თამაზ ჩიქვანაია
1973 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საქართველოს მწერალთა კავშირში დავიწყე მუშაობა. ჩემი „გამოცდილების“ პატრონი წერილების განყოფილებაში გამამწესეს. აქ დამხვდნენ, ჩემზე ცოტა უფროსი, მაგრამ უკვე დამწყები პოეტები და მწერლები: თედო ბექიშვილი, ზაალ ბოტკოველი, ლაშა თაბუკაშვილი და სხვები. პირველივე სამუშაო დღეს, მაგიდაზე მოზრდილი შეკვრა დამიდეს და გამაფრთხილეს, ყურადღებით წაიკითხე, რამე არ გამოგრჩესო. სხვა რა გზა მქონდა,- შევუდექი პირველი დავალების აღმართს.
ეს დასტა ვინმე ქალატონ ნუნუს მიერ ქუთაისიდან გამოგზავნილი ლექსები აღმოჩნდა. საღამომდე ვიკითხე სიტყვების ეს კორიანტელი, რომელთაც ერთმანეთთან და მით უმეტეს პოეზიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მესმოდა ახალი მეგობრებისა და ძველი თანამშრომლების ქირქილი, მაგრამ „ჩემი საქმე“ მაინც პირნათლად ავასრულე. მეორე დღეს, სამსახურში მისულს, მაგიდაზე კიდევ ერთი მოზრდილი კიპა დამხვდა. ჩემდა გასაოცრად ეს „ნაშრომიც“ იმავე ქალბატონის შემოქმედება აღმოჩნდა. მოვიხედ-მოვიხედე და ის იყო პროტესტის გამოხატვა გადავწყვიტე, რომ ოთახში განყოფილების უფროსი ბატონი გივი ჯოხაძე შემოვიდა. როცა დავალება ყველას მისცა, ჩემს მაგიდასთან შეჩერდა: ყოჩაღ ასე გააგრძელეო,- მითხრა და გავიდა. მეც გავაგრძელე.
ჩემი ტანჯვის მეორე დღე მილევასთან ახლოს იყო, როდესაც მორიგი „შედევრი“ გადავფურცლე და უეცრად თვალში მომხვდა ერთი სტრიქონი, რომელიც მეორედ და მესამედაც წავიკითხე,- ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი და დასახმარებლად თედო ბექიშვილს ვუხმე. ახლა თედო „გაშტერდა“… მალე მთელი განყოფილება ამ სტრიქონს დავცქეროდით. ლექსი თავიდან ბოლომდე აბსოლუტური უაზრობა გახლდათ, მაგრამ ის სტრიქონი იმდენად მოგვეწონა, რომ მისი „დაკარგვა“ სამშობლოს ღალატად მივიჩნიეთ. დასხდნენ ბიჭები და იმ ერთ სტრიქონზე ახალი ლექსი დაწერეს. მგონი, დროა, გავამხილო რამ აგვაფორიაქა, გალაქტიონისადმი მიძღვნილი ქალბატონ ნუნუს ლექსი ასე იწყებოდა:
,,გალაკტიონი მივიდა ზღვასთან და ზღვა გამოჩნდა როგორც წერტილი“…
მთელი განყოფილებისა და მეზობელი ოთახების მკვიდრთა ძალისხმევით ეს კოლექტიური ნაშრომი მალე ერთ-ერთ ლიტერატურულ გამოცემაში დაიბეჭდა და დიდი მოწონებაც ხვდა წილად. ქალბატონ ნუნუსთან სათანადო წერილი ვაფრინეთ და პასუხმაც არ დააგვიანა, სულ ერთი წინადადება გაიმეტა ჩვენთვის:„ დიდი მადლობა, რომ ჩემს პოეზიას თქვენი სახით ღირსეული შემფასებელი გამოუჩნდა“…
იმ დღის შემდეგ, ქუთაისიდან წერილები კი მოდიოდა, მაგრამ ამ ქალბატონს მეტად აღარ შევუწუხებივართ. არცაა გასაკვირი, ის ხომ უკვე შემდგარი პოეტი იყო…