თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს დამოუკიდებლობა დაასამარა, — განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სერგო რატიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკო,პანია „რუსთავი 2"–ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე, დაყადაღებულია არხის ქონება და მისი მფლობელების წილები, აგრეთვე ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. „რუსთავი 2–ის“ ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად და სიტყვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნევს.
„ივანიშვილმა სასამართლოს დამოუკიდებლობა დაასამარა. მას სურს, "რუსთავი 2"-ზე ძალისმიერი მეთოდებით იერიში მიიტანოს და ამით სიტყვის თავისუფლება დაასრულოს“, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა.
„რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დარწმუნებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის არაობიექტურობაში და ამტკიცებს, რომ ის ტელეარხის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს, რომელსაც სპეცრაზმის დახმარებით აღასრულებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არხის გენერალური დირექტორი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.