„შემაგინე და გესვრი“, ანუ ,,ჯოტია ცაავას“ ნამდვილი ამბავი

© films.mcvane.geკადრები ფილმიდან რეკორდი
კადრები ფილმიდან რეკორდი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ირმა ლეჟავა    

 რეჟისორ გურამ პატარაიას სატელევიზიო მხატვრული ფილმი „რეკორდი“ ალბათ ქართველების სარეკორდო რაოდენობამ იცის ზეპირად. „რეკორდის“ რეკორსმენი ჯოტია ცაავა ყველას კარგად გვახსოვს. მის ეკრანზე გამცოცხლებელს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძალიან ყურადღებიან, ღიმილიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, კობა ღვინიაშვილს რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით შევხვდი. 

კობა ღვინიაშვილი: ჟურნალისტები დღესაც ხშირად მირეკავენ და ჩაწერას მთხოვენ, მაგრამ ხომ იცით, ინტერვიუები დიდად არ მიყვარს.

 ძველი ნაცნობობის წყალობითის ის მაინც დავიყოლიე და კარგა ხნის წინანდელი ფილმის გადაღების ამბების გახსენება ვთხოვე. 

 — ბატონო კობა, ფილმში ძალიან სიტყვაძუნწი ხართ, ცხოვრებაში კი… 

 -ცხოვრებაში სიტყვაძუნწი არ ვარ, ასეთი რთული როლი ცხონებულმა გურამ პატარაიამ მარგუნა. ჩემი სამსახიობო დებიუტიც ეგ იყო და ფინალიც. ამ გამოცდილებით მივხვდი, რაც მეტი სიტყვაა ფილმში, მით უფრო ადვილია შესასრულებლად, პაუზა კი ძნელია…

 -თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, როგორ აღმოჩნდით ამ ფილმის  გადაღებაზე?

 — მახსოვს, 1972-73 წლები იყო და ტელევიზიაში, გარე გადაღების მანქანაზე, ე. წ.,,კრანზე“ ვმუშაობდი. იმხანად ხანგრძლივი მივლინებით ბათუმში ვიმყოფებოდი. გურამ პატარაიას, რომელსაც მანამდეც ვიცნობდი, შემთხვევით შევხვდი იქ. ათას რამეზე ვისაუბრეთ და ბოლოს, მთხოვა: მხატვრულ ფილმს ვიღებ გეგეჭკორში (ახლანდელ მარტვილის რაიონში) წამოდი, მჭირდები,- მივლინებასაც გაგიფორმებო. ბათუმში საქმეებს მოვრჩი და უკვე თბილისში ვბრუნდებოდი, ამიტომ გურამს დავთანხმდი.  „რეკორდის“ გადაღება დაწყებული იყო და ჯოტია ცაავას როლს ასრულებდა გოგი ქავთარაძე, რომელიც მაშინ ბათუმის თეატრში მუშაობდა. სხვათა შორის, შოუს როლის შემსრულებელიც სხვა გოგონა იყო — გოგი ქავთარაძის ბათუმელი მეზობელი მედიკო ჯიჯეიშვილი. გოგი ჩემზე ცოტა უფროსი იყო და, თურმე, რეზო ჩხეიძეს მისი ასაკის გამო უთქვამს: უხერხული იქნება,  გოგიმ ფილმში „ხუტა უფროსს“ — ლამის თავის კბილა კაცს ბიძია რომ უნდა დაუძახოსო; გარდა ამისა, მგონი, გოგიმაც უარი თქვა, — ბათუმის თეატრში ძალიან დაკავებული იყო და გეგეჭკორში ხშირად ვერ ჩადიოდა, ამიტომ გადაღება ჯანჯლდებოდა. მოკლედ, როგორც ჩანს, გურამმა ჩემთან შეხვედრისას  გულში ჩაიდო, ჯოტიას როლზე რომ მოვესინჯე. სამეგრელოში ჩასულს ეს რომ გამიმხილა, გაოცებულმა ვუთხარი: ჩემო გურამ, ცხოვრებაში არსად მითამაშია, სასკოლო დადგმებშიც არ მიმიღია მონაწილეობა, რომელ ფილმზე მელაპარაკები-მეთქი?! — კაი რა, ამაზე ადვილი რა არის! აბა თქვი: „შემაგინე და გესვრი-!“ აშკარად იხტიბარს არ იტეხდა. მე წყნარად გავიმეორე ფრაზა. — ბიჭო, გაბრაზებულმა თქვი, შენზე გავაკეთე „სტავკა“, არ დამღუპოო, — მითხრა. ალბათ  „სტავკაზე“ იცრუა, ყოველ შემთხვევაში, ვიფიქრე, მოდი, თავს გამოვცდი. თუ შევძლებ თამაშს, გურამსაც დავეხმარები, თან ალბათ ჰონორარსაც მომცემენ-მეთქი. ძალიან მოვინდომე და გაბრაზებულმა შევძახე: შემაგინე და გესვრი-მეთქი და… გამომივიდა.  ფილმის ოპერატორს, ირაკლი ონოფრიშვილის ბევრი დუბლის გადაღება არ უყვარდა, ამიტომ მეტ დროს რეპეტიციებს უთმობდა. მე რეპეტიციას არ გავდიოდი (იქ უფრო არ გამომდიოდა თამაში) და პირდაპირ მიღებდნენ. ალბათ მერე იმ კადრებიდან საუკეთესოები შეაწებეს და რაღაც გამომივიდა.

 —ბატონო კობა, ამ ფილმში რეჟისორმა შემსრულებელთა ძალიან საინტერესო ანსამბლი შეკრიბა… 

 —აბა რა, ყველანი პროფესიონალები იყვნენ. ძალიან მაგარია მანუჩარ შერვაშიძე დურუ ხუნჭუას როლში, ასევე, ცუცას როლში- ქუთაისის თეატრის მსახიობი ქეთინო ჭუჭულაშვილი. საერთოდ, ყველანი თეატრის მსახიობები იყვნენ და, სხვათა შორის, მანუჩარის გარდა — ეს კინოში მათი დებიუტი იყო. 

 — „რეკორდის“ გადაღების ე.წ. შავი მასალა — კულისები გაიხსენეთ.

 — უჰ, კარგი რამ გამახსენდა. მგონი, ხუტა უფროსს, ანუ მსახიობ გოვენ ჭეიშვილს — არაჩვეულებრივ ადამიანს არ ეწყინება. ალბათ როლი კარგად რომ მოერგოთ, ფილმის მილიციელები სულ ფორმითა და ხუტა უფროსის მოტოციკლით დადიოდნენ. ვარჯიშობდნენ რა… ერთხელაც, „მილიციის უმცროს ლეინტენანტს“ ხუტა უფროსს და მის „მოადგილეს“ ღინტუს- მაშინდელი გეგეჭკორის რაიონის კულტურის სახლის დირექტორს, აწ გარდაცვლილ გურამ ჟვანიას, გზაზე საწვავი გაუთავდათ. მოდის, თურმე, „ურალი“- სატვირთო მანქანა, რომელიც სავარაუდოდ, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყით დატვირთულია. ფორმიანმა „მილიციელებმა“ სატვირთო გააჩერეს და საწვავის თხოვნა დააპირეს. „ურალის“ მძღოლმა გურამი იცნო და ჰკითხა: დიდი ხანია, ფორმა გაცვიაო? გურამმაც არ მოატყუა: ერთი-ორი თვეაო. მძღოლმა მეტის თქმა არ აცალა — ოღონდ იმას არ დაეკავებინა (ნამდვილი მილიციელი ეგონა) და გურამისთვის  ჯიბეში ფულის ჩატენვას შეეცადა. — რას შვრები, კაცო, საწვავი ჩამისხიო, — უთხრა გურამმა. — საწვავსაც ჩაგისხამ და ესეც გამომართვიო, — არ მოეშვა მძღოლი. ბოლოსდაბოლოს, გოვენმა და გურამმა სიცილით აუხსნეს, რომ ფილმში იღებდნენ და ნამდვილი მილიციელები არ იყვნენ. გაგიჟდა, თურმე, ის კაცი და მეორე დღეს გეგეჭკორის რესტორანში მაგარი სუფრა გაშალა. კარგადაც მოვულხინეთ. ისე, მოლხენა არც სხვა დღეებში გვაკლდა… ფილმის გადაღების პერიოდში ერთი პატარა ექსცესიც მოხდა: ერთხელ ნასვამი შევედი ოთახში, ბიჭებიც ნასვამები იყვნენ და „ჯოკერს“ თამაშობდნენ. ფილმის მეორე რეჟისორმა- ოთარ ასანიძემ მითხრა: შენ, იცი, რომ იქითა ნაპირიდან მანუჩარი მართლა გაგინებს? ჩემი თუ არ გჯერა, თვითონ მას ჰკითხეო. იმდენჯერ გამიმეორა, —დავიჯერე. მანუჩარმაც, ოღონდ ოთარი გაჩუმებულიყო, — ვაგინებო, — დაადასტურა და ხელი აიქნია. მეც „ავვარდი“ და პატარა გაწევ-გამოწევა იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ისე, შეიძლება მართლა მაგინებდა — აბა, კაცი როლში იყო შესული და რა ექნა?!

 - ჯოტია ცაავა შეყვარებული კი არის შოუზე, თუმცა რომანტიკულ გმირს არ ჰგავს. სინამდვილეში რა ხდებოდა, მართლა „კარგი გოგო“ იყო შოუ?

 - რაკი გოგი ქავთარაძე აღარ თამაშობდა, შოუს როლის პირველი შემსრულებელი, მედიკოც ბათუმში დაბრუნდა. გურამმა როლი დიდი ჭყონის მეურნეობის მთავარი ინჟინრის ქალიშვილს მიანდო. კარგი გოგო იყო შოუ, მაგრამ სინამდვილეში სხვას, — ფილმის ერთ-ერთ ხმის რეჟისორს, ოთარს მოსწონდა. ასე რომ, მე არაფერ  შუაში ვიყავი. ისე, ჭკვიანი და პრაქტიკული ადამიანი იყო გურამ პატარაია: კარგად მოიფიქრა, რომ იქაურები ჩართო ფილმში. მაგალითად, პატარა ბავშვის, ბარდღუს როლი გეგეჭკორის რაიონის რაიკომის პირველი მდივნის, ნოდარ ჩხოლარიას შვილს — ბიგი ჩხოლარიას შეასრულებინა. იქაურების თანადგომითა და ხელშეწყობით გადაღებაც სწრაფად დასრულდა. 

 - ამ ფილმის მერე სხვა რეჟისორებს არ შემოუთავაზებიათ თქვენთვის როლები?

— არა, რადგან „რეკორდის“ გადაღების შემდეგ კარგა ხანს რუსეთში ვცხოვრობდი, მერე კი დავბრუნდი, მაგრამ ვიღას ვეხსომებოდი… ისე, არც მე მქონია ფილმში გადაღების სურვილი. თუმცა ჩვენი ტელევიზიიდან მოსკოვში სამუშაოდ წასულმა პავლიკა სუხოვმა რამდენიმე წლის წინ იქიდან გამოაგზავნა „დესანტი“ — ტელეოპერატორი და პროდიუსერი, ჩემი კოორდინატებიც მისცა და აქ გადაღებულ ტელეფილმში, სადაც  ელდარ შენგელაია და სხვა ცნობილი ადამიანები ჩაწერეს. ინტერვიუები ჩემგან და ჩემი მეუღლისგანაც აიღეს.

 — როგორც მივხვდი, თქვენი ცხოვრების „შოუც“ ნაპოვნი გყავთ?

— კი, ნამდვილად ვიპოვე, ოღონდ მას დოდო ჰქვია. 34 წლის ვაჟიც მყავს.    

 — დიდი მადლობა საინტერესო მოგონებისთვის.     

 შეგახსენებთ, რომ „რეკორდის“ 40 წლის იუბილეს „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დოკუმენტური ფილმი „რეკორდი 40 წლის შემდეგ“ მიუძღვნა და სადაც  ფილმის გადამღები ჯგუფის წევრებიც მოიწვია. კობა ღვინიაშვილს ჩავეკითხე, ძალიან გამოიცვალა „შოუ“-მეთქი?— ცოტათია გამოცვლილი, უკვე ბებიაა, თმაც სხვა ფერის აქვთ და ახლა თბილისში ცხოვრობსო, — ღიმილით მიპასუხა.

.


ყველა ახალი ამბავი
0