,,ქალთა საბჭო“ საგარეჯოს რაიონის მთიანი სოფლების მოსახლეობას დაეხმარა

© photo: Sputnik / M. Yurchenko / გადასვლა მედიაბანკშისოფელი კახეთში
სოფელი კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ლალი ნოზაძე

  ორგანიზაცია „ქალთა საბჭო“ უკვე წლებია, მთიანი რაიონების სოფლების მაცხოვრებლებზე ზრუნავს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საგარეჯოს რაიონის მთის მოსახლეობა იყო. შარშან „ქალთა საბჭოს“ წარმომადგენლები თბილისის დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმებთან ერთად სოფელ გომბორს ეწვივნენ და 220 შეჭირვებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფასოდ გამოიკვლიეს, ხოლო „ავერსის“ დირექტორმა, პაატა კურტანიძემ, მათ წამლები გაუგზავნა. წელს ანალოგიური გამოკვლევები სოფელ კოჭბანიში განსაკუთრებულ სიდუხჭირეში მცხოვრებ 120 მთიელს ჩაუტარდა. 

 ლალი გუჯაბიძის კლინიკის ექიმები იმ პაციენტებს, რომლებსაც უძლურების გამო გადაადგილება უჭირთ, სახლებში თავად  ეწვივნენ, გასინჯეს და წამლებიც საჩუქრად გადასცეს. საქართველოს „ქალთა საბჭოს“ გვერდში დგომით უზომოდ მადლიერი იყო სოფლის  მოსახლეობა, რადგან უსახსრობის გამო ისინი გამოკვლევებზე ვერ მიდიოდნენ. 

 ქეთევან გაბრუაშვილი, საქართველოს „ქალთა საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი:,,ჩვენ არც მთის სოფლის სკოლაში მოღვაწე ქალბატონები დავივიწყეთ. ისინი, ვინც ჩვენს ქვეყანაში არსებულ რთულ ყოფას, რამდენიმე ათეული ლარის ანაზღაურების ფასად, მართლაც, ღირსეულად გაუძლო. ამ პედაგოგ ქალბატონებს სკოლა თოვლში, ქარში, ყინვაში არ მიუტოვებიათ, სასწავლო პროცესი არ ჩაუშლიათ და გაკვეთილები ხშირად კაბაგაწურულებს ჩაუტარებიათ. აი, სწორედ ასეთი ღირსეული და ამაგიანი ქალბატონებია: ანგელინა ნადირაძე, მაია ბალიაური და მაია დიდებაშვილი. საქართველოს „ქალთა საბჭოს“ აღმასრულებელმა საბჭომ  ისინი სიგელებით დააჯილდოვა“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში საქართველოს „ქალთა საბჭოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან გაბრუაშვილმა. 

 სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ აგრეთვე სოფელ კოჭბანის მრავალშვილიანი დედები, ხოლო  კომპანია „ავერსმა“ მთიელებს საჩუქრად წამლები გაუგზავნა. საგარეჯოს რაიონის მთის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს „ქალთა საბჭოს“ ხელმძღვანელობას, ლალი გუჯაბიძესა და მისი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმებს და კომპანია „ავერსის“ დირექტორს, პაატა კურტანიძეს უდიდესი მადლობას უხდის მათდამი გამოჩენილი დიდი ყურადღებისა და დახმარებისათვის. 

   შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია,,ქალთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეც აკადემიკოსი მზექალა შანიძეა, უკვე 70 წელია, რაც არსებობს. ორგანიზაციას შარშან  ,,ტოლერანტის ქომაგის“ წოდება მიენიჭა და ის ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს მართავს.


ყველა ახალი ამბავი
0