„ცისფერი ეკრანის“ შავი ლაქები

© http://www.tavisupleba.org/archive/geo-society/20130101/1008/1008.htmlწამების ამსახველი კადრები თბილისსა და ზუგდიდში ქუჩებში აჩვენეს
წამების ამსახველი კადრები თბილისსა და ზუგდიდში ქუჩებში აჩვენეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი ფაქტია, დღეს დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რომ სადღაც, რომელიმე კომპიუტერში არ ინახება მისი ცხოვრების ამსახველი კადრები და მომავალში ისიც არ გახდება შანტაჟის მსხვერპლი.

 სულხან მელაძე

  ახალს და განსაკუთრებულს არაფერს ვიტყვი. წამი წამს მისდევს, წუთი წუთს ანაცვლებს, წამზომი ჩართულია და დრო საოცრად სწრაფად გარბის. ზოგჯერ უკან მოხედვის მეშინია. ვცდილობ გავერკვე — დავტოვეთ თუ არა წარსულში სირცხვილნარევი ტკივილი, რაც ძალიან არ მინდა ყოველი ჟამის თანმხლები იყოს. რომელი ერთი? შესაძლოა იკითხოს მკითხველმა და ვიტყვი, რომ კითხვაზე პასუხი აქვე არის და არა სადღაც ძალიან შორს. 

 სამ წელზე მეტი გავიდა იმ ავადსახსენებელი დღიდან, რომელმაც ფსიქიკურად ჯანსაღი და მყარი მორალური პრინციპების მქონე ყოველა ადამიანი შეძრა. დიახ, საუბარია იმ დღეზე, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები გავრცელდა. 2012 წლის 18 სექტემბერს საზოგადოებამ უკვე საკუთარი თვალით იხილა ის, რისი ეჭვიც არსებობდა და რაზეც მუდმივად საუბრობდნენ პოლიტიკური ოპოზიცია და უფლებადამცველები. იყო სრული შოკი. აღშფოთება და სიძულვილი სრულად არ ასახავს საზოგადოების განწყობასა და იმხანად ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას. სწორედ იმ დღეს საბოლოოდ გადაწყდა ხელისუფლების საკითხი. საპარლამენტო არჩევნებამდე ცამეტი დღით ადრე, გონიერთაგან ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ძალაუფლებასთან განშორება მოუწევდა. 

 „სისტემა უნდა დაინგრეს“ — შეთანხმდა მისი უდიდებულესობა ხალხი და არჩევანიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაკეთდა. გამოითქვა მოსაზრება, რომ 18 სექტემბერს საზოგადოებამ ე.წ. „ციხის კადრების“ მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილი იხილა. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ეს მოსაზრება უსაფუძვლო არ ყოფილა. უფრო მეტიც, მალევე პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებსაც მიაკვლიეს. დროსა და სივრცეში ყოველი მომდევნო „მიგნება“ მხოლოდ ამყარებდა მოსაზრებას, რომ უკანონოდ მიყურადება და თვალთვალი წლების მანძილზე ქვეყნის მართვის შემადგენელ ნაწილად და ცხოვრების წესად იქცა. 

 ახლა დეტალურად არ მოვყვები რომელ კონკრეტულ კადრს რა ბედი ეწია, კანონის წინაშე ვინ აგო პასუხი და ვინ არა, ჩანაწერების რა მოცულობა განადგურდა და კიდე რა შეიძლება ვიხილოთ მომავალში.

 საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. თუ „მკვლევარებს“ დავუჯერებთ, „ქართული ოცნების“ რეიტინგი მკვეთრად დაეცა და მას, მთელ რიგ შემთხვევებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უსწრებს. კვლევის შედეგების გაანალიზება და შეფასება ვერ მოესწრო. საზოგადოების ყურადღება საქართველოს ციხეებში წამებისა და არადამიანური მოპყრობის ამსახველმა უკრაინული საიტით გავრცელებულმა კადრებმა მიიქციეს და გაირკვა, რომ  საკეთებელისა არ იყოს, სანახავიც ჯერ კიდევ ბევრია. 

 მოგვეცა საფიქრალი. კითხვებიც მრავლად არის. ამჯერად ვინ და რატომ ავრცელებს ე.წ „ციხის კადრებს“. პასუხებიც იქვეა. დამაჯერებელი ტონის მიუხედავად, მხოლოდ ვერსიების დონეზე.  „ქოცები“ აბრალებენ „ნაცებს“ და „ნაცები“ — „ქოცებს“. 

ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი: „დასადგენია, ვის განკარგულებაშია ეს კადრები. თუ სახელმწიფო სტრუქტურის, მაშინ გასარკვევია, საზოგადოების ფართო ფენებისათვის ასეთი კადრების ჩვენების რა პროცედურა არსებობს. რამდენად დაცულია ეს ინფორმაცია? ვინ ღებულობს ზოგადად გადაწყვეტილებას და, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ვინ მიიღო გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ პირველად კადრები გამოჩნდა საქართველოს გარე ვირტუალურ სივრცეში — ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე. ამბობენ, რომ კადრების გავრცელების ინიციატორი იყო უკრაინელი ოლიგარქი, დნეპროპეტროვსკის ვიცე-გუბერნატორი იგორ კოლომოისკი. (მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ერთად ძოვდნენ“) მას სერიოზული კონფლიქტი აქვს სააკაშვილთან.

ფაქტია, რომ ასეთი კადრების განადგურება და დამალვა არ შეიძლება,მეორეს მხრივ მათი გავრცელება უზნეო ქმედებაა. ის პირები, ვინც ამის უკან დგანან, კანონის წინაშე უნდა აგებდნენ პასუხს. ადამიანი ან ოჯახი შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლი, ამ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში კი მათზე ხორციელდება კიდევ ერთი ფსიქოლოგიური შეტევა. ეს ნორმალურ დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუღებელია“.

 არის განსხვავებული მოსაზრებაც, რომელსაც განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები.  თავად ჯერ კიდევ „მთავარი“ ოპოზიციური „გუნდის“ შიგნით ბოლო დროს დაწყებული რღვევის პროცესი ამას საკმაოდ რეალისტურად წარმოაჩენს.  

არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი: „დღეს საინტერესო ტენდენცია იკვეთება. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული რამდენიმე პირი, ადრე ხელისუფლებაში რომ იყვნენ და ახლა არასამთავრობო სექტორში საქმიანობენ, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის ძირითადი ნაწილისგან დისტანცირებას ცდილობს. თუ ამავე ლოგიკას გავყვებით, შესაძლოა ძალიან აბსურდულად არ გამოჩნდეს ის ვერსია, რომ ეს კადრები ისევ ნაციონალური მოძრაობიდან ვრცელდება ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის წინააღმდეგ“.

 ამ ვერსიას „ნაცებთან“ ასოცირებული ექსპერტები და მედიასაშუალებები არ იზიარებენ. სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი „რუსთავი 2“  აშკარად ცდილობს მისი ფავორიტი პოლიტგუნდის  მმართველობის პერიოდში საქართველოს ციხეებში არსებული ვითარება ნაკლებად მძიმე ფერებში წარმოაჩინოს და კადრების გავრცელებაში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულოს.

ალექსანდრე რუსეცკი: „მიუღებელია ის ფაქტი, რომ ე.წ. „სიტყვის თავისუფლების“ ცნებას ბევრი,  როგორც უნდა ისე ირგებს. ნებისმიერი თავისუფლება და უფლება უნდა იყოს განხილული ერთიან სისტემაში. ამ კადრების ასეთი სახით გავრცელება პირველ რიგში ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს. საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასება ამ შემთხვევაში გამოირჩეოდა ადეკვატურობით. როგორც მოქალაქე, ვიტოვებ იმედს, რომ მმართველი კოალიციის წარმომადგენლები უფრო მკაფიოდ გამოხატავენ  პოზიციას. ყველა საქმე უნდა გამოიძიონ და აქ მთავარი როლი ეკისრება პროკურატურას და სასამართლოს. ყველა დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს“.

 ისიც ითქვა, რომ გავრცელებული კადრების გარკვეული ნაწილი რეალობას არ ასახავს და მავანთა ფანტაზიის ნაყოფია.

 არჩილ გამზარდია: „ვინც ამბობს, ეს სცენები დადგმულიაო, ის თანამზრახველია იმ ბოროტმოქმედების, ვინც ეს სასტიკი რეჟიმი და რეალობა შექმნა, ვინც ამ საშინელებას და კადრების გავრცელებას ერთნაირად აფასებს. როგორ შეიძლება, გამკეთებლის და გამავრცელებლის შედარება?!“

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“ — ის მოტივი და მცდელობა, ჩაბანოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ახსნა-განმარტებასა და ზედმეტ დასაბუთებას არ საჭიროებს. საკითხავი ისაა, „ქართული ოცნება“ რატომ უყურებს ამ პროცესს მშვიდად და საერთოდ, ამჩნევს რომ ნაბანი წყლით თავად იწუწება?

 ამასობაში პრეზიდენტმა „სულზე მოგვისწრო“. ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ მასალასთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და მათ საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. „რამდენი ადამიანის მიმართ წარმოებდა ან წარმოებს სამართლებრივი დევნა, რამდენი ადამიანი არის მიცემული პასუხისგებაში, — საზოგადოებას ეს აინტერესებს, რათა ჩვენ გაგვიმყარდეს განცდა, რომ სადისტები და მოძალადეები არიან სამართლიანად დევნილნი და მათ საზოგადოება, ისევე როგორც პოლიტიკური სისტემა, არასდროს არ შეუნდობს იმას, რაც კეთდებოდა'', — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 რა იქნება ხვალ, არავინ უწყის. ერთი ფაქტია, დღეს დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რომ სადღაც, რომელიმე კომპიუტერში არ ინახება მისი ცხოვრების ამსახველი კადრები და მომავალში ისიც არ გახდება შანტაჟის მსხვერპლი.   

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0