ჭიჭიკიას წითელი გოჭი თუ სტალინის სურათი?!

გამოწერა

 თამაზ ჩიქვანაია

ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენდა: ჭიჭიკია ეკითხება ბიჭიკიას – გამოიცანი  რა არის, წითელია, ჭყვიტინებს და როიალზე დევსო. ვერ გამოიცნო ბიჭიკიამ და მითხარი პასუხიო. გოჭიო, უპასუხა ჭიჭიკიამ. რატომ წითელი და როიალზე რა უნდაო. გოჭი ჩემია, რა ფერადაც მინდა შევღებავ და სადაც მინდა იქ დავდებო,- იყო პასუხი. რკინის ლოგიკაა — ვერაფერს ვიტყვი.

 ახლა, ეს ანეკდოტი რამ გამახსენა, იცით? ჯერ იყო და გოგი თოფაძემ წამოჭრა თემა სტალინის სურათი ყველამ უნდა დაკიდოს „ზალაშიო“, ამას ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა, რა უჭირს, თქვა მარა მაინც ჩვენი კაციაო. შემდეგ უფრო მკაცრი და სერიოზული შეფასებები მოჰყვა. ჯერ პრემიერმა დაგმო თოფაძის „იდეა“, მერე კი, სულაც მთავრობამ  მოაწყო კოლექტიური სასამართლო და, კონსტიტუციის სათანადო მუხლების მოშველიებით, ლამის მიწაში ჩადეს ლუდის მეფე პარლამენტარი. რომ ვაკვირდები, აქ, იოსებ ბესარიონოვიჩი არაფერ შუაშია. საკითხავი სხვა რამეა: პატივცემულო კანონშემოქმედებო, პოლიტიკოსებო და საზოგადო მოღვაწეებო, საქმე გამოგელიათ? სხვა ყველაფერი ხომ შვეიცარიული საათივით გვაქვს აწყობილი, ჰოდა, ახლა მოდით გავმართოთ პოლემიკა სტალინის სურათი უნდა მეკიდოს თუ არა!!!

 მთლად სურათის ჩამოკიდებაზე არა, მაგრამ 2013 წელს ჩვენი ახლანდელი პრეზიდენტისეული შეფასებაც მახსოვს სტალინის თაობაზე და მარგველაშვილის ციტატას მოვიყვან: 

„ორი მსოფლიო ომი  იყო ევროპის უდიდესი ტკივილი და უდიდესი კატასტროფა, რომლის შედეგადაც, კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნებამდე, როგორ უნდა იცხოვროს ერთობლივად ევროპამ. სტალინს ამ გამარჯვებაში ლომის წილი აქვს, შესაბამისად, სტალინს მომავალში აღიქვამენ, როგორც ძალიან დიდ პოლიტიკოსს და ძალიან დიდ მხედართმთავარს“.

 ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: ბატონებო! კაცობრიობის ისტორიაში სტალინის როლს და ადგილს ვერც გადამდგარ-დასკუპებული პრემიერები და პრეზიდენტები და ვერც მოქმედი თუ უმოქმედო პოლიტიკოსები ვერ გადაწყვეტენ. ამისთვის არსებობს გაცილებით დიდი მსაჯული – ისტორია და სწორედ ის მიუჩენს (თუ უკვე არ მიუჩინა) კუთვნილ ადგილს სოსო ჯუღაშვილს.

 ხოლო, ჭიჭიკია თავის წითლ გოჭს უნდა „ზალაში“ დადებს როიალზე და უნდა “სპალნაში“ ჩამოკიდებს „ჩაკარტიჩკებულს“.

  ასეა ეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0