მანანა ტურიაშვილი
მწერალ კოტე ჯანდიერს წარდგენა არ სჭირდება, საქართველოში მას კარგად იცნობენ და მკითხველი მის ყოველ ახალ ნაწარმოებს სულმოუთქმელად ელის. კინოდრამატურგი, პედაგოგი და მოაზროვნე თავის ახალ მონოპიესაში „ელექტრიკოსი“, მამა-შვილის ცხოვრებას და სამყაროსთან მათი ურთიერთობის მოდელს ქმნის, სადაც ისტორიული რეალობა, ადამიანის ფსიქიკურ წყობას აყალიბებს. კოტე ჯანდიერი კარგად ერკვევა მსოფლიო დრამატურგიის პროცესებში და ბუნებრივია, ჩვენი საუბრის მნიშვნელოვანი თემა- ქართული დრამატურგიის პრობლემებზე საუბარი გახლდათ.
—ბატონო კოტე, რატომ არ განვითარდა საქართველოში ევროპული დონის დრამატურგია, რა არის ამის მიზეზი? მე მგონია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთთან ლაპარაკი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის.
— აქ ბევრი მიზეზია: ისტორია, განათლება, რაციონალური აზროვნების ჩამორჩენილობა… დრამატურგიას სჭირდება რაციონალური აზროვნება, —ლოგიკა უნდა! რატომ? იმიტომ, რომ რაციონალური აზროვნება რა არის? თუ ფინალი არ იცი,- როგორ უნდა დაწერო პიესა? კარგი, ვთქვათ დაიწყე, მაგრამ რაღაცა ეტაპზე ხომ ჩერდები და ფიქრობ, როგორ უნდა დამთავრდეს. თუ ფინალი არ იცი, როგორ უნდა დაწერო პიესა? დრამატურგია კავშირშია რაციონალურ აზროვნებასთან! ალგებრაა! ოღონდ ალგებრა თავის საწყისში. თვით ტექსტი არის პოეზია… ძალიან რთული დარგია. აი, ეს ორი საწყისი ადამიანს ერთად უნდა ჰქონდეს! პოეტებს რაციონალური აზროვნება არ შეუძლიათ და რაციონალურად მოაზროვნეებს პოეტური მეტყველება. აი, ასეთი პრობლემაა. დრამატურგები მთელ მსოფლიოში, პრინციპში, ცოტანი არიან და მწერალი რამდენია?.. თან იმ ქვეყნებშიც კი-სადაც რაციო წამყვანია, იქაც- მწერლებთან შედარებით ცოტანი არიან… მაგალითად, ავიღოთ ინგლისი-რამდენი მწერალი ჰყავთ და მათი მწერლების მთელი კორპუსი რომ ავიღოთ, აქედან დრამატურგები უმცირესობაა…
ახლა საქართველო! აქ ენობრივი პრობლემაა. ენა ხომ სამყაროს გააზრების ინსტრუმენტია და ჩვენ არა გვაქვს, „რა“? აი, მაგალითად ლათინურში არის ასეთი მცნებები: სულიერი არსება და ადამიანი,-ადამიანი და სულიერი არსება- ეს სიმრავლეები სადღაც ერთმანეთს კვეთენ და ლათინური ენა ამბობს, რომ ადამიანსაც და ცხოველსაც აქვს,- რუსულად რომ ვთქვათ „ДУША“, ანუ ის, რითიც იგი ცოცხალია და არ არის ვთქვათ, ქვა… აი, „ДУХ“ და „ДУША“, ქართულ ენაში არ არის გამიჯნული — ორივეს ჰქვია „სული“ და ეს არის ტრაგიკული ლაკუნა ქართულ ენაში. სამყაროს ახსნისთვის, რაციონალიზაციისთვის კი,-ეს აუცილებელია, რადგან მოვლენების, სამყაროს ანალიზსა და ფილოსოფიურ გააზრებაში ხელს გიშლის! ბერძნებს აქვთ, ლათინებს აქვთ, რუსებს აქვთ, ინგლისელებს აქვთ, —ჩვენ არ გვაქვს…
— ესე იგი, დრამატურგია პოლიტიკურ წყობასთან არ არის კავშირში? ვინაიდან არსებობს აზრი, საქართველოში იმიტომ არ განვითარდა დრამატურგია, რომ 70-წლიანი კომუნისტური წყობის დროს ჩვენ დისკრიმინაციას განვიცდიდით და ამიტომ ვერ მიაღწია მან ისეთ მწვერვალებს, როგორც ევროპაში. ეს შესაძლებელია, თქვენ როგორ ფიქრობთ?
— არ ვიცი, თუ იმას ჩავთვლით, რომ თეატრი არის სახელმწიფოს მიერ სუფსიდირებული რაღაც ინსტიტუცია…მაგრამ ძველ საბერძნეთში თეატრი ხომ პარალელური სამყარო იყო, ტაძრის ან მისი ნაირსახეობა? იქ ამბის გასაგებად არ მიდიოდა მაყურებელი,-ამბავი იცოდნენ,-იქ რიტუალში მონაწილეობდნენ!.. პოლიტიკურ წყობასთან არ არის კავშირში, ეს დაკავშირებულია ფსიქიკურ წყობასთან და ალბათ ენასთან, რომლის მეოხებითაც აზროვნება და სამყაროს გააზრება ხდება. მე ერთი ლაკუნა ვთქვი, მაგრამ ჩვენს ენაში კიდევ ბევრი ლაკუნაა. სხვა ენებში სხვა ლაკუნებია, მაგრამ რაზეც ვლაპარაკობდი, —ვიმეორებ, —ჩვენთვის ის ტრაგიკული ლაკუნაა და რაციოს განვითარებისთვის ხელის შემშლელია. როდესაც „ДУХ“ და „ДУША“, ერთმანეთისაგან მკვეთრად გამიჯნული არა გაქვს და არ იცი ერთი რა არის და მეორე რა არისაი ახლა მე 20-ე საუკუნეში გვითხრეს, რომ საფშვინველი-,,ДУХ“-ს დავარქვათ და,,ДУША“-ს სული ერქვასო… მაგრამ ეს ასე ადვილად არ ხდება….აენა თვითონ იაზრებს სამყაროს, ქართულ ენაში განსხვავება ამ ორ ცნებას შორის, რბილად რომ ვთქვათ, მკვეთრი არ არის…
— და ამით აიხსნება?
— არა! ეს ერთი მაგალითია,-სხვა მაგალითებიც არის, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული, მსოფლმხედველობრივი რამ, რაც სამყაროს აღწერის დროს აისახება. ამ არეულობას ხარვეზი შემოაქვს, ბუნდოვანება შემოაქვს- ორივე რომ სულია და როდის, რა იგულისხმება არ იცი, —რთულია… ახლა ფილოლოგები შემომედავებიან: კონტექსტუალურად ხომ გასაგებიაო, მაგრამ ყველა ხომ ფილოლოგი ან მკვლევარი არ არის? ენა პირველ რიგში არის ზეპირი მეტყველება და ზეპირ მეტყველებაში ასეთი საკითხები, ეტყობა, არ განიხილებოდა და აქ მიზეზი რა არის და შედეგი — ვერ გაიგებ. მე ვფიქრობ, ერთდროულად არის მიზეზიც და შედეგიც. ასეთ საკითხებზე რომ არ მიდიოდა მსჯელობა, ამიტომ არ არის ენაში ეს სიტყვები, თუ ეს სიტყვები რომ არ არის, იმიტომ არ ხდებოდა განსჯა- ეს რთული საკითხია. ენათმეცნიერები დღემდე იმტვრევენ თავს, რა არის პირველადი- ენობრივი რეალობა თუ… უბრალოდ რეალობაზე ფიქრი ენის გარეშე ხომ შეუძლებელია? უბრალოდ, რაღაცას არქმევ სახელებს და თუ არ გაქვს ინსტრუმენტი — ვერ არქმევ.
- ბატონო კოტე, ესე იგი ქართველი სულ თამაშობს, ვინაიდან ბუნებით არტისტია, მაგრამ ის არ იაზრებს იმას, რასაც თამაშობს..
— ქართველი ბუნებით მსახიობია-სულ თამაშობს. გივი მარგველაშვილის („მაყურებელთა დარბაზები“) მეფის ტრაგედია რა არის? მას არ უნდა იყოს მსახიობი და არ უნდა, რომ მაყურებელმა რომელიმე როლის თამაში აიძულოს, ან საერთოდ არ უნდა, ან პრინციპულად არ უნდა, ან ამ წუთას არ უნდა… მას არ უნდა გამოვიდეს და „თავო ჩემო“ იმღეროს მაშინ, როცა სულ სხვა რაღაცის სიმღერა უნდა კაცს… მას აიძულებენ, მაგრამ ამ დროს ქართველებისთვის ეს ბედნიერებაა. გივი მარგველაშვილი ფაქტიურად გერმანელია და ეს გერმანელი კაცის პრობლემაა, რომელიც რაციონალურად მოაზროვნე ხალხისთვის გასაგებია, ქართველისთვის კი — გაუგებარი. რა პრობლემაა! აქ ვითამაშებ ასე, იქ ვითამაშებ ისე… ახლა ამას მივესიყვარულები, ახლა იმას „ჩავეზდრასტები“ და ყველგან რაღაცა ტაშ-ფანდურს შექმნის: იქ მიშასთან ვიმღერებ სასახლეში და მერე წამოვალ და აქაც ვიმღერებ —მიტინგზე. თუ დამსჯიან — მიტინგზე აღარ ვიმღერებ, მაგრამ იმის მმართველობა რომ დამთავრდება, მერე ვიტყვი: „არა კაცო, მე გულით ყოველთვის თქვენთან ვიყავიო. იქ ვიყავი იმიტომ, რომ მეშინოდა და რა მექნა?“ მერე აქ დაიწყებს არტისტობას… ეს არ არის ცუდი. ამას კარგი მხარეც აქვს, იმიტომ, რომ ამის გარეშე ძნელი იქნებოდა ამ მართლაც ტრაგიკული ისტორიის გადატანა, მაგრამ მართალი ბრძანეთ, ქართველი არტისტია ბუნებით და არტისტი ვინ არის?— მას არ ევალება გაიაზროს რას თამაშობს!..
- დიდი მადლობა საუბრისთვის…