თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. გასულ ღამეს რუმინეთის დედაქალაქში, ძლიერი ხანძარი მოხდა ღამის კლუბ Colectiv-ში, რომლის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ, იტყობინება Sputnik უზბეკეთი.
წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი შესაძლოა ფეერვერკი გამხდარიყო, რომელიც როკ-კონცერტის დროს გაუშვეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ კლუბის ხის ჭერი აალდა, ხოლო ერთადერთი გასასვლელისკენ დაძრული ხალხი ჭყლეტვაში მოჰყვა. სხვადასხვა მონაცემებით კლუბში იმ დროისათვისა 300-400 ადამიანი იმყოფებოდა.
„როცა სცენაზე ჯგუფი Goodbye to Gravity გამოვიდა, ფეერვერკი აანთეს, ჭერს ცეცხლი მოეკიდა. გაიხსნა მხოლოდ ერთი გასასვლელი და იქით დაძრული ხალხი ჭყლეტვაში მოყვა. ხალხმა ტრამვები მიიღო, ბევრი მათგანი ბრბოში გაიგუდა“, — თქვა ტრაგედიის ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
მისივე თქმით ფეერვერკი მაშინ გაუშვეს, როცა ჯგუფი კომპოზიციას ასრულებდა სახელწოდებით „დღე როდესაც მოვკვდებით“.
ქვეყნის შსს-მ განაცხადა, რომ კლუბში სამაშველო სამუშაოები უკვე დასრულდა.
თვითმხილველთა თქმით, ტრაგედიიდან პირველ საათებში, ბუქარესტის საავადმყოფოებს არ შეეძლოთ პაციენტთა მიღება თავისუფალი ადგილების არქონის გამო.
ბევრ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდას, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სხეულის 70-80%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდათ.
ჯანდაცვის სამინისტრომ ბუქარესტის მცხოვრებთ დაშავებულთათვის სისხლის გაღების თხოვნით მიმართა.
ხანძრის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოხანისმა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.