ძია რაფოს 15 მსოფლიო რეკორდი და შაჰისგან მიღებული ჯილდო

© ოჯახის ფოტოარქივირაფაელ ჩიმიშკიანი -ძალოსანი
რაფაელ ჩიმიშკიანი -ძალოსანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 თამაზ ჩიქვანაია

 დაიბადა და უკვე 86-ე წელია თბილისში, „ზემელზე“ ცხოვრობს. მისი სპორტული ნათლობაც აქვე შედგა. ერთხელ როცა მეორე მსოფლიო ომის დროს, მეზობელი დილაობით შტანგით ვარჯიშობდა, ტანმორჩილ, მაგრამ ღონიერ ყმაწვილს საკუთარი თავის გამოცდა მოუნდა.. როცა ნახა, რომ იოლად გაუმკლავდა წონას, მერე აღარც მოეშვა და ომის დამთავრებამდე შინ, მეზობლის მალულად ვარჯიშობდა. 16 წლის იყო, სრულიად უცნობი კაცი მტკვარზე მის ჭიდაობას ბევრად დიდ თანატოლებთან შემთხვევით რომ შეესწრო და იგი ბესიკის ქუჩაზე სარდაფში მდებარე ძალოსნობის დარბაზში მიიყვანა. ამის შემდეგ წარმატებები იყო.. თუმცა მანამდე, თავად დღევანდელი ისტორიის გმირს გაგაცნობთ: რაფაელ ჩიმიშკიანი, სომეხი მამისა და ქართველი დედის აღზრდილი ნამდვილი თბილისელი და საქართველოზე შეყვარებული კაცი. მის დამსახურებებსაც ჩამოგითვლით: პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის პირველობების 5-გზის გამარჯვებული, 10-გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და 15 მსოფლიო რეკორდის ავტორი.

 ამ მართლაც შთამბეჭდავი ჩამონათვალის უკან დიდი შრომა, უამრავი წყენა, სიხარული და თბილისის საპატიო მოქალაქის, ძია რაფოს უაღრესად საინტერესო ცხოვრებაა. დღეს ამ დიდი სპორტსმენის განვლილი გზიდან რამდენიმე ეპიზოდს მოგითხრობთ.

 რაფაელ ჩიმიშკიანი:,,ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჰელსინკის ოლიმპიადა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ საბჭოთა კავშირში ყველას ვჯობდი, ჩემი იქ მონაწილეობა მაინც სათუო იყო. ამას დაემატა ფილტვების ანთება და ბოლო წუთამდე არ ვიცოდი, გამოვიდოდი ჰელსინკში თუ არა. ჩვენი გუნდი ვიბორგიდან ჰელსინკამდე მატარებლით გაემგზავრა. ჩვენი ვაგონი შემადგენლობის ბოლოს იყო. არსენ მეკოკიშვილმა იხუმრა: ნუ დარდობ, რაფო, ფინეთიდან ორივე პირველი ვაგონით ვიმგზავრებთ, —ჩემპიონები აუცილებლად გავხდებითო“!

 ასეც მოხდა, მაგრამ მანამდე, მესუჰალეს დარბაზი და პირველი ადგილისთვის კურიოზებით სავსე ბრძოლა იყო… ბატონ რაფოსთან ერთად ამ წონაში რუსი ნიკოლაი საქსონოვი ასპარეზობდა. 

 რაფაელ ჩიმიშკიანი:,,ყველამ მიმატოვა, მწვრთნელებმა, მასაჟისტებმა, ექიმებმა. პრაქტიკულად მარტოს მიწევდა ბრძოლა, ამას დაემატა არასწორად შეკვეთილი საწყისი წონა და აკვრაში პირველი ცდა გამიცუდდა, არადა, ტრინიდატელმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. საბოლოოდ იყო გამარჯვება და მსოფლიო რეკორდი სამჭიდის ჯამში“. 

 აქვე, მინდა ჩემი უფროსი კოლეგების ნაამბობი მოგითხროთ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ციმაკურიძეა, თუმცა როგორც მიამბეს, ოქროს მედალი პირველმა სწორედ ჩამიშკიანმა მოიპოვა, მაგრამ ის დელეგაციის ხელმძღვანელთან მისულა და უთქვამს: უმჯობესია, პირველი ჩემპიონი ქართველი იყოს. ამ თემაზე საუბარს ის დღემდე გაურბის, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ერთხელ მიღებული გადაწყვეტილების ერთგულებაა და ამით ის კიდევ უფრო დასაფასებელია.

 უკვე ტიტულებდახუნძლულს იმის მტკიცება მაინც მუდმივად უწევდა, რომ საუკეთესო იყო. არც მელბურნში წაიყვანეს და არც 1957 წელს თეირანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყვანეს. მისმა შემცვლელმა მინაევმა კი — ორივე ეს შეჯიბრი წააგო. თეირანში ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ირანის შაჰმა რეზა ფეჰლევიმ ახალაშენებულ დარბაზში რეკორდების შეჯიბრი მოაწყო; დიდი ბჭობის შემდეგ ჩიმიშკიანს გამოსვლის უფლება მისცეს. მანაც მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა აკვრასა და ატაცში და ჯილდოც პირადად შაჰისგან ჩაიბარა.თავად ყველაზე თბილად ჰელსინკიდან დაბრუნებას იხსენებს.

 რაფაელ ჩიმიშკიანი:,,მოსკოვიდან მატარებლით წამოვედით, სამტრედიაში გულშემატკივრებმა მატარებელი გააჩერეს და მთელი ბაქანის გაყოლებაზე გაშლილი პურმარილი დაგვახვედრეს. ამ ხნის კაცი ვარ და დღემდე თვალზე ცრემლი მადგება, იმ ღამეს რომ ვიხსენებ, —ასეთი რამე მხოლოდ საქართველოში თუ მოხდებოდა“.

 სასიხარულოა, რომ ჩვენი ლეგენდა დღეს თავს ისევ მხნედ გრძნობს და შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილის ბედნიერებით ხარობს, ენატრება თავისი დროის „სიყვარულის თბილისი“ და ის ადამიანები, ვის გვერდითაც ქართული სპორტის ისტორიას წერდა. 

 

 

რედაქცია შესაძლებელია არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0