თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში გაემგზავრა, იუწყება საქართველოს მთავრობის მეთაურის პრესსამსახური ოთხშაბათს, 4 ნოემბერს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს (Dalia Grybauskaitė), ლიტვის პრემიერ ალგირდას ბუტკევიჩიუსსა (Algirdas Butkevičius) და აგრეთვე სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენესს (Loreta Graužinienė) შეხვდება. დაგეგმილია ასევე ლიტველ ბიზნესმენებთან შეხვედრა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური, ლიტველ კოლეგასთან ერთად, საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველ შეხვედრას გახსნის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვილნიუსში ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრსაც (NATO Energy Security Centre of Excellence, ENSECCOE) დაათვალიერებს, და ასევე ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც რექტორს და ქართული ენის შემსწავლელ ლიტველ და ქართველ სტუდენტებს შეხვდება. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში.
საქართველოს პრემიერი ლიტვაში ესტონეთიდან გაემგზავრა, სადაც ქვეყნის პირველ პირებთან მოლაპარაკებები გამართა.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე იმყოფებიან.