თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებში შევიდა, რომელიც რაგბის საერთაშორისო საბჭომ ლონდონის ყოველწლიურ ცერემონიაზე გაახმოვანა.
ჩატარებულ ტურნირზე გორგოძე ორჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ — ტონგასთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 17:10 მოიგო და ახალ ზელანდიასთან მატჩში, რომელიც ზელანდიელთა სასარგებლოდ 10:43 დასრულდა.
სიმბოლურ ნაკრებში ძირითადად ახალზელანდიელები შევიდნენ. „ოლბლექსის“ ოთხი წარმომადგენელი 15 საუკეთესოს შორის მოხვდა: დენ კარტერი, ჯულიან სავეა, კონრად სმიტი, ნეე მილნერ-სკადერი. მსოფლიო თასის ფინალისტი — ავსტრალიის გუნდიდან სიმბოლურ ნაკრებში 3 რაგბისტი მოხვდა: სტივენ მური, დევიდ პოკოკი, მეტ გიტო.
ნაკრების შემადგენლობაში ასევე მოხვდნენ ორი არგენტინელი (მარკოს აიერცა და რამირო ერერა), ორი სამხრეთაფრიკელი (ებენ ეტზებეტი და შალკ ბურგერი) და თითო წარმომადგენელი ფიჯის (ლეონე ნაკარავა), შოტლანდიის(გრეიგ ლეიდლოუ) და იაპონიის (აიუმუ გორომარუ) გუნდებიდან.
ახალი ზელანდიის გუნდი წლის საუკეთესო ნაკრებად დასახელდა; დენ კარტერი (ახალი ზელანდია) — წლის საუკეთესო მოთამაშედ; მაიკლ ჩეიკა (ავსტრალია) — საუკეთესო მწვრთნელად.
საქართველოს რაგბის ნაკრების მოთამაშე ვასილ ლობჟანიძე ნომინირებული იყო წლის საუკეთესო გარღვევის წოდებაზე. მაგრამ ჯილდო ნეე მილნერ-სკადერს (ახალი ზელანდია) შეხვდა, რომელიც ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შევიდა.