მანანა ტურიაშვილი
მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი მაყურებელი მოუთმენლად ელოდა გერმანელი ქორეოგრაფის, საშა ვალცისა და მისი სპექტაკლის — „დღიური I — რვას აკლია ოცი წუთის“ მსახიობების თბილისში ჩამოსვლას. რუსთაველის თეატრის დარბაზში ტევა არ იყო და წარმოდგენის დამთავრების შემდეგ მქუხარე ოვაციები დიდი ხნის მანძილზე არ წყდებოდა. მაყურებლთა ტაშის გრიალში გამოვიდნენ მსახიობები, გერმანელი ქორეოგრაფი საშა ვალცი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე. ქართველმა ქორეოგრაფებმა — ნინო და ილიკო სუხიშვილებმა — გერმანელ შემოქმედს გადასცეს მიხეილ თუმანიშვილის პრიზი.
საშა ვალცი: ,,აქ გატარებულმა დღეებმა მაგრძნობინა, რომ ამ ქვეყანაში თეატრალური ხელოვნების დიდი მუხტია. ჩემთვის პატივია ასეთი დიდი ადამიანის პრიზის მიღება. შეძრული ვარ და მიხარია, რომ ამ ჯილდოს მიღების სიხარულს თქვენთან ერთად ვზეიმობ”.
რეჟისორი გიზო ჟორდანია : ,,ძალიან მომეწონა სპექტაკლი, მისი იდეა, თემები. ამ წარმოდგენაში ცხოვრების სხვადასხვა მომენტების, სხვადასხვა ეპიზოდების საოცარი ახსნაა — ჭკვიანური, ორიგინალური, არაორდინალური. ეს არის ლტოლვა და ტრიალ ბედნიერებისათვის, კოსმოსისაკენ. ეს სპექტაკლი აბსურდის თეატრის აბსურდია და ამავე დროს — ძალზე რეალური.
—ბატონო გიზო, ეს ხუთი პერსონაჟი თითქოს მთელ სამყაროს ქმნის… დედა ჩინელი, მამა ფერადკანიანი…
- რა თქმა უნდა, აქ კულტურების შეერთება და ადამიანების ურთიერთობის გასაღებია მოცემული. ამაოება და ოპტიმიზმი თითქოს ერთმანეთშია არეული. აქ ნელ-ნელა იწყება, ვითარდება და საბოლოოდ ძლიერ ემოციურ ფორმებში ყალიბდება. თავისი საქმის დიდი ოსტატები არიან!
— ხუთი მსახიობი მონაწილეობდა და ისე იყო ყველაფერი აგებული, რომ მეგონა, ბევრნი იყვნენ...
- დიახ, საქმეც ესაა, რომ ისინი სამყაროს პერსონაჟები არიან და თან ბევრნი-მილიარდები. თითოეულ პერსონაჟში მილიარდია გამოხატული, თითოეულის განწყობაში — მილიარდის განწყობაა და სწორედ ეს არის საშა ვალცის დიდი ტალანატი
ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი: ამ სპექტაკლის ქორეოგრაფია არის მოდერნის სკოლა. პრივიტივიმზი — კონკრეტული კონცეფციით… მე მომწონს ასეთი ქორეოგრაფია, სადაც კონკრეტიკაა და ამავე დროს მოცეკვავის ინდივიდუალურობაც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ საერთო სცენებში და სინქრონულ მოძრაობებში გამეორებებია, რაც ჩემთვის მისაღები სვლაა. ეს არის ე. წ. „ჭკვიანი ბალეტი“, რომელიც ჩვენს ვიზუალურ მოძრაობებსა და ემოციას გადმოგვცემს. ვხედავთ, როგორ ვითარდება მთლიანობაში ნახაზი, საიდან შეიძლება წამოვიდეს, ვთქვათ, ერთი მოძრაობა და როგორ ვითარდება შემდეგში, რომ მერე მასიურში გადაიზარდოს. ან პირიქით — მოაკლდეს და მოაკლდეს… დღეს, ბევრი მუშაობს ასეთი მიდგომით, მაგრამ საშა ვალცს თავისი ხედვა აქვს და ის ძალიან ინდივიდუალურია… ფორმას იწყებს ერთი, ძალიან პრიმიტიული მოძრაობით და მერე ბოლოში ხვდები, რომ თურმე ამ მოძრაობიდან არის აგებული ესა თუ ის კომპოზიცია. ამიტომ ამ სპექტაკლს თვალყური უნდა ადევნო სცენის ორივე ფლანგზე — კუთხეში თუ სიღრმეში — სად, რა ხდება… რაც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ იქნება ან სინქრონი, ან რაღაც კულიმინაცია. ამ წარმოდგენაში მსახიობების მოძრაობა მუსიკასთან ერთად სუნთქავდა და ეს ძალიან მომეწონა. მუსიკალურ პაუზებზე იყო გაჩერებები და კონკრეტული რაღაც მოძრაობები — დაფიქსირება. ეს იყო გაკეთებული სუფთად, ამავე დროს მსუბუქად, პრიმიტიულად მოწოდებული და უმაღლესი ხარისხით შესრულებული. თითქოს არაფერში — სრული კანონიკაა. ზოგიერთ მომენტში ქაოსიდან ისეთი კანონიკური რაღაც იქმნება, რომ ყველა ერთიანდება ან სცილდება, ვთქვათ მთავარ გმირს. საშა ვალცი, სცენიდან სცენაზე შეუმჩნევლად გადადის და ყველაფერს, თითქოს ფინალური სცენისთვის ამზადებს…
- სპექტაკლში არაჩვეულებრივად ასრულებენ ეროტიკულ სცენას, თუმც ეროტიკულსაც ვერ დავარქმევდით…
- რაც მთავარია, ვულგარული არ იყო… ცოტა უხეში, მაგრამ ეს სცენა, შეიძლება წავიკითხოთ როგორც ქალისა და მამაკაცის დიალოგი. და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან ხარისხიანი სანახაობა.
რეჟისორი დათა თავაძე: ეს სპექტაკლი არის იმის მაგალითი, თუ რას შეიძლება ვუწოდოთ სხეულის მოწესრიგება და როცა მსახიობი ქმნის პრინციპით- „აქ და ახლა“. ეს წარმოდგენა გვიყვება, იმაზე, თუ რა ქმნის ყოფას: ჩვენ ვქმნით მას, თუ ყოფა გვქმნის ჩვენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ ვატრიალებთ ბორბალს როგორც ზაზუნები, თუ ბორბალი გვატრიალებს. ეს სპექტაკლი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ მომენტებს ეხება. ერთის მხრივ, — ბანალურს და მეორეს მხრივ, — საოცრად მდიდარს და ეროტიკულს. და ბოლოს, ამ სახლის ყველა ბინადარი თუ გამვლელი ერთიანდება იმ წრეში, რასაც ყოფა ჰქვია. ადამიანები ერთსა და იმავეს აკეთებენ მანამ, სანამ მათ სიკვდილი არ გააჩერებთ.
P. S. სპექტაკლის შემდეგ გერმანიის საელჩომ სტუმრების მიღება გამართა. ქართველი მაყურებელი რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში საშა ვალცს და სპექტაკლში მონაწილე ხუთ მსახიობს მქუხარე ტაშით შეხვდა. ქალბატონმა ქეთი დოლიძემ სტუმრების მოგზაურობაზე სიღნაღში და ბოდბის დედათა მონასტერის წინამძღვართან — დედა თეოდორასთან შეხვედრის შესახებ მოგვითხრო. მიღებით და მონასტრის სილამაზით აღფრთოვებულ საშა ვალცს სახელდახელოდ ხალიჩა გაუშლია, ფეხზე გაუხდია და იმპროვიზაციული ცეკვა დაუწყია. მას ნელ-ნელა შეურთდა ჯერ ერთი, მერე — მეორე, მერე — მესამე მსახიობი… ასე შეიქმნა წმინდა ადგილის სახოტბო, იმპოვიზაციული მოძრაობა-ოპუსი, თითქოს ლოცვაც, რითიც ქორეოგრაფმა და მისმა გუნდმა მადლიერება გამოხატა.