ჭიაურელების „ურიკა“ და „ევროპულად“ გაკვალული გზა

გამოწერა

 მერაბ ხაჩიძე

 როცა ბატონმა აკაკი ბაქრაძემ მიხეილ ჭიაურელს ჰკითხა: ბატონო მიშა, ახლა რომ ნება მოგცენ, რას გადაიღებდიო, — დიდმა რეჟისორმა ასეთი რამ უამბო თურმე: მამაჩემს სოფელში დუქანი ჰქონდა.დილაობით ცხენს შეაბამდა მწვანილითა და ხილით დატვირთულ საზიდარში და დუქანში მიდიოდა. ერთხელ სოფლის მღვდელს უთქვამს, სანამ ვაჭრობ, ეგ ცხენი უქმად არის, მოდი, მომაქირავე, სოფელსაც მოვიმადლიერებ და შენც ზედმეტ ორ კაპიკს იშოვნიო. შეთანხმდნენ. მღვდელს ცხენი „ბალდახინში“ შესაბმელად სჭირდებოდა,  რომ მიცვალებული სოფლის სასაფლაომდე ხელით აღარ ეტარებინათ. ერთ დღესაც შეაბეს ცხენი იმ „ბალდახინში“, დაასვენეს ზედ მიცვალებული და დაადგნენ გზას. როგორც კი ცხენმა ნაცნობ ღობეს ჩაუარა, შებრუნდა და „ბალდახინიან“–მიცვალებულიანად… საკუთარ ეზოში შევიდა. რა არ სცადეს, რა არ იღონეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, —ცხენი ეზოდან აღარ გამოვიდა. რას იზამდნენ, მიცვალებული ისევ ხელით წაასვენეს უკანასკნელ გზაზეო.  

 ბატონმა მიშამ ამ მოყოლილ ამბავს თურმე ისიც დაამატა: აწი, მეც ერთხელ გაკვალულ გზაზე დამდგარი მამაჩემის იმ ცხენივით ვარ, როგორი თავისუფლება და ფულიც არ უნდა მომცე, —მაინც იმას და ისეთ ფილმს გადავიღებ, როგორსაც აქამდე  ვიღებდიო. ვინ, ვინ და იმდროინდელი ეპოქის ღვიძლმა შვილმა ყველაზე კარგად იცოდა, რასაც ამბობდა. ნაჩვევი გზიდან გადახვევა ძნელია…

 ამას წინათ (ყოველ შემთხვევაში, ჩემი ჭკუით) ასე ვიხუმრე: ურთმელიძეს ათი წელი ასწავლიდნენ „ნაცები“, თუ როგორ უნდა გამოეტანა „სასწრაფო“ გადაწყვეტილება და ახლა მისი ასეთი „სიჩქარე“ იქით რატომ უკვირთ მეთქი?! ეს იმან მათქმევინა, სამასი ათასი კაცის ციხეში ჩამსმელი „ნაცები“ რომ „სამართლიანი სასამართლოს“ შეზღუდვაზე ალაპარაკდნენ, თორემ ურთმელიძე რამდენად „სწრაფი“, ობიექტური და კომპეტენტურია,– ეგ იურისტებმა არკვიონ.

 დღეს სურათი ასეთია: ერთ მხარეს დგას,,რუსთავი- 2“, —ძველ გზაზე შემდგარი „გულშემატკივრებით“, ერთ დროს,,კოჰაბიტაციის“ დამგმობელი ახალი მომხრეებით, არასამთავრობოებით, ოპოზიციის სრული შემადგენლობით, პრეზიდენტით, ომბუდსმენით, ღია კარის მტვრეველი „ექსპერტ-ჟურნალისტებით“, „კოალიცია ქართული ოცნების“ „ერთგული წევრებით“ და რაც მთავარია, — საქართველოში „შევიწროებული მედიის“ გამო „შეშფოთებული“ ამერიკის ადმინისტრაციითა და ევროკავშირით. მეორე მხარეს —ერთი შეხედვით, უგულშემატკივროდ, უპატრონოდ, ულიდეროდ და უიდეოდ დარჩენილი ქართველი ხალხი და ეროვნული პოლიტიკა-ჰაერში გამოკიდებული სახელმწიფოებრიობით.

 ახლა მოკლედ რომ ვუთხრა სააკაშვილს და მთელს მის ამალას: „მეთოდები დაგიძველდა მურტალოო…“ – ქართულად დაწერილი წიგნის წაკითხვა შავი ჭირივით ეზარებათ და შეიძლება, ნათქვამიდან აზრის გამოტანა გაუჭირდეთ. ამიტომ მათთვის უფრო გასაგებად ვიტყვი:

 თავს იტყუებს და მწარედ ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ქართველებმა ჭკუა ვერ ისწავლეს. ბოლო, მეოთხედი საუკუნის მანძილზე სწორედ ქართველები ბევრ რამეს მიხვდნენ. ეს რომ არა, ძალზე საეჭვოა, წინა ხელისუფლება ხალხის სასტიკ რისხვას და შურისძიებას გადარჩენოდა. დღევანდელი პრეტენზიაც ხელისუფლებისაგან სამართლის აღსრულების მოთხოვნაა და არა სხვა რამ, თორემ ემოციას აყოლილები დიდი ხნის წინ  ჩაიდენდნენ დიდ სისულელეს და ქიბარ ხალვაშის საჩივარს არავინ დაელოდებოდა–საქმეების გამყალბებელ, ნაპროკურორალ გვარამიას კინწისკვრით გაისროდნენ,,რუსთავი- 2“-ის შენობიდან. ბევრი სხვა ცუდიც მოხდებოდა. ამ ფონზე ელჩებისა და დასავლეთელი „მტერ-მოყვარის“ მიერ გამუდმებული თითის ქნევა, ბოლომდე გასაგებს ხდის მათ მიზანს:  აზროვნება და გადაწყვეტილება თქვენი საქმე არ არის. ერთიც ჩვენ გვეხება და მეორეცო. ამ ადამიანებს ან დროის შეგრძნება ღალატობს (მაგალითად, ამერიკის ელჩიც კმარა, 17 საათზე გამოტანილი განაჩენი შუაღამის რომ ეგონა),  ან არადა, მართლა ვერ ხვდებიან, როგორ ისწავლეს ქართველებმა შეურაცხყოფაზე ლამაზ–ლამაზი პასუხის გაცემაც და იქით „ენის შებრუნებაც“.

 მიუხედავად იმისა, რომ დაბადებამდე ჯერ შორსაა, ქართველებში კანონის ენით საუბრის მოთხოვნილება მწიფდება. ვერც თავისიანების გამეტებაზე გადარეული მიშა და ვერც მისი პატრონი დიპლომატები ვერ ხვდებიან, რომ ყელში ამოსულ, დამანგრეველ პროვოკაციებს არავინ ჰყვება, თორემ ვერც,,რუსთავი- 2“-ის ეზოში „20 ლარად გაყინულ“ საბრალო ადამიანებს უშველიდა „შეშფოთებული“ დასავლეთი. თუმცა, ქართველების არაადამიანური თავშეკავების მიუხედავად,- ეს მოთმინების ძაფი შეიძლება, მართლა გაწყდეს.

 დიახ, სურათი მძიმედ, მაგრამ მაინც იცვლება. ერთ მხარეს, მართლა უმძიმესი შემოტევების წინაშე მდგარი საქართველოა, მეორე მხარეს-,,რუსთავი- 2“ და მისი საზიდარში შებმული, ჭიაურელების ცხენივით გაჯიუტებული დამცველები, რომლებიც „დუქნიდან ჭიშკრამდე“ გაკვალული გზიდან არაფრისდიდებით არ უხვევენ…

 მართალია დათო მაღრაძე:,,დასავლეთი იპოვის მიშას, მაგრამ დაკარგავს საქართველოს“. არჩევანი მათია… 

 

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!


ყველა ახალი ამბავი
0