ომბუდსმენი შესაბამის უწყებას ადვოკატის ცემის ფაქტის ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ დღეს ადვოკატმა მდინარაძემ პოლიციის თანამშრომლებს აცნობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. გამომძიებლებმა დაკავებული ცალკე ოთახში გაიყვანეს.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი საქართველოს პროკურატურას ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტის ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

გასულ კვირას, თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონის პოლიციის მე–5 განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი მდინარაძე სცემეს, რომელიც იქ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატის სტატუსით გამოცხადდა დაკავებული არასრულწლოვანის უფლებების დასაცავად, — განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირმა ჭკადუამ. 

„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ, ობიექტურად და ეფექტურად გამოიძიოს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის, გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, განახორციელოს დანაშაულის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და გამოავლინოს დამნაშავე პირები“, — ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.  

უმოკლეს ვადებში უნდა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოყენებული იქნას ისეთი საპროცესო ღონისძიებები, რომლითაც გამოირიცხება სავარაუდო დამნაშავე პირების მიერ ზეწოლა, იძულება, მტკიცებულებების განადგურება, ან/და დანაშაულის კვლავ ჩადენა, — აღნიშნავს ომბუდსმენი. 

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ დღეს ადვოკატმა მდინარაძემ პოლიციის თანამშრომლებს აცნობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. გამომძიებლებმა დაკავებული ცალკე ოთახში გაიყვანეს. 

„პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ცალკე ოთახში სასაუბროდ გაიყვანეს, რასაც ესწრებოდა ასევე მისი მამა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ადვოკატის მიმართ გამოხატეს აგრესია. იგი შეიყვანეს პოლიციის უფროსის ოთახში და პოლიციის დაახლოებით ხუთმა თანამშრომელმა და მათ შორის პოლიციის უფროსმა, რომლის სახელსა და გვარს ადვოკატი ასახელებს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ამის შემდეგ, ადვოკატის თქმით, პოლიციელებმა შეადგინეს მისი ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და საბოლოოდ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სახელმწიფოს რეაგირება მოცემულ ფაქტზე, იქნება ერთგვარი ტესტი ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის არსებობს თაობაზე, — ასკვნის უჩა ნანუაშვილი. 

 


ყველა ახალი ამბავი
0