"იყო ახალგაზრდა და იცოდე, რას ნიშნავს წლები“

© ლევან ტუღუშიფოტოხელოვანი ლევან ტუღუში
ფოტოხელოვანი ლევან ტუღუში - Sputnik საქართველო
გამოწერა

 თამარ გერლიანი

 ,,კარგი ფოტოხელოვანისთვის მთავარია  სიმშვიდე, შემოქმედებითი თავისუფლება, ღიმილი და პოზიტივი…  მერე ფოტოგრაფის მიმართ ნდობა და შედეგიც არ დააყოვნებს". — გვითხრა ნიჭიერმა, საინტერესო ფოტოხელოვანმა ლევან ტუღუშმა. მის მიერ გადაღებული ფოტო-პორტრეტები გამორჩეულია, მხატვრული და დახვეწილია. ალბათ ამიტომაა, რომ მის შემკვეთებს შორის ბევრი გემოვნებიანი პიროვნებაა. ურთიერთობაში გულწრფელია და ფიქრობს, რომ იყო ადამიანი — ამას არ ჭირდება პოლიტიკა, მთავრობის სწორი ქმედებები და ამბიონიდან ქადაგება. უბრალოდ, უნდა იყო ის, რაც ხარ და არ ითამაშო…

 —ბატონო ლევან, რომელი იყო თქვენი პირველი ფოტოაპარატი და პირველად რა აღბეჭდეთ მასზე?

 -ჩემი პირველი ფოტოაპარატი,,ფედი“ იყო. მაშინ ძირითადად შავ- თეთრ ფოტოებზე მუშაობდნენ, ფერად ფოტოებს იშვიათად იღებდნენ. მეც შავ-თეთრ ფოტოებზე ვმუშაობდი  ფირს ვამჟღავნებდი და თავადვე ვბეჭდავდი. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პროცესი იყო. პირველი ფოტო როგორც მახსოვს, დედის სურათს გადავუღე. განსაკუთრებით ადამიანთა პორტრეტის გადაღება მიზიდავს. ფოტოზე მუშაობა შრომასა და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.  როგორც ცხოვრება მოიცავს იოლ და რთულ მხარეებს, აქაც ასევეა. თუმცა ამ ბოლო ხანს ცხოველებმა და მწერებმაც, ბუნებამ და ყველაფერმა ბუნებრივმა, გამიტაცა. ფოტოხელოვნება საოცრებაა — ფოტო ხომ დროის გაჩერების შესაძლებლობას გაძლევს…  

 —რომელია თქვენს მიერ გადაღებული ყველაზე შთამბეჭდავი კადრი?

 —ყველაზე შთამეჭდავი კადრი სვეტიცხოველში გადავიღე, რაც,  ვფიქრობ,  ღვთის დიდი შემწეობით მოხდა. ამ ფოტოს მხოლოდ ისეთ ადამიანებს ვაჩვენებ ხოლმე, ვისაც ეგების…   იმიტომ, რომ ზოგჯერ ისეთი განცდა მეუფლება,  ადამიანებს სარწმუნოება ნაკლებად სჭირდებათ… ფოტოხელოვნება ხომ დროს აჩერებს?.. დრო კი — ისეთი ცვალებადია, რომ ერთი და იმავე მომენტი მოცემულ განზომილებაში არასდროს მეორდება. ყოფილა შემთხვევა, რომ ფოტოკამერისთვის თვალი აურიდებიათ. შესაძლოა, ადამიანს ის, რაც დღეს არ მოსწონს და არ სურს, პირიქით —  შემდეგ მოეწონოს და ინანოს კიდეც, ასე რომ მოიქცა. მაგრამ ხშირად უთქვამთ, რა კარგი კადრი გამოვიდა და კარგია, რომ დაგიჯერეთო…შთამბეჭდავ კადრს რაც შეეხება, მახსენდება ზოოპარკში თეთრი ვეფხვების გადაღება. ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ მიუხედავად საფრთხისა, მაინც ვერ ვეშვებოდი. ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ისინი ცოცხლები აღარ არიან…

© ლევან ტუღუშითეთრი ვეფხვი
თეთრი ვეფხვი - Sputnik საქართველო
თეთრი ვეფხვი

 —ძალიან ბევრი პიროვნების ფოტო-პორტრეტი გაქვთ გადაღებული..

 —მართლაც უამრავი ადამიანი გადამიღია, რომელი ერთი გამოვყო, არ ვიცი…გავიხსენებდი ენდი გარსიას, რომელსაც შემდგომ ჩემი გადაღებული ფოტო გადავეცი და მახსოვს, როცა ნახა, გაუკვირდა — აშკარად არ ელოდა. ერთხელ საოცარი ადამიანის, მაესტრო ნოდარ ანდღულაძის ინტერვიუს ვწერდი და მან მითხრა:,,თუ სიმშვიდე არ არის,  ხელოვნებაში მუშაობა არ შეიძლებაო“, რასაც ვეთანხმები.

 —ბატონო ლევან, დღეს თითქმის ყველას ფოტოკამერა უჭირავს, როგორ ფიქრობთ, რა დონეზეა ქართული პროფესიონალური ფოტოხელოვნება?

 -მე ვფიქრობ, ისევე როგორც ამა თუ იმ დარგების უმეტესობა — ფოტოგრაფიაც ფულის კეთების დონეზეა. გამოჩენის საბაბით რეალობის შელამაზება არ მიყვარს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს  ხელოვნების კარგი ნიმუშები არ იქმნება. მე ვფიქრობ, პირველ რიგში,  ადამიანი უნდა იყო. ნიჭი რომ უნდა გქონდეს, ალბათ ეს საკამათოც არ არის და რაც ძალიან მთავარია, სიმშვიდე, შემოქმედებითი თავისუფლება, მეტი ღიმილი და პოზიტივი, ნდობა ფოტოგრაფის მიმართ და შედეგიც ყველასათვის სასურველი იქნება. თუმცა ვფიქრობ, რომ მეც დამწყები ფოტოგრაფი ვარ და ყოველთვის ვიქნები. ადამიანმა მუდმივად უნდა იმუშაო,  საკუთარი პროფესიონალიზმი აიმაღლო. სხვა თუ არაფერი, ტექნიკა ვითარდება და აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი საშუალებებიც უფრო მეტია. არაფერია შეუძლებელი, მთავარია, შეუპოვრობა და დადებითი განწყობა. დროის ზუსტად გადანაწილება და მიზნის ზუსტი განსაზღვრა, თანამოაზრე მეგობრები და საქმე თავისით გაკეთდება. სამომავლო გეგმებზე რა გითხრათ?— ცოტა არ იყოს, მომწყინდა  ე.წ. ივენთები… გამოფენებს ჯერ არ ვგეგმავ  იმიტომ, რომ უფრო სათანადოდ მუშაობას ვამჯობინებ. თუმცა, ალბათ, ამის დროც დადგება…

© ლევან ტუღუშიდაისი
დაისი - Sputnik საქართველო
დაისი

 —და ბოლოს, შეგიძლიათ მითხრათ, რაზე წყდება გული ადამიანს, რომელიც,,დროს აჩერებს“ ხოლმე?

 — იცით, ბევრ რამეზე მწყდება გული… რომელი ერთი გითხრათ? ადამიანებს ბევრი რამ არ ესმით… რა დიდი ცოდნა და პოლიტიკა უნდა იმას, რომ ადამიანმა ქუჩაში ნაგავი არ დაყარო, გადასასვლელზე გზა ქვეითად მოსიარულეს დაუთმო, თუ ვინმეს შემთხვევით ფეხი დაუცდა, არ დაამცირო. დაინახო რჩევასა და ჭკუის სწავლებას შორის განსხვავება, გამარჯობა უთხრა ადამიანს, რომელიც არ,,გჭირდება“ იმიტომ, რომ საზოგადოებაში,,როლის" გარეშე ვერ დამკვიდრდები, იცოდე გაჭირვებულის დახმარება, გუნდურ მუშაობაში მონობასა და ბატონობას არ გულისხმობდე, იყო ახალგაზრდა და იცოდე, რას ნიშნავს წლები, ადამიანის ფასეულობას არ განსაზღვრავდე მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით, რომ იყო ადამიანი. ამას არ ჭირდება პოლიტიკა, მთავრობის სწორი ქმედებები და ამბიონიდან ქადაგება. იყო ის, რაც ხარ და არ ითამაშო…

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0