თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეგვიპტიდან დაახლოებით 11 ათასი რუსი ტურისტი გამოიყვანეს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის ვიცე —პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა.
„ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასამდე კაცი გამოიყვანეს. დღეს შესაძლოა უფრო მეტიც იყოს, რადგან ამ მხრივ დღეს ყველაზე ცხელი დღეა“, — თქვა დვორკოვიჩმა.
მისი განცხადებით, ავიაკატასტროფამდე ეგვიპტეში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობა ფასდებოდა როგორც დაახლოებით 80 ათასი. „გასაგებია რომ სამუშაო დღეებში რეისების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ხოლო შემდეგ უქმეებზე კვლავ პიკი იქნება. გუშინ თავი გავართვით, თუმცა იყო ბარგთან დაკავშირებული პრობლემები. მაგრამ მერე ფაქტიურად შეფერხების გარეშე შედგა ყველა რეისი“, — თქვა დვორკოვიჩმა.
მან ასევე აცნობა ჟურნალისტებს, რომ რეგიონებში ეგვიპტიდან გამოყვანილი ტურისტების ბარგი ავიაკომპანიების რეგულარული რეისების საშუალებით ჩამოვა. „რეგიონებში ჩემოდნები ძირითადად იმ ავიაკომპანიებით მოხვდება, რომლებიც რეგულარული რეისებით დაფრინავენ ამ რეგიონებში. ისინი იქ გადმოიტვირთება და მგზავრებს აცნობებენ სად შეძლებენ თავიანთი ბარგის მიღებას. ან მათი სურვილით, ბარგი შესაძლოა „რუსეთის ფოსტითაც“ გაიგზავნოს“, — თქვა დვორკოვიჩმა.
მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანხმობა განაცხადა რუსული ავიალაინერის A321-ის კატასტროფის გამოძიების დასრულებამდე, ეგვიპტეში ავიარეისების შეჩერებაზე. მან ასევე დაავალა შესაბამის ორგანოებს, რომ ხელი შეუწყონ რუსეთის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში.