თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სომხეთში გამართული ცეკვის მეხუთე ოლიმპიადის ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებული 18 წლის ქართველი მოცეკვავე ანა საფაროვა გახდა, იუწყება ქართული მედია.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ცეკვა იყო წარმოდგენილი — ნაციონალური ცეკვებიდან დაწყებული რუმბათი დამთავრებული. ანა საფაროვამ ოქროს მედალი ეგვიპტური ცეკვისთვის კატეგორიაში „არაბული ცეკვები“ მოიპოვა. ქართველი მოცეკვავის კონკურენტები იყვნენ სომხეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსისა და უკრაინის წარმომადგენლები.
ოლიმპიადა ერევანში საერთაშორისო ცეკვების ორგანიზაციის ეგიდით (IDO), სრულიად სომხეთის საშემსრულებლო ხელოვნებისა და ცეკვების ალიანსის მხარდაჭერით, 24-25 ოქტომბერს ჩატარდა.
ანა საფაროვა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტია. 2016 წლის მარტში ანა საქართველოში დაგეგმილ ცეკვის ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.