მერაბ ხაჩიძე
თავდაპირველად, ყველას და განსაკუთრებით, მათ გასაგონად მინდა ვთქვა,,,თავისუფალი",,,დამოუკიდებელი" და,,მიუკეძოებელი" მედია პირზე რომ აკერიათ: ის,,რუსთავი —2“, რომელიც წლების მანძილზე ერთადერთი „კლანის“ სურვილების აღმასრულებელ ქვესტრუქტურად იყო გადაქცეული, —არ არის ტელევიზია! გვარამიას და მისნაირებს კი,- ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. ქართველ ჟურნალისტებს, დიახ, ჟურნალისტებს და არა კონიუნქტურას,- სინდისი და თავმოყვარეობა არ დაუკარგავთ, არც კოლეგებისადმი თანადგომის, თანაგრძნობისა და სოლიდარობის განცდა განელებიათ. ყველას კარგად უნდა ახსოვდეს ის ფაქტი, როგორი სოლიდარულები იყვნენ ეს ადამიანები მაშინ, როცა,,ნაცმოძრაობა" ტელევიზიებს ერთი მეორეს მიყოლებით ხურავდა. მაშინ ისინი თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიასა და კოლეგებს იცავდნენ. სხვათაშორის, ეს ჩვენს ზოგიერთ კოლეგასაც მინდა შევახსენო. თორემ,,რუსთავი- 2“-ის კოლექტივს მძიმე ამნეზიის გამო,,მიშას" გარდა სხვა სიტყვა უკვე აღარც ახსოვს. კოლეგებს დიახაც, დაიცავ, მაგრამ პირადად მე (და ალბათ ყველა ნორმალურ ადამიანს), ყელამდე სხვის სისხლში ჩამდგარი ყოფილი ხელისუფლების დასაცავად სიტყვა ნამდვილად არ დამცდება. ხოლო ვინც იტყვის, რომ ეს ტელევიზია ყოფილი ხელისუფლების განუყოფელი ნაწილი არ იყო, ის უბოდიშოდ შემიძლია, საჭირო მიმართულებით გადავამისამართო…
უკვე სერიოზულად გამაღიზიანებელია ნახევარი სიმართლე და ნაცნობი ფრაზაც: „ეგ ასეა, მაგრამ…“ კარგად ვიცით, რომ,,რუსთავი —2“-ის მიმართ არა მარტო ჟურნალისტები, მთელი საზოგადოებაც ასეთი განწყობით იყო მომართული. მედიისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაში არც ახლა შეცვლილა რაიმე. მოვლენების შეფასებაში ისინი დღემდე ერთსულოვანი არიან. ასეთი ერთსულოვნების შედეგი კი ის გახლავთ, რომ მიუხედავად გვარამიას და მისი,,გვარდიის" ხვეწნა–მუდარისა, სურვილიც არავის გასჩენია, ქართული ჟურნალიტიკის,,ფლაგმანისა" და,,გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის" დასაცავად მისულიყო!… ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ხალხი დასაცავ ობიექტს ვერ ხედავს. ვერ ხედავს, რადგან,,რუსთავი —2“ როგორც ვინმესგან დასაცავი ობიექტი ბუნებაში არ არსებობს! ხალხი ამ კომპრომისზე მართლმსაჯულების მთლიანად ყირაზე დადგომის შემთხვევაშიც არ წავიდოდა.
სწორედ ამის გამოა, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ და ვერ გავიზიარებ იმ დემაგოგიას, თითქოს,,რუსთავი —2“-ის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლების სურვილი და ხუშტურია. ხოლო თუ ასეა, მაშინ მით უარესი თავად,,რუსთავი- 2“-ისა და მისი,,გულშემატკივრებისთვის".
ხალხი, რომელიც ტელეკომპანია,,იმედის" დარბევისას ზონდერების ხელკეტებს საკუთარი ჯანმრთელობის დაკარგვის ფასადაც არ შეუშინდა, არც დღევანდელი, ხელისუფლების შიშით დაასველებდა შარვლებს. ამიტომაც ვამბობ: მით უარესი, თუკი საზოგადოებამ სასამართლოს,,უკანონო" გადაწყვეტილებასაც წაუყრუა. ასეთი დუმილი თანხმობის იმგვარი ნიშანია, რომელმაც,,ნაცების" გამო ყველა რელობასა და კონტექსტიდან ამოვარდნილ,,რუსთავი —2“-ს საბოლოო და უაპელაციო განაჩენი გამოუტანა.სამაგიეროდ, სწორედ საზოგადოების ასეთმა რეაქციამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ ტელეკომპანიას ისევ დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია და თავისი საკეთებელი საქმე ისევ აკეთოს. ამას ხელს ვერც ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრება და ვერც,,შევიწროებული მედიის გამო“ დასავლეთელი,,მეგობარ-პარტნიორების" შეშფოთება" ხელს ვეღარ შეუშლის.
დიდი სიბრძნე არ სჭირდება იმის გაგებას, რომ სასამართლო და ხელისუფლება არაფერ შუაშია. ტელეკომპანიამ მანამდე არსებული ფორმით მუშაობის ფუნქცია დაკარგა და ახლა,,,რუსთავი- 2“–ზე გადაფარების მიზეზი სწორედ ეს გახლავთ.
აქ მთავარ სათქმელთან მივედი:,,რუსთავი-2“-ის პროფესიულ, ჟურნალისტურ საწყისზე დაბრუნების რეალურმა,,საფრთხემ" გუნება–განწყობა ბევრს გაუფუჭა,-მათ შორის:,,ნაცების" ძველ და ახალ,,სატელიტებს"; ნაცების ბაზაზე ამოსულ,,გირჩებსა" და მათ თანამოაზრეებს, მსუყედ დაგრანტებულ არასამთავრობოებს, პრეზიდენტებსა და ომბუდსმენებს; მარადიულად მიშას დაბრუნების მომლოდინე,,ქართული ოცნების",,ერთგულ" წევრებს და იმ,,პოლიტიკურ ცეხავიკებს", ვისი მუდმივად,,ცვეტში" ყოფნაც მხოლოდ ასეთი მედიის პირობებში იყო შესაძლებელი…
ყველა დამეთანხმება, რომ ქვეყანაში ობიექტური ინფორმაციისა და საღი ჟურნალისტური ანალიზის მატარებელ მედიაზე მოთხოვნილება ყოველდღიურად მძაფრდება. უკვე ვთქვი, რომ მომხდარიც ამის შედეგია. ასეთ შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებს სახარბიელო პერსპექტივა არ უჩანთ, მით უფრო, რომ ანგელოზები არც სხვები ვართ და ეს შეუქცევადი პროცესი შესაძლოა, ალივით მთელ ქართულ მედიას მოედოს.
სხვა პერსპექტივა არ უჩანს არც იმ ათიოდე ადამიანს, 5 ნოემბერს, ტელეკომპანიის,,ტირანიისგან" დასაცავად,,რუსთავი 2“-ში რომ შეიკრიბა…
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!