სიზმარი სიზმარში და ქვეცნობიერის მიღმა სხვა რეალობის ძიება

© ოჯახის ფოტოარქივიმხატვარი ალექსანდრე ბიგანაშვილი
მხატვარი ალექსანდრე ბიგანაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

  სალომე გურგენიძე

 მხატვარი ალექსანდრე ბიგანაშვილი,- მისი სამყარო სრულიად განსხვავებულია და დროსა და სივრცეში დამოუკიდებლად არსებობის პრეტენზია აქვს. სამყაროს სიღრმისეულად ხედავს და არსებული რეალობის მიმართ მეტად მგრძნობიარეა. სიურეალისტი მხატვრის მიზანია, მის ნამუშევრებში არაცნობიერის წინ წამოწევა…

 — ბატონო ალექსანდრე, ვიცი, ხატვით ბავშვობიდან იყავით გატაცებული. შარვაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელის დამთავრების შედეგ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარეთ… 

— ჩემი დიდი ნატვრა იყო აკადემიაში მესწავლა. ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ მესამედ არქიტექტურის ფაკულტეტზე, მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის სპეციალობაზე ჩავირიცხე. ნიჭიერი სტუდენტებისა და შესანიშნავი პედაგოგების გარემოცვაში მოვხვდი. ის დრო ჩემთვის საინტერესო და შემეცნებითი იყო. შენობა-ნაგებობებისა და კომპლექსების გაფორმების სხვადასხვა პროექტები მქონდა. მონაწილეობას ვიღებდი პარკებისა და სკვერების მოხატვა-გაფორმებაში. 

მხატვარი ალექსანდრე ბიგანაშვილი
მხატვარი ალექსანდრე ბიგანაშვილი - Sputnik საქართველო
მხატვარი ალექსანდრე ბიგანაშვილი

 — როდის გაგიტაცათ სიურეალიზმმა და რატომ?

— სიურეალიზმა სერიოზულად 23 წლის ასაკში გამიტაცა,- როცა მოულოდნელად  ამ ჟანრში ჩანახატებისა და ესკიზების კეთება დავიწყე. იერონიმუს ბოსხის, სალვადორ დალისა და მაქს ერნსტის ნამუშევრებმა აღმაფრთოვანა. შთაგონება კი ჩემი შემოქმედებისთვის  -ჩემი სიზმრები იყო… ვიფიქრე რატომაც არა, შესანიშნავი აზრი იყო ჩემს ქვეცნობიერს, იმ ფარულ და შეუცნობელ სამყაროს უფრო ღრმად ჩავწვდომოდი. ვიფიქრე, რომ მსგავსი რამ საინტერესო იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. მას მერე საკუთარი სიზმრებით შთაგონებული სერიოზულად ვარ…

  — ბატონო ალექსანდრე, რადგან თქვენი შემოქმედების შთაგონების წყარო საკუთარი სიზმებია,-ხომ არ გაიხსენებთ ერთი რომელიმე ნახატის შექმნის ისტორიას..

— დიახ, ნახატებში ჩემი სიზმრები, ქვეცნობიერი აზრები და ხილვებია. ზოგჯერ ნანახი ტილოზე მაშინვე გადამაქვს, ზოგჯერ ვუღრმავდები მუშაობის წინ მედიტაციის სახით და მასზე მუშაობას შემდეგ ვიწყებ. რაც შეეხება, კონკრეტულ ნამუშევარს,- ნახატში „სიმშვიდის გამოძახილი სიზმრის მიღმა“, პირდაპირ გადმოტანილია ჩემი გრძნობები, ემოციები და განცდილ-ნანახი. იმდენად ძლიერია ხოლმე შთაგონებები, რომ ისინი გამოღვიძებისთანავე მიბიძგებენ ნახატის შექმნისკენ. ამ დროს ჩემზე არც სიცივე, არც შიმშილი და არც დაღლა არ მოქმედებს.უცნაურ ექსტაზში ვარ და მთელი გულით და სულით ნახატში ვარ. ასე გადის ხოლმე საათები…

 - ახლახან გალერეა,,ვაჩეში” გქონდათ გამოფენა…

— დიახ, 30 ოქტომბერს, გალერეა „ვაჩემ“ უმასპინძლა ჩემს გამოფენას, სადაც 26 ნამუშევარი გამოვფინე,-როგორც ფერწერა, ასევე გრაფიკა. ამ გამოფენისთვის  მთელი ერთი წელი ვემზადებოდი. თემატიკა: ქვეცნობიერის მიღმა სხვა რეალობის ძიება. 

მხატვარი ალექსანდრე ბიგანაშვილი
მხატვარი ალექსანდრე ბიგანაშვილი - Sputnik საქართველო
მხატვარი ალექსანდრე ბიგანაშვილი

 — ბატონო ალექსანდრე, რა გსურთ ადამაინებს თქვენი ნახატებით უთხრათ?

— სიზმარი სიზმარში,- ეს მდგომარეობა შთაგონების წყაროა… მინდა ყველამ გაიგოს, რომ ქვეცნობიერი რეალური სამყაროა, რომელსაც გაურბიან, რომელიც აშინებთ და თრგუნავთ, მაგრამ თუკი მას სათანადოდ შეიცნობენ,- მაშინ შიშიც გაქრება…ჩემს ნამუშევრებში  არაცნობიერის წინ წამოწევაა პრიორიტეტი. ესაა უკონტროლო სულიერი მდგომარეობის, შემთხვევით წარმოქმნილი ხატებისა და სიტყვების ნამუშევრებში  გადატანა. სიურეალიზმი ადამიანის გათავისუფლების საშუალებაა და მისი მიზანია, ადამიანის გათავისუფლება იმ არაცნობიერი განცდებისა თუ ემოციებისგან, რომლებსაც თამამად ვერ გამოვხატავთ ხოლმე… თითოეული ადამიანი შეზღუდულია იმ წესებითა და დოგმებით, რომელსაც საზოგადოება ადგენს და რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც ადამიანი საზოგადოებისთვის მიუღებელი ხდება.. ასოციალურობის, საზოგადოებისგან გამიჯვნის შიში კი ადამიანს იმისკენ უბიძგებს, რომ საკუთარი განცდები სიმბოლოების საშუალებით გამოხატოს…

 - დიდი მადლობა, გისურვებთ წარატებას.


ყველა ახალი ამბავი
0