თბილისი, 30 ოქტომბერი —Sputnik.საქართველოს ექსპერეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებს, დასავლეთის და რუსეთს ერთნაირად სჭირდება, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარემ ბესიკ ალადაშვილმა
„ჩემი აზრით, ზოგადად პროექტი, „მიშა“ ეს არის დასავლეთის და რუსეთის ერთობლივი პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა მათ სჭირდებათ გარკვეული სიტუაციებისთვის. სააკაშვილი დასავლეთს სჭირდება უფრო როგორც „დემოკრატიის შუქურა“ ჯერ საქართველოში და ეხლა ოდესის ოლქში და უკრაინაში, ხოლო რუსეთისთვის კი მიხეილ სააკაშვილი არის დესტაბილიზაციის შეტანის კარგი რესურსის მქონე ადამიანი“–აღნიშნა ბესიკ ალადაშვილმა.
ექსპერტის აზრით, სანამ სააკაშვილი შეასრულებს ამ ფუნქციებს, ის ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.
უკრაინულმა პორტალმა მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან და ასევე უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან გიგა ბოკერიასთან საუბრების აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ტელეკომპანიის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ძალისმიერი ჩარევის აუცილებლობაზეა ლაპარაკი.
ჩანაწერთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა კიევს თანამშრომლობა სთხოვა.