,,საქართველოს მეგობარი რუსეთის მეგობარი აღმოჩნდა"

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშისარკოზისა და პუტინის შეხვედრა
სარკოზისა და პუტინის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა

  თამარ კვარაცხელია

,,მე რუსეთის მეგობარი ვარ!" — ეს სიტყვები ნიკოლა სარკოზის ეკუთვნის… საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით  რუსეთში იმყოფებოდა:,,რუსეთი იყო და არის მსოფლიოს უდიდესი,,დერჟავა". ევროპას ისე, როგორც არასდროს, მასთან სტრატეგიული პარტნიორობა სჭირდება", — განაცხადა ექს-პრეზიდენტმა ღია ლექციაზე, რომელიც მან საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ჩაატარა.

 მოგვიანებით, რუსეთის მოქმედი და საფრანგეთის ყოფილი პირველი პირების პირისპირ შეხვედრა ვლადიმერ პუტინის "ნოვო აგარიოვოს" რეზიდენციაში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ პუტინი სარკოზის,,შენობით" მიმართავდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ყოფილ კოლეგებს ერთმანეთი არ უნახავთ, მსოფლიოში უამრავი რამ მოხდა და სასაუბროც ბევრი დაგროვდა:,,ძალიან მიხარია, ნიკოლა, შენი ნახვა, თითქმის მთელი წელია, არ მინახიხარ, ბევრი დაგვიგროვდებოდა სასაუბრო", — მიმართა პუტინმა სარკოზის. თავის მხრივ სარკოზიმ რუსეთ-საფრანგეთის მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება:,,მეც მიხარია მოსკოვში ყოფნა. რუსეთი და ევროპა უნდა იყვნენ ერთად! მიუხედევად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თავის დროზე არსებობდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, მიხარია რომ ყოველთვის შეგვეძლო ერთმანეთთან საუბარი და კომპრომისის მიღწევა", —განაცხადა სარკოზიმ. 

 აღნიშნული შეხვედრა 2015 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა… 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან შვიდი წლის შემდეგ. აგვისტოს ომიდან გასული პერიოდი კი იმიტომ დავითვალეთ, რომ სწორედ მაშინ, საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა სარკოზი საქართველოს მეგობრად გამოაცხადა და  აქტიურად გაიძახოდა, საფრანგეთის პირველი პირის დამსახურებაა, რუსეთმა თბილისის აღება რომ ვერ გაბედაო:,,სარკოზიმ რუსეთი საქართველოდან გააძევა", — ამტკიცებდა სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანა. 

 როგორ იქცა სააკაშვილის მეგობარი პუტინის მეგობრად და საერთოდ, იყო თუ არა სარკოზი ოდესმე საქართველოს მეგობარი… 

 ამ თემაზე პოლიტოლოგ პეტრე მამრაძეს ვესაუბრეთ: "2008 წელს სარკოზიმ ჭეშმარიტად დიდი სამსახური გაუწია ქართველ ხალხს, მან კონფლიქტის დეესკალაციისთვის ყველა ზომა მიიღო. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ბრალი არაა, სააკაშვილმა ექვს-პუნქტიანი შეთანხმებიდან ის პუნქტი რომ ამოიღო, რომელზეც დიმიტრი მედვედევს ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა და რომლის მიხედვითაც, რუსეთი ე.წ. სამხ. ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ სცნობდა. მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს სარკოზიმ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთი მისი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, სააკაშვილის მხრიდან ის აეროპორტშიც კი აღარავინ გააცილა. ასე რომ, შარლატან სააკაშვილის პიარ-აქციებსა და ემოციურ აკვიატებებზე, თუ ვინ არის მისი მეგობარი, სერიოზულად საუბარი არც ღირს", — განაცხადა ჩვენთან საუბარში პეტრე მამრაძემ. 

 შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზი, ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით რუსეთში უკვე მესამედ იმყოფებოდა. ვლადიმერ პუტინმა ყოფილ კოლეგას ორჯერ მოსკოვში, ერთხელ კი- სოჭში უმასპინძლა. 


ყველა ახალი ამბავი
0