თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და ლიტვის პრემიერებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ალგირდას ბუტკიავიჩუსმა ოთხშაბათს, 4 ნოემბერს, ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერი გახსნეს, იტყობინება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
თბილისის სახელობის სკვერი ვილნიუსის ცენტრალურ უბანში — ჟვერინასზე მდებარეობს. სკვერის ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია სკვერის მანიშნებელი დაფა და ბაღის სკამები თბილისის სიმბოლიკით.
„ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღეა. როგორც ქართველი ამაყი ვარ, რომ დღეს აქ ვარ… საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა ლიტვა ნამდვილი მეგობარია და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ნამდვილ მეგობრობას, რომელიც ორ ერს აკავშირებს… 2009 წელს თბილისში ვილნიუსის სკვერი გაიხსნა და ძალიან კარგია, რომ დღეს თბილისის სკვერს ვხსნით ვილნიუსში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება“, — თქვა ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ ბუტკიავიჩუსმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის სახელობის სკვერი ვილნიუსში მშვიდობიანი და აყვავებული საქართველოს სიმბოლო გახდება.
თბილისის სახელობის სკვერში განსათავსებლად ქართული მხარე, მომავალ წელს, თბილისთან ასოცირებულ სკულპტურულ ნამუშევარს შეარჩევს. სკვერის კეთილმოწყობაში თბილისის მერიაც მიიღებს მონაწილეობას.