ჯულიეტა“ —სცენა აივანთან… რატომაა აივანთან არ ვიცი, მაგრამ… სცენა, როდესაც უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს მახსოვს… არაჩვეულებრივი ტექსტი ერთი მხრიდან,-არაჩვეულებრივი ტექსტი მეორე მხრიდან, არაჩვეულებრივი პასუხი პირველი მხრიდან, მეორე მხრიდან —აქედან- იქიდან. აი, მიდის ისეთი  ,,პინგ-პონგი“ რომ…  „ტნგ-ტნგ“,- არ ვარდება ბურთი…-ბურთი დავარდება მაშინ, როდესაც მე ავიღებ და აი, ასე გესვრი… (ბატონი მიშა აფექტურად ისვრის „ამ ბურთს“ —მ.ტ.) მე მინდა გაჯობო! მინდა გაგაგებინო, რომ შენ არ შეგიძლია ისე გიყვარდეს,- როგორც მე! იმიტომ, რომ მე არანორმალური ვარ, არანორმალურად მიყვარხარ, გესმის?! „არა“, ის ეუბნება: „არა, შენ არა ხარ… არა, რომეო, შენ არა ხარ რომეო!“… იქ მიდის არაჩვეულებრივი შეჯახება…

 ამიტომ გითხარით გუშინ ცვეტაევაზე… მე დღეს დილით, სულ ამას ვუყურებდი, რაც წერია: ესე იგი, ზის ზღვასთან და ზღვა მასზე მოქმედებს… ზღვა… ხელოვნება, შემოქმედება არის პასუხი-ამბობს ცვეტაევა. ესე იგი, ის თუ ჩემზე მოქმედებს, ხელოვნება არის ამაზე პასუხი. დარტყმაზე დარტყმით პასუხობენ. — გააჩნია, როგორი პასუხია. აი, ესაა შემოქმედება! ის კი არაა მთავარი, რომ ის არის სველი, რომ ის არის ლურჯი, რომ ის არის მარილიანი,- მთავარია,- როგორ მოქმედებს ის ჩემზე და მე როგორ ვპასუხობ… 

 დასასრულს, მკითხველს მსურს, შევახსენო, რომ „ზაფხულის ღამის სიზმრის“ რეპეტიციებზე, მიხეილ თუმანიშვილმა კედელზე გააკრა პლაკატი გააკრა, სადაც ეწერა: „მე, შენ, ჩვენ, აქ, ახლა…ჩვენ შორის“. „ეს არის ამ სპექტაკლის მთავარი ხერხი, მთავარი საშუალება და სხვათაშორის, მიზანიც.“ —ამბობდა დიდი მაესტრო.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0