თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის — ლარის განახლებულ ბანკნოტებს გამოუშვებს, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 3 ნოემბერს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.
„ეს არის ლარის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება, ეს პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას და ფაქტორს: პირველი, როგორც მოგეხსენებათ 2015 წელი ეროვნული ვალუტის საიუბილეო თარიღია, ეს იყო ახალი ეპოქა ფულის ისტორიაში, შესაბამისად, სიმბოლურად, დიზაინის მნიშვნელოვანი განახლებაც ამ თარიღს დავამთხვიეთ“, — თქვა ქადაგიძემ.
ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.
ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან.
განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი.
ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.
განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.
საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: „Giesecke & Devrient“ (გერმანია), „Oberthur Fiduciaire“ (საფრანგეთი), „De La Rue“ (ინგლისი).
5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები განახლდება მოგვიანებით.