თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აშშ–ის ელჩთან, იან კელისთან (Ian Kelly) განიხილა, — საქართველოს პრემიერის პრესსამსახური.
საქართველოში ვითარება ტელეკომპანია „რუსთავი2–ის“ სასამართლო პროცესთან და მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დაიძაბა, რომელზეც ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან ადამიანების წამებისა და გაუპატიურების კადრებია აღბეჭდილი.
„საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. ამავე კონტექსტში აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მხარეებმა რეგიონში არსებულ მდგომარეობისა და ასევე საქართველოსა და აშშ–ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს და აშშ–ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას ხელი 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში მოეწერა. ქარტიის ფარგლებში 2009 წლის ივნისში რიგ მიმართულებებზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.
დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირების გაფართოებასა და თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.