საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღეს აღნიშნავს

© photo: SputnikТбилиси
Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ მედიაში ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა ყულაბების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც 14 წლამდე ბავშვები აგზავნიდნენ ნახატს სახელწოდებით ,,ოცნების ყულაბას“ და ასახელებდნენ დაზოგვის მიზანს.

თბილისი. 30 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა. დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება უკვე მეოთხედ,  30 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკის საკასო ცენტრში გაიმართა და  იგი ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა გახსნა, იტყობინება საქართველოს ეროვნული ბანკი. 

„საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას, რომლის გამართვა ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა და არის იმის შეხსენება, რომ ყველა ჩვენთაგანმა კარგად უნდა ვისწავლოთ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების სწორად განაწილება“, — განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და 5 ქართული კომერციული ბანკი: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი და ფინკა ბანკი.

წელს დაზოგვის დღე განსხვავებულად აღინიშნება. სოციალურ მედიაში ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა ყულაბების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც 14 წლამდე ბავშვები აგზავნიდნენ ნახატს სახელწოდებით,,ოცნების ყულაბას“ და ასახელებდნენ დაზოგვის მიზანს. 139 მონაწილედან გამოვლინდა 11 გამარჯვებული, რომლებსაც ეროვნულმა ბანკმა საკასო ცენტრში ექსკურსიაზე უმასპინძლა, ხოლო კომერციულმა ბანკებმა საბავშვო ანაბარი გაუხსნეს, რათა ბავშვებმა განაგრძონ თანხის დაგროვება საკუთარი მიზნებისთვის. გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ სხვადასხვა პრიზები და დაუმზადდათ დახატული ოცნების ყულაბები.

© // https://www.facebook.com/nbg.gov.ge/ეროვნულმა ბანკმა "ოცნების ყულაბის" გამარჯვებულებს პრიზები გადასცა.
ეროვნულმა ბანკმა ოცნების ყულაბის გამარჯვებულებს პრიზები გადასცა. - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა "ოცნების ყულაბის" გამარჯვებულებს პრიზები გადასცა.

მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს და მას 1925 წლიდან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. დაახლოებით 90 წელია გერმანული შემნახველი ბანკები (ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში) აღნიშნავენ და ორგანიზებას უკეთებენ მსოფლიო დაზოგვის დღეს. მსოფლიო დაზოგვის დღე, ან მსოფლიო მომჭირნეობის დღე, როგორც მას ადრე უწოდებდნენ, დაარსდა მსოფლიო შემნახველი ბანკების ინსტიტუტის (WSBI) მიერ და ხალხს აწვდიდა სახლში დაგროვებული ფულის ბანკში შენახვის იდეას. 1925 წლიდან მოყოლებული დაზოგვის დღე ბევრ ქვეყანაში იქცა ყოველწლიურ ტრადიციად და დანაზოგების წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.


ყველა ახალი ამბავი
0