„სიმღერა“ ორ ხმაში და სოლო პარტიის მოლოდინი

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშიФлаг Грузии
Флаг Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა

 სულხან მელაძე

 თქვენი არ ვიცი და, მე კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებამ  ძალიან გამაოცა და დამაფიქრა:

,,ჩვენ გვინდა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას შევთავაზოთ, კონსტიტუციის ფარგლებში მივაღწიოთ მათი, როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო უფლებების დაცვას. საქართველო მზად არის, განიხილოს და ჩვენ გვაქვს ხედვები, მოსაზრებანი, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი. ასე, რომ ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, ამ მიმართულებით მეტი გახსნილობა გვქონდეს“, —განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

  უფროსი და საშუალო თაობის მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ ქართული სახელმწიფოს ფედერალიზაციის თაობაზე საუბარი და მსჯელობა არახალია და ის აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს უკავშირდება. განსაკუთრებული სტატუსი ფედერალურ საქართველოში — ეს ფორმულა აფხაზეთისთვის უცხო ნამდვილად არ არის. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა ამ შინაარსის წინადადებით ერთმანეთს რამდენჯერმე მიმართეს. 

 ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე: „წინადადებას ფედერალურ საქართველოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ ქართველი პოლიტიკოსები აფხაზურ მხარეს ხშირად სთავაზობდნენ. ხოლო 1993 წელს, როცა ევგენი პრიმაკოვმა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ვლადისლავ არძინბა თბილისში ჩამოიყვანა, საქართველოს ეს წინადადება თავად აფხაზებმა და რუსებმა შესთავაზეს. მაშინ ქართულმა მხარემ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა. მას შემდეგ ასეთი ტიპის შეთავაზება კიდევ რამდენჯერმე იყო“

 საგულისხმოა, რომ საქართველოდან ამგვარი შეთავაზებები კეთდებოდა იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის ფედერალიზაციის საკითხზე ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ერთიანი პოზიცია არ არსებობდა. შესაბამისად, არავის უწყის როგორ განვითარდებოდა პროცესები აფხაზთა მხრიდან  თანხმობის შემთხვევაში. ფაქტია, რომ ახლაც, დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოცდაოთხი წლის მანძილზე, ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა ვერაფრით შეთანხმდა არათუ ქვეყნის კონკრეტულად ფედერალური, არამედ ზოგადად ტერიტორიული მოწყობის პრინციპზე. საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის შემთხვევაში, ეს პრინციპი ქვეყნის ძირითად კანონში შესაბამისი ჩანაწერით, კონსტიტუციური ნორმებით უნდა განისაზღვროს. ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე საქართველოში კონსტიტუციური რეფორმა რამდენჯერმე განხორციელდა. უკლებლივ ყველა ეტაპზე ითქვა, რომ ტერიტორიული მოწყობის საკითხი კონსტიტუციის თეთრი ლაქაა, თუმცა ის ამ ხნის განმავლობაში მოქმედი არც ერთი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში არ განხილულა. მთავარი მიზეზი სწორედ პოლიტიკური სპექტრის შეუთანხმებლობაა. საზოგადოებას წლიდან წლამდე ასეთი შინაარსის განმარტება ესმოდა: საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება, მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. ასე მოვედით დღემდე და ცვლილებებისთვის მზაობა არც ახლა არის. 

 კონსტიტუციონალისტი ვასილ გონაშვილი: „ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხი საკონსტიტუციო კომისიაში არც ამჟამად განიხილება“. 

 ახლა პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას დავუბრუნდეთ. არავინ იფიქროს, რომ ჩემი განცდები, რაზეც სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ,  განცხადების შინაარსითა და პათოსით, ან სახელმწიფო მინისტრის პოზიციით არის გამოწვეული. არა, უბრალოდ ახლა მრავალი კითხვა იბადება და მათ შორის ალბათ მთავარია: რატომ გაჟღერდა ეს წინადადება სწორედ ახლა და რა პერსპექტივა აქვს მას ახალ რეალობაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. 

 კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი: „ეს ინიციატივა ახალი არ არის. ცალმხრივ ინიციატივას ძალა არა აქვს. პაატა ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ მას ოპონენტებთან  კონსულტაცები  ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ეს დოკუმენტი როგორც ლეგიტიმური, არ შეიძლება, განიხილებოდეს. რადგან ექსპერტიზის დონეზეც კი ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა მას გავცნობოდით. ამას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მისი კოლეგა, თემურ იაკობაშვილი არ კადრულობდა. ამ კონფლიქტების მოგვარების რეალური სახელმწიფო სტრატეგია დღემდე არ არსებობს და ადეკვატური სტრატეგია ვერც იარსებებს, რადგან პოლიტიკურ ელიტაში ამ კონფლიქტის სტრუქტურის აღქმა არ არის ადეკვატური. 2016 წლის საპარლანმენტო არჩევნები გვიახლოვდება და საზოგადოება  მართველ პარტიას ჰკითხავს: რა გაკეთდა კონფლიქტების მოგვარებისთვის. ამ თვალსაზრისით აბაშიძე-კარასინის ფორმატი გაცილებით უფრო ეფექტურად გამოიყურება, ვიდრე სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სიტუაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იძაბება. ხაჯიმბა იმდენად გათავხედდა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის იმ ნაწლს, ვისაც ქართული პასპორტები აქვს, — უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უწოდებს. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ სეცესსიონისტური რეჟიმების მხრიდან მოხდეს კიდევ ერთი შეტევა და ამ ტერიტორიების ეთნო-პოლიტიკური თუ იდეოლოგიური წმენდა გაგრძელდეს. ანტიქართული რიტორიკით პოზიციების განსამტკიცებლად ხაჯიმბას ექსტრემისტული გამოხტომების სჭირდება. ახლა მისი მთავარი ამოცანაა პოზიციების გამყარება და პოლიტიკური ოპონენტების განადგურება სოხუმშიც. ასე თუ შეტოპავს, შესაძლებელია, ხელისუფლება მართლა დაკარგოს და შემდეგ მოსკოვიდან გადმოსროლილი ოპერატიულად გაორმაგებული პოლიტიკური ინვესტიციები მას არ უშველის.

 შიდა დაპირისპირების ფონზე, ასეთი ტიპის საუბრები ფედერალიზაციაზე მას ხელს შეუწყობს, რომ პოლიტიკური ოპონენტები თბილისთან სეპარატულ მოლაპარაკებებში დაადანაშაულოს და მათი დევნა დაიწყოს. ცხინვალში კი  მოსკოვისაკენ მოძრაობას აგრძელებენ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების აქტიური დევნა აქაც მიმდინარეობს. ამიტომ საქართველოს პოლიტიკა ამ რეგიონებში ადამიანების პოლიტიკური უფლებების დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს არის ჩვენი როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის საგანი. სამწუხაროდ, ჩვენ ამისთვის არაფერს  ვაკეთებთ“.


ყველა ახალი ამბავი
0