გივი კარტოზია: ,,ჩემი ძალა შენ! - იცოდე, ჩემპიონი უნდა გახდე“

© ოჯახის ფოტოარქივიმოჭიდავე გივი კარტოზია
მოჭიდავე გივი კარტოზია - Sputnik საქართველო
გამოწერა

  თამაზ ჩიქვანაია

  თუ რომელიმე ქართველ სპორტსმენზე შეიძლება აღმატებულ ხარისხში ილაპარაკო, ერთ-ერთი ასეთი პირველი გივი კარტოზიაა. იგი გამორჩეული  პიროვნული თვისებებით აღსავსე კაცია, რომელიც თბილისში უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. მასთან ურთიერთობას დიდ პატივად მიიჩნევდნენ არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, სადაც კი ჭიდაობის მოყვარული თუნდაც ერთი ადამიანი არსებობდა. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული,  თბილისის ქუჩებში ასე იოლად ვერ გაივლიდა, რადგან უამრავი ადამიანი თავს მოვალედ თვლიდა, მას მისალმებოდა და მისდამი სიყვარული გამოეხატა. ისიც დაუზარებლად გასცემდა სითბოს, არავისთვის იშურებდა იმ დიდი გულის ნაწილს, რომელიც მის ძალუმ სხეულში სცემდა.

 ქართული სპორტის ისტორიაში პირველი ქართველი, ვინც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სამგზის ავიდა,  მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში — გივი კარტოზია იყო.  ის გახლდათ  მსოფლიოს თასის პირველი მფლობელი და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი. საჭიდაო ხალიჩაზე ბატონი გივი სპორტული კარიერის მანძილზე 96-ჯერ გავიდა და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. იმ პერიოდის პოპულარული რუსული ჟურნალი „ოგონიოკი“ წერდა: „უცნაური მოჭიდავეა გივი კარტოზია! — ხალიჩაზე ზანტად ირჯება, აქეთ-იქით იცქირება, ზოგჯერ პარტერში მდგომი, მიმდინარე ჭიდაობის ყურებით ერთობა… და უეცრად მოწინააღმდეგეს ხალიჩაზე ბეჭებით აკრავს“.

 მელბურნის ოლიმპიადაზე შვედ იანსონთან პირველივე შეხვედრა წააგო, ამის მერე ისეთი ქარიშხალი დაატეხა მეტოქეებს და ისეთი გააფთრებით იბრძოდა, რომ ვეღარაფერი აკავებდა. რომან ძნელიძე იხსენებდა, მეტოქეებს მის წინააღმდეგ გამოსვლის ეშინოდათო.

 ორი შემთხვევა მინდა გავიხსენო, საიდანაც კარგად ჩანს,  გივი კარტოზია რა დიდბუნებოვანი და ზნემაღალი კაცი იყო. მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე ქართველი წყალბურთელები ფინალში მოსკოვის გუნდს ხვდებოდნენ. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩვენები ანგარიშით: 1:0-ს იგებდნენ. მოსკოველთა ღირსებას ლეგენდარული პეტრე მშვენიერაძე იცავდა და მოხდა ისე, რომ დარჩენილ დროში ბატონმა პეტრემ ჯერ თანამემამულეთა კარში ერთი გოლი გაიტანა და მსაჯის სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე გამარჯვების ბურთიც შეგვიგდო. უცებ იმ ტრიბუნიდან, სადაც ქართველი გულშემატკივრები ისხდნენ, ვიღაცამ მას ხმამაღლა შეაგინა. და მაშინ ეს ვეება კაცი აუზიდან ამოვიდა, ტრიბუნასთან მივიდა და იკითხა, რომელმა შემაგინეთო. ტრიბუნა გაისუსა. უცებ წამოდგა გივი კარტოზია და უთხრა, მე შეგაგინეო. მშვენიერაძე შეტრიალდა, აუზში ჩასვლის წინ ერთი ამოიხედა და გივის უთხრა: გივი, შენ რომ ამას არ იკადრებდი, კარგად ვიცი, იმ ყმაწვილს კი გადაეცი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებაო…

 ჰელსინკის ოლიმპიადაზე, ძალოსნების შეჯიბრზე, თბილისელი რაფიელ ჩიმიშკიანი პირველი მოძრაობის მერე ტრინიდადელ მეტოქესთან 5კგ-ს აგებდა, ამ ამბავს თავად ბატონი რაფიელის სიტყვებით განვაგრძობ: „ვნერვიულობ, ცალკე მწვრთნელები მიშლიან ნერვებს, ცალკე კიდევ ის შავი კაცი. უცებ უკნიდან ვიღაც მომეხვია, მკლავებზე მომიჭრა და ყურში მეუბნება: ჩემი ძალა შენ, ჩემო რაფო, იცოდე, ჩემპიონი უნდა გახდეო, გივის ხმა ვიცანი, ფიცარნაგზე გავედი, ერთი ქართულად შევუკურთხე,,შტანგას“ და ავწიე“. ოლიმპიურ სოფელში სპორტსმენებს მკაცრ რეჟიმში ამყოფებდნენ. ძალოსანთა შეჯიბრი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ის იყო ავტობუსიდან უნდა ჩამოსულიყო, ჩიმიშკიანს ისევ კარტოზიას ხმა მოესმა: არ ჩამოხვიდე, ჯერ მითხარი, რა ქენიო. როცა გაიგო, რომ ოქროს მედალი მოიგო, შესძახა, შენ მიწაზე ფეხს  როგორ დაგადგმევინებო, მერე სპორტსმენი მხარზე შეისვა, შენობაში შეიყვანა და თან ხმამაღლა ყვიროდა: ჩვენი რაფო ჩემპიონიაო!.. 

 მას ყველას წარმატება უხაროდა, უყვარდა ნიჭიერი და ალალი ხალხი, უსაზღვრო ერთგულება შეეძლო და ეტყობა, ამ რკინის კაცის გულმა ამდენ სიყვარულს ვერ გაუძლო…

 თბილისის სპორტის სასახლე დღეს მის სახელს ატარებს, სასახლეში მისულებს  მისი ბიუსტი ეგებება, თითქოს ეპატიჟება და ძველებურად ეუბნება: მობრძანდით, გენაცვალე…


ყველა ახალი ამბავი
0