ვახტანგ კობაიძე
ასე მგონია, გურამ რჩეულიშვილის ნოველის ეს სათაური, სრულად შეესაბამება მისი ცხოვრების ტრაგიკულ დასასრულს. ვაკის სასაფლაოზე ხშირად მიწევს ყოფნა. წესად მაქვს, ჭიშკრიდან მარცხნივ, 30 მეტრში,გურამის საფლავთანაც შევჩერდე და პატივი მივაგო ამ საოცარი ვაჟკაცის ხსოვნას. ძველებს უთქვამთ: ვისაც ამქვეყნად სიკეთე უთესია და სახელი დაუგდია, მის საფლავს უბრალო ლოდიც დაამშვენებსო. სწორედ ასეთი ლოდი ამშვენებს გურამ რჩეულიშვილის საფლავს. ლოდი, რომელზედაც ამოკვეთილია ჭაბუკი მხედარი გაჭენებულ ცხენზე. ერთი ხელით გაშლილი პერგამენტი უჭირავს, მეორეთი აღვირი.იქვეა ამოკვეთილი მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ეს ყველაფერი, თითქოს, მისი უკიდეგანო, კოსმიური ცხოვრების სიმბოლოდ აღიქმება. ლოდზე სადა წარწერაა: „გურამ რჩეულიშვილი, 1934-1960“. აგვისტოში 55 წელი გავიდა მისი დაღუპვიდან. ჩემს მეხსიერებას დღემდე შემორჩა 1960 წლის საბედისწერო ზაფხული.
ლესელიძეში ვისვენებდი. უჟმური ამინდები იდგა, წვიმიანი. ზღვა ისე ბობოქრობდა, თითქოს მსხვერპლს ითხოვსო. მსხვერპლიც იყო: ლესელიძეში, შეკრებაზე მყოფი ტანმოვარჯიშე ბიჭი დაიხრჩო, გაგრიდან ამბავი ჩამოიტანეს — ზღვამ ქალი და კაცი გაიტაცაო. 23 აგვისტოს, საღამოს, ატყდა ჩოჩქოლი. გურამ რჩეულიშვილი დაიღუპა —ვიღაცის გადასარჩენად თავი გაწირაო. ყველას სინანულის გრძნობა დაუფლებოდა. მაშინ 13 წლის ვიყავი და ხეირიანად არც კი ვიცოდი, ვინ იყო გურამ რჩეულიშვილი.
1965 წელს, სკოლა რომ დავამთავრე, სწორედ მაშინ გამოვიდა გურამ რჩეულიშვილის მოთხრობების პირველი წიგნი. გამახსენდა ლესელიძე, გაგრა, მაშინ ჩემთვის უცნობი, თუმცა ყველასთვის ახლობელი გურამ რჩეულიშვილი და მისი კაცური აღსასრული. მას შემდეგ, ხშირად ვკითხულობ გურამის მოთხრობებს. დღესაც მაოცებს, რა საოცარი სიზუსტით და სილამაზით შეეძლო ნანახისა და განცდილის გადმოცემა, მისი თვალი მგრძნობიარე ფირივით იჭერდა და აფიქსირებდა გარემოს.
ახლა კი, გურამ რჩეულიშვილის მოსაგონებლად, მის თანამედროვეებს და მეგობრებს მოვიშველიებ:
კრიტიკოსი გურამ ასათიანი: „გურამ რჩეულიშვილს ჩვენს მწერლობაში თან მოჰყვა თანამედროვეობის სუნთქვა… ხასიათის სიძლიერით არის აღბეჭდილი გურამ რჩეულიშვილის პერსონაჟების ბუნება, მისი ნოველების შინაგანი რიტმი, თვით მისი მწერლური დაკვირვების უაღრესად განვითარებული უნარი“.
ერთ-ერთ ინტერვიუში, მისი უახლოესი მეგობარი, მწერალი გურამ გეგეშიძე წერდა: „ჩემი ღრმა რწმენით, გურამ რჩეულიშვილი გახლდათ ჩემი თაობის ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, ყველაზე ღირსეული მწერალი. მისი შემოქმედება თხემით ტერფამდე თანამედროვეობის სულისკვეთებით არის გამსჭვალული“.
გურამი იყო კარგი სპორტსმენი: მთამსვლელი, მოკრივე, მოცურავე. ცხენოსნობაში ხომ ტოლი არ ჰყავდა. ის ბევრი თვისებით განსხვავდებოდა გარშემო მყოფთაგან. იყო გაცილებით უშუალო და თავისუფალი, მართალი და გაბედული. კრიტიკოსი ოტია პაჭკორია:„თვით მის ხასიათში იყო მთავარი – დაუცხრომელი ქმედებისაკენ სწრაფვა, სიყვარული ადამიანის, ცხოვრების, მელოდიისა და ფერის…იგი ხშირად ვერ იოკებდა შეჭიდების, წინააღმდეგობის დაურვების ჭარბ ჟინს. იგი ეთამაშებოდა ბედს და სიცილით ისხლეტდა გაფრთხილებას… მისთვის არ არსებობდა შიში, იგი ყველაფერში ვაჟკაცური ინსტინქტით ხელმძღვანელობდა და მე ხშირად მიგრძვნია მისი დიდი უპირატესობა“.
გურამის მეგობრის, ნუზარ წერეთლის მოგონებიდან: „ერთხელ „ზემელზე“ ჩვენი შელაპარაკებისა და შერიგების შემდეგ მითხრა: „ბიჭო, გამიფრთხილდი, ხომ იცი, მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებო“. ასეთი რამის დაჯერება მე კი არა, არც ერთ მის უახლოეს მეგობარს არ შეეძლო. ვინ დაუშვებდა იმის გაფიქრებასაც კი, რომ ძლიერსა და მამაც გურამ რჩეულიშვილს, რომლის იმედიც ყველა ჩვენგანს ჰქონდა, მართლა მალე ელოდა აღსასრული… ჩემი დღიურებიდან შემდეგ აღვადგინე, რომ ეს საღამო 1959 წლის ზაფხულისა იყო. ერთი წელი რჩებოდა გურამის დაკარგვამდე, ჩვენი ათასობით იმედის დასამარებამდე“.
„მუდამ ჩვენს გვერდითაა მწერალი, რომელსაც ბედმა არგუნა, მისი მომდევნო ყოველი ახალი თაობის თანატოლი და ლიდერი ყოფილიყო – გურამ რჩეულიშვილი… მუდამ 26 წლისა…“ — ამ სიტყვებით მიხეილ ანთაძემ გურამის შემდგომი თაობების და მათ შორის ჩემი გულისთქმაც გამოხატა.