გაბრაზებულ ხალხს გამშველებელი პოლიცია სჯობს!

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა

  მერაბ ხაჩიძე

 ნიკა გვარამიას უკვე ყოველდღიური განცხადებით, უახლოეს მომავალში ხელისუფლება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ აღებას გეგმავს და ამის გამო სპეციალური დანიშნულების რაზმები, ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე.

 არა, რა! ამათ თუ წარამარა საკუთარი ცოდვები არ შეახსენე, სხვაგვარად არაფერი გამოვა. 2007 წელს „იმედში“ „ყაზარმული მდგომარეობის“ გამოუცხადებლად რომ შეიჭრა ჯარი და პოლიცია, მაშინ გვარამია პროკურორი არ იყო?! შეახსენე რამდენჯერაც გინდა, ესეც ახსოვს და ისიც იცის, რუსთავი 2-ში რომ არავინ შეუვარდება, მაგრამ მაინც „ჩახვეულივით“ იმეორებს ერთსა და იმავეს. პატრონებს ეძახის და ეხვეწება — მომეშველეთ, თორემ ჩემს იმედზე დაწყებული საქმით შორს ვერ წახვალთ, გეცლებათ ხელიდან აგიტაცია-პროპაგანდაო. 

 მართალიც არის. გვარამია დირექტორია და არხის მეპატრონემ, ძველმა თუ ახალმა, ყოველგვარი „სპეცნაზების“ გარეშე შეუძლია აუკრას გუდა-ნაბადი. 

 არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ „რუსთავი 2-ის“ თემა „მოდურია“, ჩვენ კი ფეხის ხმას აყოლილები ვართ. ამ ხალხს „ნაცმოძრაობის“ პრობლემებზე მეტად არაფერი აწუხებთ და დაცვის სურვილის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია, ტელევიზიად წოდებული კლანური რუპორის გვერდით დგომა. მით უმეტეს, როცა სათქმელი სხვაც ბევრია და არა მარტო მათი მისამართით.

 ამ განცხადებას როგორც ყოველთვის, დაუყოვნებლივ მოჰყვა შს სამინისტროს განცხადება, რომელსაც უცვლელად (სტილიც დაცულია) გთავაზობთ:

 „ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის ნ. გვარამიას განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თითქოს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები, ტელეკომპანიაში შეჭრის მიზნით, გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე, არის სრული სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია.

 ნ. გვარამიას მედია-მიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას.

 კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია, რათა დაიცვას მოსახლეობის სიმშვიდე და უსაფრთხოება“.

 ჯერ ერთი, ვისი და რისი შიში სჭირს და რატომ არის დარწმუნებული ამ გაუთავებელ მობოდიშებაში დამდნარ-განაზებული შსს, რომ „რუსთავი 2-ის“ ტერიტორიაზე შესვლა არ მოუწევს?! სასამართლოს მიერ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, გვარამიას „სასტავი“ იქიდან გამოსვლას არ აპირებს და მოსალოდნელ მოვლენებს შსს არ დასჭირდება?! თუ სეირს უნდა ვუყუროთ?! თუ ის არ არის საფიქრალი — საპირისპირო განაჩენის გამოტანას რამდენი „ბედნიერი და კმაყოფილი“ ეყოლება ქვეყანაში?!  იმაზე მაინც ეფიქრათ, როგორ გამოვლენ მომავალი მობოდიშების მდგომარეობიდან. არადა მოუწევთ!

 არც ის არის გამირიცხული, რომ განცხადებების მიუხედავად, გვარამიასაც მოუწიოს არჩევანის გაკეთება. მე პირადად უკმაყოფილო ხალხის პირისპირ დარჩენის ნაცვლად, პოლიციისგან დაცვას ავირჩევდი. ნაპროკურორალ გვარამიასაც ასე ვურჩევ. სიტყვას — ჟურნალისტს და კოლეგას მეთქი ვერ ვიტყვი… 

 

 

 

რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორის მოსაზრებას!


ყველა ახალი ამბავი
0