თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ კოლეგას აჰმეთ დავითოღლუს (Ahmet Davutoğlu) რესპუბლიკის დღე მიულოცა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს.
თურქეთში რესპუბლიკის დღე (Republic Day in Turkey) 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის (Cumhuriyet Turkiye) გამოცხადების აღსანიშნავად იმართება. ამ დღეს ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებები შეიტანეს, რომლის შედეგადაც ოსმანეთის იმპერია დაიშალა და თურქეთი რესპუბლიკა გახდა.
„ჩემთვის სასიხარულოა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთს შორის რიგ სფეროებში წარმატებით ვითარდება, რაც განსაკუთრებული მეგობრობის უტყუარი გამოხატულებაა. გიდასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, საერთო ინტერესების ყველა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს", — ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
პრემიერმა თურქეთის მოსახლეობას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.