ნახატები სიყვარულსა და სიკეთეზე

© სალომე გურგენიძენინო ჩაკვეტაძე - "ბებიასთან".
ნინო ჩაკვეტაძე - ბებიასთან. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ჩაკვეტაძე: ადამიანმა ბავშვური გულწრფელობა ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს.

 სალომე გურგენიძე

 ეს ნამუშევრები მნახველს ბავშვობაში აბრუნებს და საოცარ ემოციებს იწვევს. პერსონაჟებს სევდიანი, მაგრამ მართალი, ბავშვივით პირდაპირი მზერა აქვთ. რადგან მხატვრობა ბედნიერების განცდაა, მთელ დროს საყვარელ საქმეს უთმობს. ჩვენი სტუმარია მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე.

 - ქალბატონო ნინო, თქვენი ნახატები სითბოთი და ნოსტალგიით არის სავსე.

 - რაც წლები გადის, ნოსტალგია უფრო და უფრო მატულობს, რადგან ვშორდები იმ ბედნიერ წლებს, როცა ძალიან ბევრი კარგი ადამინია იყო ჩემს გვერდით…

 — თქვენს ერთ-ერთ გამოფენას „ბავშვობაში დაბრუნება“ ერქვა. როგორია სამყარო, სადაც ხშირად ბრუნდებით? 

- თბილი, სიყვარულით სავსე, ბოროტების გარეშე.  რაც მთავარია, მშვიდი. რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ ხდება. ბავშვობაშიც არის განცდები, მაგრამ იმ სამყაროში, ძირითადად, დიდი, ძალიან დიდი სიყვარული იყო.

 - ქალბატონო ნინო, როგორი ბავშვი იყავით?

 - საკმაოდ მორცხვი. თუმცა,აქტიური თამაშები მომწონდა. მთელი ბავშვობა ეზოში მაქვს გატარებული. ხეებზე დავძვრებოდით, ველოსიპედით ვჟონგლიორობდით, ათასნაირი თამაშით ვიქცევდით თავს. დასანანია, რომ ეს თამაშები ახლა იკარგება, აღარავის ახსოვს. 3-4 წლისას  წარმოსახვითი მეგობრები მყავდა და მათთან ვთამაშობდი. ეს მქონდა ცოტა განსხვავებული… 

- ვიცი, რომ ამ კითხვას ბევრი გისვამთ. რატომ არიან ასეთი სევდიანები თქვენი გმირები?

 - ვფიქრობ, ეს ბუნებრივია. არ ვარ ისეთი განწყობის, რაღაც დიდად მადარდებდეს, თუმცა ვთვლი, რომ ცხოვრება სევდის გარეშე არ არსებობს. ზოგიერთ ნახატში, სადაც სხვები სევდას ხედავენ, ჩემთვის მეოცნებე, დაფიქრებული პერსონაჟია, რომელიც რაიმე დიადზე ოცნებობს. ისე, დავაკვირდი, რომ ამ „სევდის“ გამოც ბევრ ადამინს მოსწონს ეს ნახატები.

- თქვენ თუ გავხართ თქვენს პერსონაჟებს? 

- ძალიან მშვიდობის მოყვარე ვარ. ვერ ვიტან დაძაბულ და კონფლიქტურ სიტუაციებს. ოჯახი, სადაც გავიზარდე, სიმშვიდით გამოირჩეოდა.  წარმოიდგინეთ, კამათიც კი არ მიყვარს.

- ქალბატონო ნინო, როგორც ვიცი, 2007 წელს საბავშვო წიგნების ილუსტრაციების ხატვაც დაიწყეთ… 

- დიახ. მას შემდეგ ბევრი წიგნი მაქვს გაფორმებული. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით დავიწყე. პირველი წიგნი იყო „ბერძნულ რომაული მითები და ზღაპრები“, შემდეგ — „ბიძია სევას ამბები“, „დედა-ენა“. ბოლო წიგნი იყო გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრები“. 

- რა არის თქვენი ნახატების ძირითადი სათქმელი? 

- იყოს მშვიდობა, სიყვარული და სიკეთე…

- ქალბატონო ნინო, გაიხსენეთ რომელიმე ნახატის შექმნის ისტორია… 

- ერთხელ, დეკემბერში, მოხუც წყვილს მოვკარი თვალი. ქმარს ძალიან უჭირდა დგომა, ცალი ხელით ცოლს ეყრდნობოდა და მეორეთი საგზაო ნიშნის ბოძს. თითქოს მთელი მათი მთელი ცხოვრება ჩანდა ამ ერთ სურათში. ნანახმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ შინ მისულმა, იმ საღამოსვე დავხატე… 

 - საინტერესო იქნება თქვენი პასუხი, რომელი ბავშვური თვისებები უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა? 

- ალბათ, გულწრფელობა. რაც უფრო ვიზრდებით, ვვუხეშდებით ვცრუობთ. როგორც ჩანს, ამას გარემოც განაპირობებს. ბავშვები უფრო სუფთები და გულწრფელები არიან. 

- გვითხარით დღეს რა ხდება თქვენს შემოქმედებაში? 

- წლეულს, გაზაფხულზე, საკუთარი გალერეა გავხსენი და ახლა ჩემს გალერეაში საშობაო გამოფენის მოსაწყობად ვემზადები.


ყველა ახალი ამბავი
0