თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის საელჩო საქართველოში უკრაინული ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ერთ–ერთმა უკრაინულმა ინტერნეტ-გვერდმა გაავრცელა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერი "რუსთავი 2"–ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასთან. საუბრისას სააკაშვილი მათ აძლევდა რჩევებს ტელეკომპანიის დაცვასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარი იყო ბოევიკებზე, ბარიკადების აღმართვასა და კარვების გაშლაზე, რაც რევოლუციაში გადაიზრდებოდა. გვარამიამ დაადასტურა სააკაშვილთან აუდიოჩანაწერის ავთენტურობა.
„ჩაწერილი საუბრების გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი განცხადებების ადგილი არ არის.“– ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღებით აკვირდება.
„მივესალმებით პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ. ეს განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს საჭიროა დიალოგი და პოლიტიკური და მედიასივრცეების გაფართოება და არა შეზღუდვა“–აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.