გოდერძი ჩოხელის მედალიონით დამშვენებული ნინო ქადაგიძის „ტიმოთეანთ ჩუმალა“

© ნინო ქადაგიძეგოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის მედალიონი
გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის მედალიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ირმა ლეჟავა

 28 ოქტომბრის საღამოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის დარბაზში უკვე მეორედ გამართული გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურს (მინიატურების ჟანრში) „ერთგულების“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით მოეწყო. საღამო კონკურსის ორგანიზატორმა, ფონდ „კულტურათა დიალოგის“ ხელმძღვანელმა — ირმა სანაძემ —გახსნა და ყველა მხარდამჭერსა და გულშემატკივარს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა დარბაზში მყოფთ მისი საყმაწვილო სტუდია „არტ ჰოლის“ მოსწავლეების მონაწილეობით გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით დადგმული მონოსპექტაკლი წარუდინა. დაჯილდოების ცერემონია 20-წუთიანი კონცერტით დაასრულა სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „სიმფონიეტამ“ გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით. სპექტაკლიცა და კონცერტიც ცნობილმა შემოქმედებმა უანგაროდ წარმოადგინეს, რისთვისაც კონკურსის ორგანიზატორებისა და გულშემატკივრებისგან დიდი მადლობა დაიმსახურეს. გამარჯვებული მინიატურები სცენაზე მსახიობებმა — ლილი და ნანა ხურითებმა და ნანა შონიამ — წაიკითხეს. 

       ჩვენ კონკურს „ერთგულების“ ორგანიზატორს, ფონდ „კულტურათა დიალოგის“ ხელმძღვანელ ირმა სანაძეს გავესაუბრეთ.  

— ქალბატონო ირმა, რამდენი მინიატურა შემოვიდა წლევანდელ კონკურსზე და ვინ შეაფასა საუკეთესოები? როგორც ვიცი, ჟიურის წევრების ვინაობა მხოლოდ დაჯილდოვების ცერემონიალზე გამჟღავნდა, შეფასებისას კი არც ჟიურიმ იცოდა, ვის ნაშრომს კითხულობდა.

- წლევანდელი კონკურსისთვის გავართულეთ დავალება და ერთგვერდიანი მინიატურები მოვითხოვეთ. დაახლოებით, 100-მდე ნამუშევარი შემოვიდა და რადგან ბევრი მათგანი, ისინი, რომლებიც საკონკურსო პირობებს ვერ აკმაყოფილებდა, არ მივიღეთ. კონკურსს საკმაოდ კომპეტენტური ჟიური აფასებდა: მეცნიერი და მწერალი, გოდერძი ჩოხელის უახლოესი მეგობარი — ამირან არაბული, ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი  მანანა კვაჭანტირაძე და მწერალი მაკა ჯოხაძე. ნამუშევრები დანომრილი იყო და ჟიურიმ არ იცოდა, ვის აფასებდა.  შეფასებას ერთი თვე დასჭირდა და საბოლოოდ შეირჩა სამი გამარჯვებული და ამის გარდა, სამი საუკეთესო ნამუშევარი. 

- რა პრიზები გქონდათ დაწესებული?

-  სამი მთავარი გამარჯვებულისთვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააწესა ფულადი პრემიები: პირველი ადგილისთვის — 1000 ლარი, მეორისთვის — 700 ლარი და მესამისთვის — 500 ლარი. ამასთან ერთად, კულტურის მინისტრის მრჩეველმა ქეთევან დუმბაძემ სამინისტროს სახელით მათ საჩუქრად წიგნებიც გადასცა. დანარჩენ სამ გამარჯვებულს კი გადავეცით სპეციალური პრიზები — წიგნები, რომელიც დააწესეს გამომცემლობებმა: „პალიტრა L“ —მა, „საქართველოს მაცნემ“, „პეგასმა“ და „საუნჯემ“. „პეგასმა“ პრიზები ყველაზე პატარა მონაწილეებისთვისაც დააწესა. საკუთარი წიგნები საჩუქრებად  ჟიურის წევრებმაც დაარიგეს. ექვსივე მონაწილე დავაჯილდოვეთ დიპლომებით, მთავარი პრიზი კი პირველ ადგილზე გასულისთვის გახლდათ კონკურსის სიმბოლო — მოოქრული ულამაზესი მედალიონი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია გოდერძისეული ბეკეკა. მედალიონი დაამზადა უნიჭიერესმა მოქანდაკემ პაატა გიგაურმა. სწორედ პაატა გიგაურის გაკეთებულია გოდერძი ჩოხელის საფლავის ქვაც.    

- ვინ იყვნენ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები?

- პირველ ადგილზე გავიდა და, შესაბამისად, ფულად პრემიასთან და წიგნებთან ერთად კონკურსის სიმბოლო — მედალიონი გადაეცა  მწერალ ნინო ქადაგიძეს. ნინო პირველი ადგილისთვის დაწესებული თავისი წიგნით დააჯილდოვა საკრებულოს თავმჯდომარემ გია ალიბეგაშვილმა. მეორე ადგილი დაიმსახურა მწერალმა ბაჩო კვირტიამ, მესამე — მწერალმა მარიამ წიკლაურმა. სპეციალური სამი პრიზი კი ლანა მანველმა, ნინია სადღობელაშვილმა და ნანა ჭიღლაძემ მიიღეს. რამდენიმე  პატარა მონაწილეც გვყავდა და მათგან საუკეთესო მინიატურის ავტორი- თეკლა ჭინჭარაული წიგნებით გამომცემლობა „პეგასმა“ და მე — ფონდ „კულტურათა დიალოგის“ სახელით  - დავაჯილდოვე“.

 კონკურს „ერეთგულების“ მთავარი, პირველი პრემიის მფლობელმა ნინო ქადაგიძემ მოზღვავებული ემოცია სიტყვითა და სიმბოლოს ფოტოთი იმავე ღამეს სოციალური ქსელ „ფეისბუკით“ გადმოსცა: 

 „გული არ მაქვს საგულეს. უუუბედნიერესი ვარ, გოდერძი ჩოხელის სახელობის პირველი პრემია მინიატურაში.. აი, ეს ცხვარი კიდევ იმ ოქროს ხელიანი ადამიანის ნახელავია, ვინც გოდერძი ჩოხელის საფლავის ქვა გააკეთა და მამა გაბრიელის საფლავს აკეთებს“.

© გივი ტუხაშვილილიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ნინო ქადაგიძე
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ნინო ქადაგიძე - Sputnik საქართველო
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ნინო ქადაგიძე

  იმავე ღამეს შეუძლებელი იყო მასთან გასაუბრება,  მირჩევნია დამშვიდებულ გულზე გაგიზიაროთ, რაც განვიცადეო. ამიტომ მასთან ინტერვიუ მხოლოდ მეორე საღამოს ჩავწერეთ.

- ნინო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ამ დიდ წარმატებას. 

- დიდი მადლობა. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ.

-  რა მინიატურა წარადგინე და რას ნიშნავს შენთვის გოდერძის სახელობის კონკურსში გამარჯვება?

- მე გავაგზავნე მინიატურა,,ტიმოთეანთ ჩუმალა“. გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსი „ერთგულება“ და მასში გამარჯვება კი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საპატიოა ჩემთვის, რადგან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ მწერლის მიმართ. ალბათ ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მისი წიგნები ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ბევრი ქართველისთვისაც, სამაგიდო წიგნებია. უბრალოდ, ის მინდა დავამატო, რომ როგორც ადამიანს ღმერთთან აქვს თავისი საკუთარი, ინდივიდუალური ენა, ასევე მკითხველსა და მწერალს აქვთ საკუთარი ენა, ოღონდ ამ შემთხვევაში მწერალი თითქოს გვერდით გიზის კითხვის დროს და თავისებურად გაკითხებს საკუთარ თავს. სიტყვას თავისი ძალა აქვს, მაგრამ გააჩნია  ვინ ამბობს, ვინ გეუბნება ამ სიტყვას… ასე მგონია, გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებში ყველაფერი გულის სისხლში ამოვლებული სიტყვებითაა დაწერილი. სხვანაირად ვერ იქნება ნამდვილი და ვერ მოიტანს იმ ემოციას, რაც მოაქვს.

- ნინო, სათაურით თუ ვიმსჯელებთ, თითქოს გოდერძის გმირებთან უნდა იყოს ახლოს. იქნებ ისიც მითხრა, ვინ არის შენი ტიმოთეანთ ჩუმალა და რას ფიქრობ, რით დაიმსახურა შენმა მინიატურამ პირველი პრემია, რატომ გამოარჩიეს?

- კი, სწორად გამოიცანით. ტიმოთეანთ ჩუმალა ერთი მშვიდი და წყნარი ქალია, ასე მიწერია- „მყუდროდმავალი“, რომელსაც თავისი თავი ქვეყანაზე გაჭირვებით დაჰყავს. ვფიქრობ, ალბათ ამ გმირს გოდერძის გმირებთან საერთო ის აქვს, რომ არც ესაა ამ ქვეყნისა. ზოგადად, არავინ ვართ ამ ქვეყნის ადამიანები, ეს გოდერძისთან მძაფრად  იგრძნობა — მარადიული მონატრება, მარადიული სიყვარული და მარადიული სევდაა მისი ნაწარმოებები. ალბათ ჟიურიმ ამ მინიატურაშიც ნახა რაღაც, რაც გოდერძის გმირისთვის იქნებოდა დამახასიათებელი. რთულია საკუთარ ნაწარმოებზე ლაპარაკი, მაგრამ ჟიურის წევრებმა გამოაცხადეს, რომ ლამაზი ქართულით იყო დაწერილი და სრულიად პასუხობდა ფორმით, იდეით, მოცულობით მინიატურის ჟანრს.

- დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გილოცავ ამ წარმატებას და კიდევ ძალიან ბევრ შემოქმედებით დღესასწაულს გისურვებ.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0