„კამიკაძე“ ნაციონალები, ანუ „ს ვეშჩამი“ მართლმსაჯულებისკენ

© photo: SputnikТбилиси
Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა

  მერაბ ხაჩიძე

  ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სასაცილო ბევრი არაფერია, მაგრამ მაინც ძნელია, თავი შეიკავო, როცა ბარიკადებზე „პარიზელი კომუნარივით“ ამაყად მდგარ ნიკა გვარამიას წარმოიდგენ რკინის კეტით ხელში!… მიხეილ სააკაშვილთან მისი და გიგა ბოკერიას საუბრის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც პრეზიდენტყოფილი პირდაპირ და აშკარად მოუწოდებს „თავისიანებს“,  სიტუაცია ქვეყანაში ყველაფრის ფასად არიონ,  გაირკვა, რომ „კამიკაძე“ ნაციონალებმა სწორედ ასეთი დავალება მიიღეს.

 დავალება — დავალებად, მაგრამ „ბოევიკების“ ძებნა და ბარიკადებიდან მოწოდებები, მოდით და დაიცავით მიშას რუპორი ტელევიზიაო, იოლი საქმე რომ არ არის, ეს გვარამიამაც იცის და ბოკერიამაც. მით უფრო, როცა თავად ტელევიზიას არავინ ემუქრება და არც დასაცავად უნდა ჰქონდეს საქმე. დასაცავი მიშას იდეოლოგიაა და მისიანებიც შეძლებისდაგვარად ძვრებიან საკუთარი ტყავიდან, თუმცაღა  ამჯერად აშკარად შენელებული ენთუზიზმით.

 „…როგორ იყო, არ გვისმენს მთავრობა, მოგელანდათ ყველაფერიო?!..“ – იკითხა, უფრო სწორად აღიარა გვარამიამ სააკაშვილთან საუბრის თემაც და მისი ნამდვილობაც.

 „…მთავრობისგან უკანონო მოსმენები გრძელდებაო!..“ – უფრო შორს წავიდა გიგა ბოკერია და მეტიც, „მოამბის“ ეთერში სახალხოდ განაცხადა, რომ ასეთი საუბარი ნამდვილად შედგაო.

 29 ნოემბერს,,,რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა თავის საგანგებო განცხადებაში საგანგებოდ გაუსვა ხაზი რამდენიმე „საეჭვო’ ფაქტორს: პირველი – როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი უკრაინულ მედიაში?! მეორე  – საქართველოს ხელისუფლებამ თუკი იცოდა, რატომ არ გაასაჯაროვა ეს ამბავი დღემდე?! მესამე  – ჩანაწერის შინაარსი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისათვის!  მეოთხე და მთავარი – უნდა დადგინდეს ჩანაწერის მოპოვების ლეგალურობა! არც ბოლოში ამის უთქმელობა შეიძლებოდა – სხვასაც (ანუ ხელისუფლებას) ხომ უნდა დაბრალდეს ცოტა რამ მაინც;  აჯანყებას კი ვაპირებთ, მაგრამ თქვენ უკანონოდ გვისმენთო. ჯერ კიდევ ამ აზრზე მყოფებს, ალბათ უნდა განვუმარტო, რომ მიშა პროკურატურას ძებნილების სიაში ჰყავს და ამდენად, ძებნილის მოსმენა უკანონობა არ არის.

 რომელი ბარიკადები, სააკაშვილს საკუთარი ამალაც ხელიდან ეცლება. ისეთი არეულობა მოჰყვა ამ ყველაფერს, რომ განცხადება საკუთარი ჟურნალისტების დასამშვიდებლად და დასაშოშმინებლად უფრო გაკეთდა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში,,,რუსთავი 2“–ის ეთერიდან  ვინ გაბედავდა თქმას: – ჩანაწერები აქამდე რატომ არ გაასაჯაროვეთ და ეს ყველაფერი ცეცხლთან ცუდად თამაშიაო?!  ის კი არადა, ვინც ამ ჩანაწერს თავისი ყურით მოუსმინა, ბოკერია–გვარამიას ნირწამხდარ ტონში აცილებლად შენიშნავდა ნაკლებად იმედიან განწყობას –„ შენ მეისპე“ მიშა, ეს რა დღეში ჩაგვაგდეო?! ვიხუმრეთ და გვეყოფა! ახლა სერიოზულად ვკითხულობთ.

  რამდენადაც საზოგადოებისთვის გახლავთ ცნობილი, რამდენიმე დღეა, პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით უკვე აღძრული აქვს. ის, რაც მოისმინა, ნახა და გაიგო, ჩვენი პროკურორებისთვის საკმარისია, თუ როგორც ყოველთვის ჯერ კიდევ ადრეა და მაინცადამაინც იმას უნდა ველოდოთ, ეს ომის პროვოცირების სამზადისშიში მყოფი ხალხი თავისით და „ს ვეშჩამი“ რომ ჩაბარდება მართლმსაჯულებას?! ან სააკაშვილი როდის ჩაჯდება ციხეში თავისით?! „ამ იდიოტ უცხოელებს“ (სააკაშვილის ეპითეტია)  და საქართველოს ხელისუფლებასაც ვინ, როდის და როგორ აუხსნის, რომ ასე თუ გაგრძელდა, ბარიკადებს,,რუსთავი- 2“ კი არა, ქართველი ხალხი მოაწყობს. 

  ერთმა ჩემმა მეგობარმა ამას წინათ იხუმრა: ქვეყნის ხელისუფლებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი მართავს, ხოლო ხელისუფლების ოპოზიციას სხვა ქვეყნის მოქალაქე და ასევე ყოფილი პრეზიდენტიო?! ქართველებს სხვა სურვილები აქვთ – სულ სხვა და ზედმიწევნით ქართული სახელმწიფოს მოთხოვნით!

 

 

 

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0