თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მყოფ უცხოელ დიპლომატებს არც ახსოვთ და არც აინტერესებთ, როგორ წაართვეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 10 წლის წინ. წარსულში ქექვა ევროპელი პოლიტიკოსების ჰობი არ არის. მათ ის აინტერესებთ, რაც ამჟამად ხდება, — მიაჩნია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს.
„ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს თავის დროზე რა მეთოდებითაც წაართვეს ეს ტელეკომპანია, მან ზუსტად იმავე მეთოდებით დაიბრუნა ის დღეს. წართმევაც უკანონი იყო თავისი ფორმით და დაბრუნებაც უკანონოა“, –აღნიშნა სოსო ცინცაძემ. პოლიტოლოგის თქმით, ტერმინი „შეშფოთება“ დიპლომატიურ ენაზე მიუღებელს ნიშნავს და ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია.
6 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელებმა "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც გამოხატეს შეშფოთება "რუსთავი 2"-ში ახალი მმართველების დანიშვნის გამო.
"საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან მიღებული დროებითი გადაწყვეტილებისა და "რუსთავი 2"-ის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითი განაჩენის ფონზე, რომელიც განაჩენის დაუყოვნებელ აღსრულებას არ ითვალისწინებს, 5 ნოემბერს მიღებული პრევენციული ზომები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენმა საელჩოებმა არა ერთხელ საჯაროდ განაცხადეს, რომ მედიის თავისუფლება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია. დემოკრატიულ საზოგადოებებში განსხვავებულ მოსაზრებებს ხელი უნდა შეეწყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
"ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელებთან და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისა თუ განცხადებისგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს. მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომელიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია. გავაგრძელებთ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას და, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გავუზიარებთ წუხილს ყველა შესაბამის მხარეს", — აღნიშნულია განცხადებაში.