თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. Green World Conferences-ის ეგიდით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, 5-6 ნოემბერს თბილისი მასპინძლობს “ჰიდროტექ საქართველოს” რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას, იტყობინება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
კონფერენციაზე ისაუბრებენ ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო პროექტებისა და საქართველოში საკანონმდებლო რეგულირების საკითხების შესახებ.
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რაშიც მოიაზრება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, — განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ კონფერენციის გახსნაზე.
„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო, რომელიც განვითარების გზაზეა უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ენერგოპროექტების განხორციელბას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას
ჩვენთვის, ასევე მნშვნელოვანია, წამყვან კომპანიებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი ჩართულობა საქართველოში მიმდინარე ენერგო პროექტებში და გამოცდილების გაზიარება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს“, — თქვა კალაძემ.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და საფუძველს ჩაუყრის მომავალი ურთიერთობების პერსპექტივებს.
კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დარგის ინვესტორები, ჰიდროეელექტროსადგურების მფლობელი კომპანიები, საკონსულტაციო კომპანიები და იურისტები.