თბილისში ირანის ორი მოქალაქე გაძარცვეს და ღამის კლუბში ჩაკეტეს

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღამის კლუბის თანამშრომლებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ფული წაართვეს, შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბარის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა ირანის ორ მოქალაქეს ფული წაართვეს და თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში ჩაკეტეს. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შსს-მ 1980 წელს დაბადებული გიორგი წ. და 1981 წელს დაბადებული გიორგი ჩ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის, ხოლო 1982 წელს დაბადებული გიორგი ც, 1986 წელს დაბადებული დავით ნ. და 1968 წელს დაბადებული ხათუნა ც. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

 „საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა ორ კლიენტს — ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ფული წაართვეს, შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბარის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს“, — ნათქვამია შსს-ს შეტყობინებაში.

 გამოძიება გიორგი წ-ს და გიორგი ჩ-ს მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე და 178-ე მუხლებით), ხოლო გიორგი ც-ს, დავით ნ-ს და ხათუნა ც-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

 

ყველა ახალი ამბავი
0